ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში მეორე ყოფილი პრემიერ–მინისტრი დაბრუნდა. ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მდივნად დაინიშნა და ამავე რანგში „ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომასაც დაესწრო. არსებული ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარეს ღარიბაშვილთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს. კერძოდ, მას როგორც მომავალ პარლამენტის თავმჯდომარედ განიხილავს.
არსებული ინფორმაციით აპრილში ირაკლი ღარიბაშვილი კენჭს მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის, ამის შემდეგ კი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს დაიკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კობახიძე–თალაკვაძე–მდინარაძეს ფრთა გავლენებს დაკარგავს.
ღარიბაშვილის ჯერ მაჟორიტარობას და შემდეგ სპიკერობას ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს მამუკა მდინარაძე და ამბობს, რომ არც ერთი სიტყვა ღარიბაშვილის მაჟორიტარობაზე ნათქვამი არ არის. ასევე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
„რამდენიმე დღის წინ ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და საბოლოოდ ჩვენ ამაზე შევთანხმდით. თუმცა სხვა თემაზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძისგან განსხვავებით, ასეთი კატეგორიული არ არის უმრავლესობის ძველი ფრთა. გია ვოლსკის განცხადებით, ამ ეტაპზე პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის შესვლის საკითხზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი საკითხის განხილვის შესაძლებლობა არ არსებობს.
„ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არ ვფიქრობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უნდა იყოს კანდიდატი მთაწმინდაში, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხებზე არ იქნება მსჯელობა“, – აცხადებს გია ვოლსკი.
უფრო კონკრეტულია „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველი გვარდიის წევრი ნუკრი ქანთარია, რომლის განცხადებით, ეს არის ალბათ ცვლილება, რითაც იწყება დიდი ცვლილებები. როგორც დეპუტატი ამბობს, ღარიბაშვილი მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება.
„ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შემდგომში, ალბათ, მიიღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობას და ბუნებრივია, რომ მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება, მაგრამ ეს მომავლის საკითხია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ე.წ. კობახიძის ჯგუფი უკვე არის წარსული და ახლა აუცილებელია „ქართულ ოცნებაში“ სისტემური ცვლილებები მოხდეს.
„ირაკლის ნებისმიერ გააქტიურებას პირადად მივესალმებოდი, თუმცა მმართველ პარტიას ნამდვილად სჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური ცვლილებები – ეს უკვე მათი საქმეა. თუმცა, ჩემი გადასახედიდან ერთ–ერთი სერიოზული პრობლემა იმ უთანხმოებისა, რაც იყო და არის მმართველი პარტიის შიგნით, უკავშირდებოდა სწორედ პარტიული საქმიანობის არასწორი მართვის პრინციპებს. არ გამოვდგები პოლიტიკურად მიმომხილველად, წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვისთანაც მაკავშირებს ბევრი რამ. ე.წ. კობახიძის ჯგუფი შემიძლია გითხრათ, რომ არის უკვე წარსული ეს არის დროის საკითხი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ირაკლი ღარიბაშვილი მმართველ გუნდში დაბრუნებას მხარს უჭერენ ანალიტიკოსები და თვლიან, რომ ეს მნიშვნელოვანი ცვლილების დასაწყისი უნდა გახდეს ქართული პოლიტიკისთვის.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს შეფასებით, ამ ეტაპზე ღარიბაშვილს ისეთი ადგილი მიეცა, რომ მას საშუალება ექნება ახალი ფიგურების მოძებნის და წამოწევის. შესაბამისად, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ექს–პრემიერი ამ საშუალებას აუცილებლად გამოიყენებს.
„არის თუ არა ასეთი რესურსი არ ვიცი, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, ამ რესურსთან დიალოგისთვის ივანიშვილს ვიღაცა სჭირდება. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო პერიოდში ძველი გვარდიის ისეთი თვალსაჩინო ფიგურა, როგორიც დათო მაღრაძეა ძალიან კრიტიკული იყო ივანიშვილის მიმართ. ასე რომ, ივანიშვილს ჯერ ძველ გვარდიასთან დიალოგი სჭირდება, სანამ დაითანხმებს რაღაცა ნაბიჯების გადადგმაზე პოლიტიკაში, თუ პოლიტიკის მხარდაჭერის თვალსაზრისით.
„ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმ პირობის გაგრძელებაა, რაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ძველი გვარდიის მისამართით გააჟღერა. ჯერ ნაადრევია პარლამენტის ახალგაზრდული ფრთის შესუსტებაზე ლაპარაკი, მაგრამ ე.წ. ძველი გვარდიის ფრთის გაძლიერების პროცესი რომ დაიწყო, ეს ფაქტია და ფაქტია ისიც, რომ შემდგომი ნაბიჯები შეიძლება მთლად სასიამოვნო აღარ იყოს პარლამენტის ახალგაზრდული ფრთისთვის“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
კითხვაზე, რა მიმართულებით არის შესაძლებელი ღარიბაშვილის გაძლიერება და რამდენად გავრცელდება მისი გავლენები პარლამენტში, საყვარელიძე ფიქრობს, რომ პოლიტსაბჭოს გზით მეტ–ნაკლებად გავრცელდება.
„მე მგონია, რომ საწყის ეტაპზე უფრო გავრცელდება თვითონ ივანიშვილზე გავლენა. პოლიტსაბჭოს მდივანი უფრო ჩახედული აღმოჩნდება პოლიტიკურ სიტუაციაში, მისი პოლიტიკური რჩევები ივანიშვილისთვის, ალბათ, უფრო მიზანმიმართული გახდება. თუ პოზიციის მიხედვით ვიმსჯელებთ, ღარიბაშვილის მიერ ივანიშვილისთვის გაწეული კონსულტაციები არ იქნება ახალგაზრდული ჯგუფის განებივრების საფუძველი. სრულიად მოულოდნელი სვლა იყო, ივანიშვილმა მოულოდნელი სვლების სერია დაიწყო, ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს სერია“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნებას „ქართულ ოცნებაში“ რადიკალური საკადრო ცვლილებები მოჰყვება, რაც განაჩენია კობახიძისთვის, რომელიც ლაგაზიძის შეფასებით, გვერდზე გაიწევს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერშიპი დიდწილად კობახიძეზეა მიბმული, მათ შორის ადგილობრივი ორგანიზაციები და იქ კვირიკაშვილის კადრებიც არიან. ივანიშვილს რომ დაეწყო რადიკალური საკადრო ცვლილებები, ალტერნატიული დასაყრდენი უნდა ჰქონოდა, ასეთი კი დღეს ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა.
დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება პარტიის მთელ ვერტიკალში განახლება. იგივე კობახიძის თუ კვირიკაშვილის კადრები გადახალისდებიან, ჩანაცვლდებიან ან გაჯერდებიან ღარიბაშვილის კადრებით. ეს ფაქტობრივად, განაჩენს ნიშნავს კობახიძისთვის, რომელიც თანდათან გაიწევს გვერდზე და მისი გავლენა როგორც პარტიულ ვერტიკალში, ისე პარლამენტში ცალსახად შემცირდება“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკაში საკმაოდ მძიმე პერიოდში ბრუნდება და მან მნიშვნელოვან კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი, როგორიც არის მოსამართლეების საკითხი და ხაზარაძის საქმე. როგორც ლაგაზიძე აცხადებს, აქ ღარიბაშვილს ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს – ან ჩაებმება „ქართული ოცნების“ მიერ გაჩაღებულ ფერხულში, ან არა და, მის შემოსვლასთან ერთად რადიკალური ცვლილებები უნდა იყოს ჩაფიქრებული, რომ ისიც დაბრუნებისთანავე ამ ნიაღვარში არ ჩაირეცხოს.
„ამჟამინდელი რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსასვლელად ღარიბაშვილის, როგორც სიმბოლოს მობრუნება საკმარისი ნამდვილად არ არის. ერთია, დააბრუნო ასეთი ადამიანი, მეორეა, რომ თუ შენ, როგორც პარტია და ხელისუფლება ყველა შენი ნაბიჯით საწყის ღირებულებებსა და პრინციპებს დაშორდი, რომელი ღარიბაშვილი გიშველის? სიმბოლო დარჩება სიმბოლოდ.
რადიკალური ცვლილებების აუცილებლობის წინაშე დგას „ქართული ოცნება“, ხოლო თუ ეს სინთეზში არ მოხდა, შედეგი მათთვის სასურველი ნამდვილად არ იქნება. მარტივად რომ ვთქვა, ღარიბაშვილი მოვიდა და ამავდროულად „ოცნებამ“ გააგრძელა ასოცირება ამ მოსამართლეების კლანთან, ამ შემთხვევაში საინტერესოა, რომელი უფრო გადაწონის“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
მოკლედ საქმე იქით მიდის, რომ თუ წვიმა არ მოვიდა, აუცილებლად იქნება გვალვა.
ეს კიდევ...
აი ესა!
ეს უკვე ხალხის თავზე დაფსმაც აღარ არის, ეს ხალხის თავზე დაჯმაა, დაჯმა!!!