მმართველი პარტიის შემდეგ ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში იწყება. მამუკა ბახტაძის კაბინეტს დატოვებს თეა წულუკიანი, რომელიც სავარაუდოდ სასამართლო სისტემაში გადაინაცვლებს. თუმცა, უმრავლესობის წევრები პირად საუბარში გამორიცხავენ წულუკიანის სხვა უწყებაში გადანაცვლებას და მით უფრო სასამართლო სისტემაში. იუსტიციის მინისტრის განთავისუფლების ერთ–ერთ მიზეზად წარუმატებელი სასამართლო რეფორმა სახელდება.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ წულუკიანის თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია არ აქვს და, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ბუნებრივია, თავად ახსნის, რით შეიძლება ყოფილიყო ეს განპირობებული.
„აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებების შესახებ მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობის შეხვედრაზე კი გუნდში ახალი სახეების, საზოგადოებაში ავტორიტეტული პირების და ახალგაზრდობის მოზიდვაზე იყო საუბარი“, – აცხადებს გიორგი კახიანი.
თეა წულუკიანის განთავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე, რომლის განცხადებით, წულუკიანი არის მთავრობის ერთ–ერთი ოდიოზური წევრი, რომლის მინისტრობასაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უამრავი წარუმატებლობა.
„არ აქვს მნიშვნელობა მას გაუშვებენ, თუ საკუთარი ნებით წავა მთავრობიდან. თეა წულუკიანი არის ერთ–ერთი ოდიოზური წევრი მთავრობის, რომლის მინისტრობასაც უკავშირდება უამრავი წარუმატებლობა ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი ქვეყნის. დაიტოვებს ივანიშვილი მას ბოლომდე, მანამდე შეელევა თუ ჩაანაცვლებს, ეს ვერ შეცვლის ვითარებას, ვერ გამოასწორებს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
თეა წულუკიანი არ არის ერთადერთი მინისტრი რომლის შეცვლაზე აქტიურად არის საუბარი. არაოფიციალური ინფორმაციით იცვლება საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი, რომელსაც აშშ–ის საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე შეცვლის. სავარაუდოდ, ცვლილება შეეხება ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას. for.ge–ს ინფორმაციით, იცვლება პრემიერ–მინისტრი. მამუკა ბახტაძის შემცვლელად თანაინვესტირების ფონდის პრეზიდენტის გიორგი ბაჩიაშვილის კანდიდატურა განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება ბაჩიაშვილთან დაკავშირებით საბოლოოდ მიღებული არ არის. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ბაჩიაშვილი დაახლოებული პირია მამუკა ბახტაძესთან, სწორედ მან გაუწია ბახტაძეს რეკომენდაცია 2012 წელს მათავრობასთან.
არსებული ინფორმაციით, საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით დატვირთული იქნება მარტის თვე. საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ პოლიტოლოგები, თუმცა რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ცვლილება კარგია იმ შემთხვევაში, როცა მოსახლეობა შეეჩვევა, რომ გადაწყვეტილების მიმღები გუნდი არის ძიების პროცესში. მისი თქმით, როდესაც ცვლილებები უკავშირდება საარჩევნო პროცესს, ასეთ შემთხვევაში ცვლილებები შთამბეჭდავი არ არის, რადგან მოსახლეობა ამას აღიქვამს, როგორც საარჩევნო ტექნოლოგიას.
„თუკი შევხედავთ პროცესებს, ივანიშვილი მობრუნდა ორი მიზეზის გამო, პირველი - განხეთქილება პარტიის შიგნით და მეორე – განხეთქილება პარტიასა და მოსახლეობას შორის. მთავრობის ცვლილებებმა შეიძლება მოაგვაროს ურთიერთობა მთავრობასა და ხალხს შორის, მაგრამ თვითონ პოლიტიკურ გუნდს შიგნით არსებულ მდგომარეობას რას ეტყვის ივანიშვილი?!“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ახალგაზრდების შემოყვანით პრობლემა უფრო გამწვავდა, როდესაც ივანიშვილმა ახალგაზრდების მხარე დაიკავა, ანუ იმათი მხარე ვინც მხარს უჭერს სააკაშვილის მოსამართლეებს.
