კოალიცია “ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება”, მიუხედავად სადავო საარჩევნო ოლქების არსებობისა, საპარლამენტო უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში, რაც მას უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - მთავრობის ჩამოყალიბების უფლებას აძლევს. ხელისუფლების ტვინში მოხარშული კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, რომელიც ორიოდე წლის წინ სააკაშვილმა “ელასტიკებივით” ამოიცვა ფეხებზე, ამჟამინდელი საპრეზიდენტო მმართველობის მოდელი საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, რაც ამ კანონმდებლობის ავტორების მიხედვით ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად პარლამენტში ოპოზიციის მიერ გამარჯვების მოპოვებისა, ხელისუფლების მთავარი ბერკეტები მაინც პრეზიდენტის ხელშია დატოვებული, ანუ პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს პარლამენტის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მიერ შერჩეული მინისტრთა შემადგენლობა, ხოლო, თუ პარლამენტი უარს იტყვის პრზიდენტის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებაზე, მაშინ მას აქვს უფლება მისი ნებართვის გარეშე დაამტკიცოს მთავრობა.
პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს მისი არჩევიდან 6 თვის განმავლობაში, მაგრამ, ამავე დროს, პრეზიდენტი კონსტიტუციის 73-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად: “უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები” ასევე, პრეზიდენტი ითვლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად და თავად აკომპლექტებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას.
მოქმედ პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილების ვადა 2013 წლის ოქტომბერში ეწურება. პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი იმდენად გართულებულ სამართლებრივ პროცესს მოითხოვს, რომ თითქმის შეუძლებლის კატეგორიაში გადის.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ქვეყანა ამ დაკოდილი კონსტიტუციის თანახმად ისევ სააკაშვილის ხუშტურების სათარეშოდ არის განწირული.
მართალია, უშიშროების საბჭოს მდივანმა, ბოკერიამ დაგვაიმედა, რომ ნაცბელადი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არ წავა, მაგრამ წარმოიდგინეთ, კონსტიტუციურად ჯერ კიდევ საკმაო უფლებამოსილების მქონე სააკაშვილის ინტერესები, როცა დაუპირისპირდება რეალური სახალხო მხარდაჭერისა და საკანონმდებლო უმრავლესობის მქონე ივანიშვილის ხელისუფლებას, თუ რა პოლიტიკური ვითარების წინაშე აღმოჩნდება სახელმწიფო, რაც შეიძლება შეფასდეს ფაქტობრივად, როგორც ორხელისუფლიანობა და პოლიტიკური აბსურდი.
აღნიშნული თემის შესახებ ისაუბრა კოალიციის ლიდერმა ბრიფინგზე და სავსებით გულწრფელად მიიჩნია ეს პრობლემა კონსტიტუციურ ნაკლად და გადაუწყვეტელი პრობლემების შექმნის კატალიზატორად. სწორედ ამიტომაც მან ეჭვ ქვეშ დააყენა სააკაშვილთან თანამშრომლობის პერსპექტივა და მას გადადგომისაკენ მოუწოდა. ამგვარი მოწოდება მოქმედი პრეზიდენტის კედელზე მიყენებას ნიშნავს, რაც, ერთის მხრივ, სააკაშვილის ძალაუფლების მოყვარულობიდან და მისი დაკარგვის შემთხვევაში ნაცმოძრაობის გუნდის წარსული დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო მის მიმართ მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, სააკაშვილის მხრიდან სწრაფ საპასუხო რეაგირებას მოითხოვს, თუმცა სამოქმედო არეალი მას ძლიერ შეზღუდული აქვს.
საკუთარი ინტერესების აგრესიულად დაცვის შემთხვევაში, ფრთამოტეხილ, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც პრეზიდენტის სტატუსის მფლობელს მოუწევს დაპირისპირება არჩევნებში გამარჯვებულ დიდი სახალხო მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ ძალასთან, ხოლო მეორე მხრივ, თუ ის არ დაიცავს შერჩენილ ძალაუფლებას, რაც ნაცმოძის ბირთვის ხელშეუხებლობის გარანტიაა, მაშინ იგი აღმოჩნდება საკუთარი თანამებრძოლების თავდასხმის ობიექტი. მაშასადამე, ამ სიტუაციაში სააკაშვილი პოლიტიკური დილემის წინაშე დგას, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური ცხოვრების კანონზომიერება, ვფიქრობ, მას მალე შემოაგლეჯს იმ კოსტიტუციას, რომელიც აბჯარივით აქვს აფარებული და ხელისუფლების სრულ დაკარგვასთან შეაგუებს, რაც მის გადადგომას გარდაუვალს გახდის.
ასეა თუ ისე, როგორც ვხედავთ, ხელისუფლების სრული ცვლილების პროცესი ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა ამ პროცესის დასრულების კონტურები აშკარად გამოკვეთილია.
