ირაკლი ღარიბაშვილს მონატრებია პოლიტიკა. 21 წლის იყო, როცა ბიძინა ივანიშვილთან დაიწყო მუშაობა და მისთვის ეს ადამიანი ძვირფასია. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას ნიშნავს. სხვები კი თვლიან, რომ ღარიბაშვილის მეორედ მოსვლით ყველაზე მეტად „პატრიოტთა ალიანსი“ იზეიმებს, რადგან მათი აზრები თანხვედრაშია. შეცვლის თუ არა რაიმეს ირაკლი ღარიბაშვილი, თუ ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი იქნება?! ამის შესახებ For.ge-ს თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი სოსო მანჯავიძე ესაუბრა.
სოსო მანჯავიძე: ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს თავისი მხარდამჭერები და მას ჰქონდა გარკვეული სიმპათიები მოსახლეობაში. განსაკუთრებით, მოსახლეობის კონსერვატიულად განწყობილ ნაწილში. ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც „ოცნების“ ხელმძღვანელობაში მოკალათებულმა ძალზე არაპოპულარულმა გუნდმა ხალხში ნიჰილისტური განწყობა გამოიწვია, სრულიად ბუნებრივი იყო „ოცნების“ ხელმძღვანელობის სურვილი, ღარიბაშვილის პიროვნებით ეს უარყოფითი მუხტი გაენეიტრალებინათ. თუმცა ეს არასაკმარისია, რადგან პოლიტიკური კურსის ცვლილებაა საჭირო, იდეოლოგიური ცვლილებებია საჭირო, ქვეყნისთვის ახალი დღის წესრიგის შეთავაზებაა საჭირო და არა სხვადასხვა პიროვნებების გადათამაშება განსხვავებულ თანამდებობებზე. არსებული „ტრენდის“ შენარჩუნების შემთხვევაში ნებისმიერი პიროვნება, როგორი პოპულარულიც არ უნდა იყოს, თავისი ავტორიტეტის შეუქცევად განულებას განიცდის.
თქვენ ბრძანეთ, რომ მთავარია კურსის ცვლილება, მაგრამ ხომ არ დაგვიანდა კურსის ცვლილება, რადგან გარდამტეხი მეცხრე წელიც ახლოვდება?
- კურსის ცვლილება არასდროს არ არის დაგვიანებული. მთავარია, ხელისუფლებაში მყოფმა პირველმა პირებმა გააცნობიერონ წარსული. გადახედონ, როგორ იცვლებოდა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ხელისუფლებები და დასწიონ ახლა არსებული ინერცია. იდეოლოგიური, საკადრო მიდგომები, პოლიტიკური, ეკონომიკური, პიარული მიდგომები უნდა შეიცვალოს. ამისთვის საჭიროა არა თავისი ნაცნობობით, სანდოობითა და მართვადობით კადრების შერჩევა, არამედ გონებრივი რესურსების თავმოყრა, მათ შორის, ისეთებისაც, რომლებიც არ ეპიტნავებათ. პარამეტრების შეცვლაა საჭირო, ვინ უნდა იყოს ხელისუფლების ბერკეტებთან ახლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯერ ისტორიაში არ ყოფილა სიტუაცია, როცა დემონიზირებული, დისკრედიტირებული, მთლიანად განულებული ავტორიტეტი არ შეცვლილიყოს რაღაც მოულოდნელი მოვლენების შედეგად. ეს კანონზომიერებაა. ამას თუ გააცნობიერებენ, შესაძლებელია, საქართველო ასცდეს არასასურველ რყევებს, რომელსაც ძნელად თუ გადაიტანს. მით უმეტეს, ისეთ მტრულ გარემოში ვართ მოხვედრილი, რომელშიც არ ვყოფილვართ დიდი ხანია.
არასასურველი რყევების ძირითადი ავტორი საქართველოში იყო მიხეილ სააკაშვილი. სხვას თუ ხედავთ ქვეყანაში, ან ქვეყნის გარეთ, უცხო ძალებისგან მართულს, რომ საქართველოში შექმნას არასასურველი რყევები?
