წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს გადასცეს, ხელნაწერი არ ყოფილა და დაბეჭდილი იყო. იმის გამო, რომ წერილის მიმტანის ხაზარაძესთან შეხვედრა „თიბისის“ ოფისში, ან ანაკლიის პორტის ოფისში შედგა, ვიდეოკამერების მეშვეობით თავისუფლად შეიძლება შუამავლის ვინაობის დადგენა.
მანამდე ოპოზიციონრები მოუთმენლად ელიან, იქნებ, გიორგი გახარიას ანაბეჭდები აღმოჩნდეს სკანდალურ წერილზე და იქნებ, დადგინდეს, არის თუ არა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილ დოკუმენტზე შს მინისტრის დნმ-ი.
სკანდალური წერილი დამოუკიდებელი არხის გაკონტროლების სურვილად აღიქვა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ვაჟმა ვატო (ვახტანგ) წერეთელმა, რომელიც „ტვ პირველის“ 100%-იანი წილის მფლობელია.
სხვაგვარად ფიქრობს ზაქარია ქუცნაშვილი. დეპუტატს ჰგონია, რომ წერილი შესაძლოა, „ტვ პირველის“ ხელმძღვანელობამ არხის პოპულარიზაციის მიზნით დაწერა, რათა წარმოეჩინა, თითქოს ის დევნის ობიექტი იყო.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძემ ნათლად გვითხრა პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ მუქარის შემცველი წერილის მიღების შემდეგ მან რაღაც შეასრულა, რაღაც არ შეასრულა. კერძოდ, შეასრულა ის, რომ არჩევნებში მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ მედიაზე ზეწოლის პუნქტი არ შეასრულა, რადგან „ტვ პირველისა“ და „არტარეას“ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა მაინც უფრო მძიმე რამ არის.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგი უგულავას მიაჩნია, რომ ამ ხელისუფლებას ჰგონია, სარალიძის აქციებიდან დაწყებული, ყველაფერს აფინანსებდა ხაზარაძე. ამიტომაც დაიწერა ეს წერილი, რომლის პირველსავე აბზაციდან ჩანს, რომ ხელისუფლება ხაზარაძეზე ნაწყენია. რაც შეეხება „არტარიას“, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ივანიშვილს არ მოსწონს, როცა „თიბისი ბანკის“ მიერ დაფუძნებულ ამ კერძო ტელევიზიაში ხედავს ლევან ბერძენიშვილს, ნინია კაკაბაძეს, დათო ტურაშვილს, რომლებიც მის ოპოზიციაში არიან.
რა პრობლემები წარმოაჩინა ამ წერილმა და რამდენად უტყუარია მისი შინაარსი?!
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუკი დადასტურდება ამ წერილის ავთენტურობა, მაშინ ისიც უნდა დადასტურდეს, ვინ იყო ამ წერილის ავტორი და, თუ ეს მართლაც აღმოჩნდება შს მინისტრი, ალბათ, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს, ალბათ, ჯაჭვური რეაქციის პრინციპით იმოქმედებს ხელისუფლებაზე და შეიძლება, ამან სახელისუფლებო კრიზისიც გამოიწვიოს.
თვითონ წერილის შინაარსი ზაალ ანჯაფარიძისთვის ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რატომ არის ეს წერილი მამუკა ხაზარაძის მიმართ არაპირდაპირ მიმართული?!
„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ამ წერილის ადრესატი არის პიროვნება, რომელმაც შემდეგ ეს მესიჯი უნდა გადასცეს მამუკა ხაზარაძეს. ანუ წერილი, სავარაუდოდ, ხაზარაძისთვის არაა განკუთვნილი, ადრესატი ხაზარაძე არ ყოფილა. მ.ხ. (სავარაუდოდ, მამუკა ხაზარაძე) მესამე პირშია მოხსენიებული. რატომ მოხდა ასე, თუკი წერილი უშუალოდ ხაზარაძეს გაუგზავნეს? ეს წერილი გამიზნულია არა ხაზარაძისთვის, არამედ მისთვის, ვისაც ეკუთვნის „ტვ პირველი“ და „არტარეა“. წერილი, სავარაუდოდ, გაეგზავნა ავთო წერეთელს, რომელიც ხაზარაძის აღიარებით, მისი უახლოესი მეგობარია“, -ასეთ ვერსიას გვთავაზობს ზაალ ანჯაფარიძე.
