შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა. კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას.
„საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად. გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები. შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების, ან მასზე უარის თქმის, საფუძველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეწყალება, სასამართლო სისტემა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა სწორედ ისეთი საკითხებია, რომლებიც პრეზიდენტის პრეროგატივა არ იქნება. ის, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავიდა, თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ აკნინებს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პატიმართა შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადატანის ინიციატივას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პირველ რიგში, იმ კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების ნუსხა უნდა შედგეს, რომელშიც პრეზიდენტის იდეის შედეგად ცვლილებები შევა.
წულუკიანის განმარტებით, პრეზიდენტის კონსტიტუციური დისკრეციაა მიანიჭოს ან არ მიანიჭოს პირს საქართველოს მოქალაქეობა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი შერეული კომისია სწორედ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობს, რაც იუსტიციის მინისტრის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ აკნინებს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პატიმართა შეწყალების საკითხზე დაახლოებით იგივე მოდელის კონცეფცია შემოგვთავაზა. ჩვენ ამჟამად ამ კონცეფციას ვსწავლობთ, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივის სახით წარმოგვედგინა. ვფიქრობთ, რომ თუკი ეს მართლაც მოხდება, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს. მე დღეს არ მაქვს მზა პასუხი, მოესწრება თუ არა ცვლილებების განხორციელება ე.წ. სააღდგომო შეწყალებისთვის.
მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტთან, მის ადმინისტრაციასთან იმისთვის, რომ თუკი კომისიას შევინარჩუნებთ – ესეც არ არის ჯერ ცნობილი – ისეთი კომისია მივიღოთ, რომელიც პროფესიონალებით დაკომპლექტდება. კომისიაში საჭირო იქნება არა მწერლები და მხატვრები, არამედ სოცმუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და სხვა. ამჟამად ამ თემებზე მსჯელობა მიმდინარეობს“, – აცხადებს თეა წულუკიანმა.
ინიციატივას მხარს უჭერს მმართველი გუნდი. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ შეწყალება კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებაა და ამით სარგებლობა პრეზიდენტს შეუძლია, ხოლო კრიტერიუმები უნდა მოვიდეს შესაბამისობაში სტანდარტებთან. როგორც დეპუტატი აცხადებს, მაშინ როცა რიგი რეფორმები გატარდა მართლმსაჯულების სისტემაში, მასობრივი ამნისტია და შეწყალება აქტუალობას კარგავს.
„როცა საქმე შეწყალებას ეხება, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების სფეროში ჩვენ შემოვიტანეთ არაერთი ალტერნატიული მექანიზმი – პატიმრების რესოციალიზაცია, შაბათ–კვირას მათი ოჯახებში დაბრუნება, პაემნების სისტემა. ეს არის სპეციალური დაწესებულება, სადაც არის ღია რეჟიმები. რა თქმა უნდა, მასობრივი შეწყალება, ან ამნისტია ამ რეფორმების ფონზე აქტუალობას კარგავს. შეწყალება არ არის ერთადერთი მექანიზმი, რომ პატიმრის რესოციალიზაცია მოხდეს, თუმცა ეს მექანიზმი უნდა დარჩეს“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი თვლის, რომ დასაფიქრებელია, რამდენად უფლებამოსილია იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტს პატიმართა შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებაში მოემსახუროს. დეპუტატი ფიქრობს, რომ სჯობს, მომსახურე სუბიექტად პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარჩეს.
„მთავრობა პრეზიდენტს დოკუმენტაციის მომზადებაში ტექნიკურ მომსახურებას არ უწევს. ისმის კითხვა, ვინ შეიძლება დაეხმაროს პრეზიდენტს პატიმართა შეწყალების უფლების რეალიზაციაში? რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიმღებ პირად პრეზიდენტი რჩება, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ და გამორჩეულ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული – პატიმართა შეწყალება არ უნდა ჩაენაცვლოს ამნისტიას, პირობით ვადამდე გათავისუფლებას და სარჩელის ზომის შეცვლას.
გამომდინარე აქედან, დაისმის კითხვა, ვინ შეიძლება დაეხმაროს პრეზიდენტს დოკუმენტების მომზადებაში და შეიძლება თუ არა ეს იყოს იუსტიციის სამინისტრო? სწორია პრეზიდენტის მიდგომა, რომ პატიმართა შეწყალება უნდა იყოს განსაკუთრებული და გამორჩეული შემთხვევა, თუმცა რამდენად უფლებამოსილია იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტს ამ უფლებამოსილების განხორციელებაში მოემსახუროს, ეს დასაფიქრებელი საკითხია. სჯობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარჩეს როგორც მომსახურე სუბიექტი“, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
პრეზიდენტის ინიციატივა, რომ შეწყალების პრეროგატივა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძეს განცხადებით, იმის დადასტურებაა, რომ მას მწირი კონსტიტუციური უფლებამოსილების დამოუკიდებლად შესრულება არ უნდა. როგორც კახიძე აცხადებს, ზურაბიშვილი მზად არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება დათმოს და აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაულოცოს.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი პრეზიდენტი არ არის და „ქართულმა ოცნებამ“ ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ძალისმიერი და უკანონო მეთოდებით გახადა. შეწყალების უფლების გამოყენებას პრეზიდენტს ვერავინ ვერ დააძალებს, ამ მხრივ მას ფართო დისკრეცია აქვს და შეუძლია არავინ არ შეიწყალოს. ეს მისი პრეროგატივაა და როცა ამ პრეროგატივაზე უარს ამბობს და თმობს, ეს ცხადყოფს, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა ბუნდოვანია. თუმცა, აქვე ხაზგასმით აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოკლე პრეზენტაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ღრმა ანალიზი გაკეთდეს თუ რას გულისხმობს ის შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლაში. მანაბდე ამბობს, რომ პრეზიდენტი საკუთარ კომპეტენციას და უფლებამოსილებას ვერ გააჩუქებს და ვერც ვერავის გაუყოფს.
„შეწყალება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური კომპეტენცია. პრეზიდენტი საკუთარ კომპეტენციას და უფლებამოსილებას ვერ გააჩუქებს და ვერც ვერავის გაუყოფს, თუმცა ბოლომდე არ მესმის პრეზიდენტის ინიციატივა და უფრო კონკრეტულად რომ ვნახავთ ინიცირებულ ვერსიას, შეგვეძლება შემდეგ დეტალურად განხილვა. აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს მსჯავრდებულ პირთა მიმართ გარკვეული შემსუბუქების მექანიზმები ინდივიდუალური პროფაილის შესწავლის შემთხვევაში, კიდევ დამატებითი აღჭურვა იუსტიციის სამინისტროსი ამ მექანიზმით საჭიროებს ძალიან დეტალურ განხილვას“, – აცხადებს მენაბდე.
მისი თქმით, თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ ის შეწყალების პოლიტიკა, რაც აქამდე იყო ქვეყანაში არ მოსწონს, ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაგრამ შეუძლია ნაკლები ხალხი შეიწყალოს ან საერთოდ არ შეიწყალოს.
„ფორმალურადაც რომ შევხედოთ ვინ შექმნის ამ კომისიას? თუ პრეზიდენტი შექმნის მაშინ ის იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაში ვერაფერს შექმნის და თუ იუსტიციის სამინისტრო შექმნის, მაშინ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებებში შეჭრა იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ მოკლე პრეზენტაციიდან რაიმე ისეთის გამოტანა, რაც უფრო ღრმა ანალიზის შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.