- მიხეილ სააკაშვილი არ არის ერთადერთი ძალა. თუ დააკვირდებით, საქართველოში ყოველთვის რყევები იწყებოდა მმართველი გუნდის შიგნიდან, ანუ მმართველი გუნდი იშლებოდა, მერე ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, რადგან მმართველ გუნდს მეტი რესურსები აქვს, ვინაიდან აქვს წვდომა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. შემდეგ შიგნით არსებული ვითარებით სარგებლობდნენ გარე ძალები და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები. ზუსტად ასეთი ვითარებაა ახლაც. ეს გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს მმართველმა გუნდმა და არ დაუშვას ისეთი ტიპის ცვლილებები, რომელიც არა მარტო მისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც ცუდი იქნება. ყველა ასეთი რყევის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო სუსტდება.
პროცესები, რომელიც „ქართული ოცნების“ თავს ხდება, გასვლები, შემოსვლები, ახალი სისხლის გადასხმა, ძველი სისხლის გაშვება ან შემოშვება, ეს პროცესი ეკა ბესელიამ დააჩქარა, თუ იყო ობიექტური მიზეზები, რაც ბესელიას გარეშეც პროცესებს დაძრავდა ადგილიდან?
- წინააღმდეგობებმა, არასწორმა კურსმა ისეთ წერტილს მიაღწია, რომ ასეთი ტიპის რყევები გარდაუვალი გახდა. დაუბრუნებლობის წერტილი ჰქვია ამას. როგორი იქნება პერსონები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხშირ შემთხვევაში, მმართველებს ჰგონიათ, რომ მართავენ პროცესებს. ესეც ილუზიაა, შევარდნაძესაც ეგონა, რაღაცას მართავდა, ჯერ იქ ხომ მართავდა სიტუაციას, უძლეველ სარდალს რომ უწოდებდნენ და ძლივს გამოასწრო სოხუმიდან. სააკაშვილსაც ეგონა, რომ მართავდა პროცესებს და, სადაც არის ახლა, კი ვხედავთ. ახლაც არის ილუზია, რომ პროცესები იმართება, მაგრამ ესეც ილუზიაა. შესაძლოა, პროცესები გარკვეულ დონემდე იმართება, ცალკეული ადამიანები გარკვეულ დონემდე მანიპულირებენ კიდეც სიტუაციებით, მაგრამ პროცესის ბოლომდე მართვა არ ხერხდება. მოგეხსენებათ, ადამიანი საკუთარ თავსაც ვერ მართავს ბოლომდე. გავიხსენოთ ბულგაკოვის რომანი „ოსტატი და მარგარიტა“, რას ეუბნება ვოლანდი ბერლიოზს: „ადამიანი მოკვდავია, მაგრამ ეს ისეთი დიდი უბედურება არ იქნებოდა. ცუდი ის არის, რომ ადამიანი ზოგჯერ ანაზდეულად მოკვდავიაო“. ასე ემართებათ რეჟიმებსაც. მათ ჰგონიათ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა და ყველა პერსონა თითქოს პროგნოზირებადია, თითქოს ყველამ იცის, ვინ რისი გამკეთებელია, არსაიდან საფრთხეს არ ელიან და უეცრად ამოფრინდება ხოლმე, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი იტყოდა, მისი უდიდებულესობა შავი გედი და სულ სხვანაირად მიმდინარეობს პროცესები. ასეთ დროს, როგორც არ უნდა მოვერანებული იყოს პოლიტიკური ველი და როგორ პროგნოზირებადადაც არ უნდა ეჩვენებოდეს მმართველს მოვლენები, აუცილებლად რაღაც არაპროგნოზირებადი მოხდება. ამიტომ ილუზიაში არ უნდა ჩავარდნენ.
თქვენი სახელი „პატრიოტთა ალიანსს“ უკავშირდებოდა. ანალიტიკოსთა ნაწილი 2020 წლისთვის ასეთ სცენარს მოელის, რომ „ქართული ოცნება“ ან შეინარჩუნებს უმრავლესობას მთავრობის ფორმირებისთვის, ან რომელიმე სხვა ძალასთან ერთად, უწინარესად „პატრიოტთა ალიანსთან“ კოალიციაში მთავრობას შექმნის. თუმცა „პატრიოტთა ალიანსი“ უფრო რადიკალურია, „ოცნება“ კი შემწყნარებლად გადაიქცა. პრობლემა ხომ არ იქნება „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთ კოალიციაში ყოფნა?
