მესტიაში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ მზიური ჯაფარიძემ ჩინელი ტურისტის საფულე იპოვა, სადაც დიდი ოდენობის თანხა, სახელფასო ბარათი და პირადობის მოწმობა იყო. იგი ტურისტს დღეს ელოდება, რათა თავისი კუთვნილი ნივთები გადასცეს.
"ოთახს ვალაგებდი, როდესაც საფულე აღმოვაჩინე. სამი სტუმარი მყავდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთს საფულე დარჩა, რომელშიც დიდი რაოდენობის თანხა იდო. დალაგების დროს რაღაცები გადავყარე, მასთან ერთად ტურისტის მიერ საქრთველოში აღებული სატელეფონო ნომერიც. თუმცა საფულის პოვნის შემდეგ, მივბრუნდი და გადაგდებული ნომერი ნაგვიდან ამოვიტანე, რათა მისთვის დაკარგული ნივთების შესახებ მეცნობებინა.
დავრეკე ნომერზე... ვერ ავუხსენი კარგად, არც მან იცოდა კარგად ინგლისური. შემდეგ ახლობელს გადავუგზავნე ნომერი და ვთხოვე, რომ სიტუაციაში გაერკვია. როგორც მითხრეს, მთელი გზა ტიროდა, ისე გაუხარდაო. მან ხომ არ იცოდა, სად ჰქონდა დარჩენილი საფულე. როგორც მითხრეს, დღეს მოვა და კუთვნილ ნივთებს წაიღებს", - განუცხადა "ამბებს" მზიური ჯაფარიძემ, რომელსაც მესტიაში 5 წელზე მეტია საოჯახო სასტუმრო აქვს.