თიბისი გალერეაში გელა ჩარკვიანის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავი საღამო ჩატარდა. ღონისძიებაზე გელა ჩარკვიანის ახალი წიგნის - „ნაგერალა 80" პრეზენტაცია შედგა, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა" გამოსცა.
ახალი წიგნი ავტორის ცხოვრებასავით პოლიჟანრულია: აქ მკითხველი ჩანაწერების გარდა, მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში დაწერილ მოთხრობებსა და პიესასაც შეხვდება, რომლებმაც ერთი ციკლის ქვეშ მოიყარა თავი: „წარსულში ჩადენილი ლიტერატურული შეცოდებანი".
წიგნში როლები გამუდმებით იცვლება: 80-ს მიტანებული წიგნის მთავარი პერსონაჟი ხან მახვილგონიერი დამკვირვებელია, ხან ეპატაჟების მაძიებელი ახალგაზრდა, ხშირად კი სოლიდური პროფესიული გამოცდილების დიპლომატი, რომელიც აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე სანდო და სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს. ამის პარალელურად, იმავე ამპლუაში შექსპირისადმი მიძღვნილ ბრწყინვალე და ბევრისთვის დაუვიწყარ სიტყვას წარმოთქვამს შექსპირისავე სამშობლოში.
„ნაგერალა 80" აერთიანებს გელა ჩარკვიანის, როგორც მეუღლის, მამისა და ბაბუის, ცხოვრებისეულ ამბებს. ამ შემთხვევაშიც ბუნებრივად მონაცვლეობს განწყობები: სევდიან ამბავს მხიარული შემთხვევა მოსდევს, მძაფრ პირად ტრაგედიებს -დროის პარადოქსებით აღბეჭდილი მოგონებები.
საღამოზე გელა ჩარკვიანმა წიგნიდან ნაწყვეტები წაიკითხა და როიალზე რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა - გიორგი კეკელიძემ მას წლის მკითხველის საპატიო ორდენი გადასცა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა: ზვიად კვარაცხელიამ, გიორგი კეკელიძემ, თეონა დოლენჯაშვილმა, რუსიკო რუხაძემ და ეკა ტოგონიძემ.
გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან დაიწყო - 1976 წლიდან 18 წლის განმავლობაში საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984 წლიდან 8 წლის განმავლობაში საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო, 1992 წლიდან 11 წლის მანძილზე საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი, 2006-2009 წლებში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
ინტერესის სფეროთა მრავალფეროვნების მიუხედავად, გელა ჩარკვიანს მუსიკა ყველაზე მეტად იტაცებდა. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD 2001 წელს გამოიცა .
გელა ჩარკვიანმა შექსპირის „მეფე ლირი" თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. ამ პიესის მიხედვით თბილისში, რუსთაველის თეატრში 1990-იანებში სპექტაკლები დაიდგა.
გელა ჩარკვიანის ბიბლიოგრაფია ჯამში 6 წიგნს აერთიანებს: „ინტერვიუ მამასთან", „ნარგიზა", „ნაგერალა", „ნაგერალა 2", „ნაცნობ ქიმერათა ფერხული", „ნაგერალა 80"