„დამაფიქრებელი პროცესია. ფაქტიურად ივანიშვილი გამოდის 2012 წლის პროცესებისგან დაშორებული პერსონა. ასეთ შემთხვევაში ივანიშვილის იმიჯი იქნება დარტყმის ქვეშ. კი ბატონო, ჩავთვალოთ, რომ ამის ფონზე მნიშვნელოვანია საკადრო ცვლილება, თუმცა ბევრ რამეზე ფიქრია საჭირო. უფრო ზუსტად ფიქრი იმაზე, როცა უშვებ პრემიერს, აგვიხსენი რატომ გაუშვი. გაუშვებენ ბახტაძეს - უნდა გვითხრან რატომ უშვებენ. ბუნდოვანია ცვლილების შინაარსი და ასე მოხდა ყველა პრემიერთან მიმართებაში. ვიმეორებ, ერთ–ერთი საკვანძო არის საპარლამენტო სიტუაცია, როგორც ვხედავთ საპარლამენტო დაპირისპირებაზე არის აგებული ყველაფერი, ამის გადაწყვეტას როგორ აპირებს? მთავრობის ცვლილებით ეს არ და ვერ მოგვარდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ კრიზისი არის ყველა მიმართულებით, თუმცა თვითონ ხელისუფლების ფლობის თვალსაზრისით კრიზისი არ არის. მისი შეფასებით, ხელისუფლებას დაკარგული აქვს მთავარი, სახალხო ლეგიტიმაცია. ხელისუფლებას ფორმალურად პარლამენტის უმრავლესობა აქვს, ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებენ, მაგრამ ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო დაკარგული აქვს.
„გარკვეული ანალოგები არის 2007 წელთან. მაშინ მიხეილ სააკაშვილს სრული ძალაუფლება ჰქონდა, ყველაფერი მის ხელში იყო, მაგრამ მიხვდა, რომ კატასტროფის წინაშე იყო, ხალხში არ ჰქონდა მხარდაჭერა, დასავლეთში მის მიმართ გაჩნდა კითხვები და ამიტომ დანიშნა არჩევნები და არა იმიტომ, რომ იფიქრა შეცდომები დავუშვიო. ეს გააკეთა იმიტომ, რომ დაებრუნებინა ძალაუფლება ძალაუფლების წყაროსგან, ხალხისგან.
დღეს დაახლოებით ისეთი მოცემულობაა, თითქოს ყველა ინსტრუმენტი ხელში უჭირავთ, მაგრამ აღარ აქვთ ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ეს ძალიან სახიფათო სიტუაციაა. როდესაც ხალხს აღარ უნდიხარ და ამ დროს მონოპოლიზებული გაქვს ყველაფერი, ასეთი ხელისუფლება ძალიან ცუდად ამთავრებს.
შესაბამისად, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ახლა იქნებოდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რადგან ეს მათ აძლევს გარკვეულ შანს, რომ დასწრებაზე ითამაშონ და დარჩენილი აქტივების ბაზაზე ეცადონ გაიმყარონ და ხალხს დაადატურებინონ თავისი ძალაუფლება. 2020 წლისთვის ისეთი მძიმე მოცულობა იქნება მათთვის, რომ უკვე ფაქტობრივად ვერაფერი ვერ გადაარჩენთ“, – ამბობს ხუხაშვილი.
როგორც ხუხაშვილი აცხადებს, 2020 წლისთვის „ქართული ოცნება“ იქნება გაქრობის საფრთხის წინაშე, რადგან დეგრადაციის პროცესს ვეღარ აჩერებენ. შესაბამისად, ამის ფონზე საკადრო ცვლილებას მნიშვნელოვანი დატვირთვა არ აქვს.
„საკადრო ცვლილებას რაც შეეხება, ვინც ახლა ჰყავთ, იმაზე უკეთესი აღარავინ არ მივა „ქართულ ოცნებაში“. თუ ვინმე ახალი გამოჩნდა, უარესი იქნება, ნორმალური ადამიანი „ქართული ოცნებაში“ აღარ მივა. რაც შეეხება ბაჩიაშვილს, ეჭვი მეპარება, ცოტა სხვა ტიპაჟია, უფრო მოქნილია და უფრო ქარიზმატულია ვიდრე ბახტაძე, მაგრამ აქვს რაღაცა მინუსები რის გამოც არა მგონია გახდეს პრემიერ–მინისტრი, მაგრამ არ გამოვრიცხავ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.