წულუკიანი სახლში მიდის

წულუკიანი სახლში მიდის

მომავალ სასესიო კვირაში პარლამენტში იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. თეა წულუკიანი მინისტრის რანგში პარლამენტში ბოლოჯერ 19 მარტს წარსდგება. გადადგომამდე „ქართული ოცნების“ სტაჟიანი მინისტრი მთავრობას ულტიმატუმს უყენებს. იმ შემთხვევაში, თუკი მისი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელ თემას ეხება, ასეთ შემთხვევაში წულუკიანი გვერდზე გაიწევა.

რა საკითხზე მიმდინარეობს დისკუსია აღმასრულებელ ხელისუფლებაში წულუკიანი არ აკონკრეტებს, განმარტავს, რომ საქმე ეხება მისი უწყების შიგნით გადასაჭრელ საკითხს და ის ელოდება, იქნება თუ არა გაზიარებული მისი პოზიცია. მაშ ასე, საკითხი, რომლის თაობაზეც იუსტიციის მინისტრი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს, სამთავრობო გუნდის პრეროგატივაა. მმართველ გუნდში არ აქვთ ინფორმაცია რა საკითხზე დაიწყო დაპირისპირება აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით.

ვიცე–სპიკერს თამარ ჩუგოშვილს არ აქვს ინფორმაცია, რა საკითხზე საუბრობს თეა წულუკიანი, რომლის გამოც შესაძლოა, მინისტრობიდან წავიდეს. ჩუგოშვილი ეჭვობს, რომ საკითხი იუსტიციის სამინისტროს შიდა თემას ეხება. მისი თქმით, მინისტრების დანიშვნა-გადაყენებაზე გადაწყვეტილებას პრემიერ–მინისტრი იღებს.

„რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ზოგადად, მინისტრების დანიშვნასთან ან გადაყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს არის მთლიანდ პრემიერ–მინისტრის კომპეტენცია. ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება და თვითონ პრემიერ–მინისტრი და მინისტრები იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ არის თანამდებობეზე და ვინ არა. ასე რომ, ჩემგან ძალიან რთული იქნება ამაზე კომენტარის გაკეთება. მით უმეტეს, ჩემთვის არ არის ცნობილი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ არის 4–5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს.

„ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია, მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება. რაიმე ტრაგიკული არ ხდება. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემს თვალში არის ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებას“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

წულუკიანი არ ასახელებს იმ საკითხებს, რომელთა ირგვლივაც, როგორც თავად ამბობს, დისკუსია მიმდინარეობს.

„თავს შევიკავებ, რადგან შიგნით ვმსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში. ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის, მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი“, – ამბობს თეა წულუკიანი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ წულუკიანმა შესაძლოა საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავოს, თუმცა პარლამენტის კულუარებში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ წულუკიანის განთავისუფლების შესახებ საუბარი იყო პარტიის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც საუბრის ერთ–ერთი თემა წარუმატებელი სასამართლო რეფორმა იყო, რაც მმართველი გუნდის დაშლის საფუძველი გახდა.

 

გამი ეს ჟურნალისტი სტატიას წერს თუ კომპილაციებს აკეთებს?!
5 წლის უკან
tngh ეს ჟურნალისტი მე მგონი ელისო კილაძეა...
5 წლის უკან