- 2020 წლამდე სრულიად სხვა კონფიგურაცია დალაგდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, სხვანაირად იქნება საქმე და აუცილებლად ვიხილავთ ძალიან ორიგინალურ კომბინაციებს. ვინ წარმოიდგენდა, რომ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთის ლანძღვით იყვნენ დაკავებულნი, დღეს ერთ მაგიდას მიუსხდებოდნენ? სხვათა შორის, „ოცნების“ ფრაგმენტაცია მოსალოდნელი იყო, მაგრამ არა ასეთი ეგზოტიკური ფორმით. მომავალში მოსალოდნელი იქნება სხვადასხვა ალიანსები ასეთივე მოულოდნელი ფორმებით და ამას ძირითადად არა პოლიტიკური შეხედულებები, არამედ ფინანსური ნაკადები განაპირობებს. მათ შორის, საგარეო ფინანსური ნაკადებიც. ამიტომ უცნაურ კონფიგურაციებს ვიხილავთ.
ალბათ, რუსეთი იქნება ამ მოულოდნელი ალიანსების ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წყარო.
- ზოგადად, რუსეთი საქართველოში მუშაობს თავისი ღია გავლენის აგენტურით. ხშირ შემთხვევაში, ვიღაცებს რომ ჰგონიათ, პროდასავლურია ვინმე, სინამდვილეში, ის ორმაგ, სამმაგ და ოთხმაგ აგენტურას წარმოადგენს.
გარე ფინანსური ნაკადები, ალბათ, არ დატოვებს საშუალებას, რომ ეროვნული ძალები დაწინაურდნენ, როგორც ეს ამერიკაში ან სხვა ქვეყნებში მოხდა. ჩვენ გვახსოვს ტრამპის ლოზუნგი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.
- საქართველოში პოლიტიკური პროცესი დიდწილად სპეცსამსახურების მიერ იმართება. ამიტომ, თუკი პოლიტიკური ვექტორები არ დალაგდა, მუდმივი მართვადი ქაოსის მდგომარეობაში იქნება საქართველო. შესაბამისად, ტერმინი „ეროვნული ძალებიც“ განმარტებას მოითხოვს, რადგან არის ჯგუფები, რომლებიც უსირცხვილოდ მანიპულირებენ ადამიანთა ეროვნული გრძნობებით. რეალურად, ისინი ხან გრუ-დან გამოვარდებიან, ხან კიდევ ცერეუ-დან. ამაში ყველა სპეცსამსახურებს ვგულისხმობ, მათ შორის, ქართულ სპეცსამსახურებსაც, ეს ყველაფერი სპეცსამსახურების თამაშებია. ვიღაც იფიქრებს, რომ ასეთი საუბარი ანონიმურია, მაგრამ სპეცსამსახური იმიტომ არის სპეცსამსახური, რომ ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებ. თუმცა არსებობს ინდიკატორები და ადამიანი თუ დააკვირდება, როგორ მიმდინარეობს ამა თუ იმ პერსონის „პრომოუშენი“, დააკვირდება მის წარსულს, ხომ არ არის იქ გაუგებარი რამეები, სპეციალურად ხომ არ იმალება მისი წარსული, მიხვდება, რაშიცაა საქმე. ათასი ინდიკატორები არსებობს. ხალხი ფიქრობს, რომ ცალკეული პოლიტიკოსი რასაც ლაპარაკობს, ზუსტად იმავეს აკეთებს, რაც ხშირად არ შეესაბამება რეალობას. ხშირად ყველაზე უფრო დაცემული ადამიანი ყველაზე აღმატებულ ზნეობრივ კატეგორიებზე ლაპარაკობს.
... რაღაც სხვა ჰობი რომ ჰქონდეს... ზებრა, პინგვინი, ზვიგენი და ხეები არ გვინდა.... გვაქვს!
ახალი სპორტსმენებია პოლიტიკაში მოსაზიდი... ახალი განათლების მინისტრი, ბოსტნეულით ან მწვანილით დაინტერესებული და ა.შ.
რაღაც სიახლეა საჭირო!
"ბიძინა კაი კაცია, ყველაფერს გვიკეთებს" -ხალხს, ბევრი შრომა არ მოუწევთ.... ბიძინას, ახალი სახელით ჩაანაცვლებენ და...
ვიქნებით ბედნიერი ერი!
ან, იქნებ ვართ უკვე და არ ვიცით?!