რაც შეეხება ივანიშვილის კოალიციის წინაშე წამოჭრილ პრობლემებს, მთავრობის კაბინეტის ჩამოყალიბების შემდგომ მას მოუწევს უახლოეს პერიოდში საარჩევნო დანაპირებების შესრულების დაწყება, რასაც ართულებს ნაცრეჟიმის მიერ დატოვებული მწვავე პრობლემების სასწრაფოდ აღმოფხვრის აუცილებლობა. აღნიშნულ ბრიფინგზე გამოჩნდა, რომ კოალიციის ლიდერსა და მომავალ პრემიერ-მინისტრს გაცნობიერებული აქვს ამ პრობლემათა გადაჭრის სირთულეები. ერთ-ერთი მათგანი დაკავშირებულია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან, რომლის აღსრულება რეჟიმის მიერ ათასობით ადამიანის დარღვეული უფლებების საყოველთაო მოგვარებაზეა დამოკიდებული.
საზოგადოებრივი ნდობის დასამკვიდრებლად ახალი ხელისუფლების დღის წესრიგში ეს საკითხი პირველი უნდა იყოს, რადგან სინამდვილეა, რომ უამრავი ადამიანი უსამართლოდ იტანჯება ციხეში, ხოლო უამრავს სახელისუფლო მაფიის მიერ ქონება უკანონოდ აქვს ჩამორთმეული და ყოველი მათგანი იმედით ელოდება მათ მიერ მხარდაჭერილი ახალი მთავრობის მხრიდან სამართლიანობის აღდგენის დაწყებას.
ფაქტია, რომ ეს პროცესი წარმატებული ვერ იქნება ამ მაფიასთან დაჯახების გარეშე, რომლის ხელშია მონოპოლისტური ბიზნესი და მისი დაცვისთვის ის გაძლიერებული ინსტიქტით იბრძოლებს. ამ მიმართულებით ყველაფერი ხავერდოვნად, უმტკივნეულოდ ვერ წარიმართება და ახალ ხელისუფლებას მოუწევს სახელისუფლო ბერკეტების მკაცრად გამოყენება. ამ პროცესში “ქართული ოცნების” მთავრობა პოლიტიზირებულ სასამართლო და პროკურატურის ორგანოებში სწრაფი რეფორმირების ჩატარების აუცილებლობის წინაშე დადგება, რომლის წარმატებული მოდელის შერჩევასა და დანერგვას საკმაო ძალისხმევა დასჭირდება.
ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, მიუხედავად ქვეყანაში ამ სფეროში არსებული კრიზისული მდგომარეობისა, ივანიშვილის ეკონომიკური განათლების, მენეჯმენტის გამოცდილებისა და ფინანსური პოტენციალიდან გამომდინარე, ბევრად უფრო იოლად მეჩვენება, რადგან ეკონომიკური რეფორმების რაციონალურ კალაპოტში მოქცევა ახალი ხელისუფლების ხელში გარანტირებულად მოსალოდნელია, რაც ამ პროცესს წარმატებულ მიმართულებას მისცემს.
ურთულესი საკითხი, რაც ახალი ხელისუფლების წინაშე დადგება, ეს არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა. ფაქტია, რომ ივანიშვილი დავალებულია დასავლეთის მიმართ მისი ხელისუფლებაში შედარებით უმტკივნეულოდ მოსვლის გამო, რაშიც მათ, იმ პოლიტიკურ კონიუნქტურას თუ გავითვალისწინებთ, რომელშიც საქართველო იმყოფება, გადამწყვეტი წვლილი მიუძღვით. თავად ივანიშვილიც პოლიტიკური მრწამსით დასავლური ორიენტაციის ლიდერად წარმოჩნდება, რაც მის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის რიტორიკაშიც იკვეთება. მაგრამ პოლიტიკაში სურვილი და რეალობა ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად დაპირისპიერებული ტრაექტორიით მოძრაობენ.
ივანიშვილმა აღნიშნულ ბრიფინგზე განაცხადა: “გვესმის წინააღმდეგობები და მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს არ იქნება ადვილი, თუმცა არც შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ რუსეთის პოზიცია საქართველოს ნატოსკენ სწრაფვასთან დაკავშირებით ძალიან გააღიზიანა და გააღრმავა სააკაშვილმა. მესმის, რომ გეოპოლიტიკურად ეს რუსეთისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ არ ვთვლი, რომ არის პრინციპული საკითხი. სწორი დიპლომატიითა და ანალიზით, სწორი დროით შეიძლება რუსეთის დარწმუნება, რომ ეს არ იქნება მისთვის საფრთხე".
რამდენად განხორციელებადია ივანიშვილის ეს სტრატეგია, მისი და რუსეთის ხელისუფლების სამომავლო ურთიერთობებიდან გახდება ცნობილი, რის სურვილიც უკვე გამოხატა რუსეთის პრემიერმა მედვედევმა. იმაში კი ნამდვილად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში აღარ იქნება ის ისტერიული ფონი, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს, რომლის ავტორის ვინაობა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, ვფიქრობ, სადავო არ არის.