ამასთან, ანალიტიკოსს ეჭვი ეპარება, წერილის ავთენტურობა დადასტურდეს. მისი თქმით, ხაზარაძის ადვოკატმა ერთი ასეთი ფრაზა წამოისროლა, რომ ლონდონში თურმე გაუგზავნია წერილი იმის თაობაზე, არის თუ არა მასზე გახარიას თითის ანაბეჭდები. ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თუკი მხოლოდ ეს არის წერილის ავთენტურობის დამადასტურებელი, რომ გახარიამ ამ წერილს ხელი მოჰკიდა თუ არა, ესეც ბევრი კითხვის შემცველია.
თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი სოსო მანჯავიძე მუქარის შემცველი წერილების გახშირებას „წერილოფრენიას“ უწოდებს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ჯერ გიორგი მამალაძის წერილის საიდუმლოებით ვიყავით დაკავებულნი, ახლა კი ახალი საიდუმლოება გვტანჯავს, არსებობს თუ არა გახარიას „უსტარი მიწერილი ხაზარაძესა თანა“.
„მე ამას დავარქვი წერილოფრენია. თუ ამ წერილის ავთენტურობა დადასტურდა, მაშინ რა გამოდის? შს მინისტრი ნივთმტკიცებას, ანუ მუქარის შემცველ წერილს უგზავნის ხაზარაძეს და ე.ი. საბოლოოდ მედიაში აგზავნის?! ამის მხოლოდ ერთადერთი შესაძლებელობა არსებობს, რომ შს მინისტრი არაადეკვატური ფსიქიკისაა, რაც არც ვიზუალურად და არც პირად ურთიერთობებში არ დასტურდება. ბატონი გახარია არ ჰგავს ისეთ ადამიანს, რომელიც თავის დასაკლავ დანას ჩაუგდებდა მოწინააღმდეგეს ხელში და კრიმინალს საჯაროდ ჩაიდენდა. ახლა მეორე მხარესაც შევეხოთ, ისეთი რამის დაბრალება ადამიანისთვის, რომელიც აპრიორი ვერ დამტკიცდება და აპრიორი გამოიწვევს უკურეაქციას, ხაზარაძეს რისთვის სჭირდება? ამ ფურცლების ფრიალიც მხოლოდ ერთი რამით შეიძლება აიხსნას, რომ ეს ხალხი, რომელიც ამას აკეთებს, ნამდვილად არ არის ფსიქიკურად ჯანმრთელი. საქართველოს პირველ ბანკირად ითვლება ბატონი ხაზარაძე და ნუთუ ვერ გათვალა რისკები, რომ, თუ ამ წერილის ავტორობას შს მინისტრს აბრალებს, ამას უკურეაქცია მოჰყვება. გამოდის, ხაზარაძეს თვითგადარჩენის ინსტინქტიც აღარ აქვს შერჩენილი?!“-აინტერესებს სოსო მანჯავიძეს და გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას დაუმორჩილებელი ტელეკომპანიის გაკონტროლება სურდეს.
მისივე თქმით, ცოტა არასერიოზულია, რომ „დაჯდნენ წერად ანდერძისად“ ივანიშვილი, გახარია, მდინარაძე, თალაკვაძე, ალბათ, ღარიბაშვილიც, რადგან იგი პოლიტიკაში ახლახანს მეორედ შემოვიდა, ერთად დასხდნენ და გადაწყვიტეს მიეწერათ წერილი ხაზარაძისთვის; თანაც დაწერეს ინიციალები-მ.ხ. (მამუკა ხაზარაძე).
„ალ კაპონე და დონ ვიტო კორლეონე რომ არ შეუმკიათ, ლამის ისეთი ეპითეტებით ამკობენ ივანიშვილს, ხან მაფიოზს უწოდებენ, ხან არაფორმალურ მმართველს, ხან ანაკონდას. ამ წერილით კი რას ამტკიცებენ, რომ ალ კაპონე ვინმეს წერილს დაუწერდა? ასეთი რამ ხომ წარმოუდგენელია, რომ პოტენციური დამნაშავე ვინმეს წერილებს გაუგზავნიდა?!“