წლების განმავლობაში რადიკალურად დაპირისპირებული ლიდერები ერთ მაგიდასთან აღმოჩნდნენ და ერთიანი ფრონტით ხელისუფლების შეცვლის მიზანი დაისახეს. „ყველა მინუს „ქართული ოცნება“, - ასეთია 20 ოპოზიციური პარტიის ლოზუნგი. საზოგადოების თვალში, ალბათ, არ იყო ეფექტური, როცა დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა და სხვა ოპოზიციონრები გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ერთ მაგიდასთან დამსხდარი იხილა, მაგრამ ოპონენტების მტკიცებით, მიზანია დიადი, მათ მილიონი ხელმოწერის შეგროვება სურთ, რათა „ოცნებას“ კონსტიტუციის შეცვლა და 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა აიძულონ.
„ოცნების“ წინააღმდეგ დარაზმულები ფიქრობენ, რომ ამ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ყოველი მეოთხე მოქალაქის წინააღმდეგ წასვლა ხელისუფლებას გაუჭირდება. რჩება სხვა ალტერნატივაც - ან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ან ხალხის პროტესტი. მიიღებს თუ არა ივანიშვილი ქუჩას, ეს მის შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.
ადრე „ნაციონალების“ მისამართით ისმოდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს. ახლა მსგავსი განწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ იგრძნობა. ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მოითხოვდა „ქართულ ოცნებას“ გამოეცხადებინა ერთპარტიული მმართველობის დასასრულის დასაწყისი და პროპორციული არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობდა. მისი აზრით, „ოცნების“ მთავარი პოლიტიკური პრობლემა ერთპარტიული, ქაოტური, არაკვალიფიციური მმართველობა იყო და „ნაციონალთა“ აღზევებაც „ოცნების“ არასწორ პოლიტიკას წარმოადგენდა. „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 20 ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან შეხვედრისას „ქართული ოცნების“ 78 წევრის 2015 წელს გაკეთებული ხელმოწერა მიიტანა, რომლითაც დასტურდება, რომ „ოცნების“ წევრები 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას თავად ითხოვდნენ.
რას მიაღწევენ „ოცნების“ ახლანდელი ოპონენტები, ამის შესახებ For.ge-ს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ესაუბრა.
20 პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მესამე ვადის შენარჩუნებით ვენესუელის კრიზისი გარდაუვალი იქნება საქართველოში. მათი აზრით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სტაბილურობის საწინდარია. მათგან განსხვავებით, უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ შეუძლებელია, 2020-ის არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდეს. რა რესურსები აქვთ ოპონენტებს და მიაღწევენ თუ არა კონსტიტუციის გადასინჯვის მიზანს?
- ეს არის გაერთიანებული ოპოზიციის 20 პარტიის მცდელობა, რომ როგორმე შეცვალონ სისტემა. თუმცა აქ გასარკვევია, კონკრეტულად რას აპირებენ ისინი. როგორც ვიცი, ეს ადამიანები 200 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ, რათა ცვლილება შევიდეს კონსტიტუციაში და 2020 წელს არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ამის თაობაზე მათთან გარკვეული კონტაქტი მქონდა და ვთვლი, რომ, ალბათ, გაჭირდება კონსტიტუციის გადასინჯვა, თუკი ისინი მოითხოვენ კონსტიტუციის გადასინჯვას და არა რეფერენდუმის დანიშვნას. საქმე იმაშია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, კონსტიტუციის გადასინჯვა შეიძლება ორი სხვადასხვა კვორუმით. თუ თავიდან კონსტიტუციას მხარი დაუჭირა 2/3-მა, ან ცოტა მეტმა, მაგრამ არა ¾-მა, მაშინ ძალაში არ შედის ეს ცვლილება და შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახლადარჩეული შემდეგი მოწვევის პარლამენტი მას დაამტკიცებს. ანუ მე არ გამოვრიცხავ ვარიანტს, შეგროვდეს 500-600 ათასი ხელმოწერა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადონ, რომ კი, ჩვენ ვიზიარებთ ხალხის ამ სურვილს და 2/3-ით მიიღონ ეს ცვლილება, ანუ 2020 წლის არჩევნები კვლავ ჩატარდეს პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. იმ შემთხვევაში, თუ ¾ მიიღებს ასეთ ცვლილებას, მაშინ უკვე 2020 წელსვე ამოქმედდება პროპორციული სისტემა. მე ვთვლი, რომ ¾, ჯერ ერთი, თავად „ოცნებას“ უკვე აღარ გააჩნია, ამიტომ ცოტა რთული იქნება ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა.
რეფერენდუმით გაცილებით იოლია ამ გადაწყვეტილების მიღება?
- დიახ, რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა საკანონმდებლო-აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. ამიტომ პარლამენტი ¾-ით ვალდებული იქნება, ცვლილება შეიტანოს კონსტიტუციაში, რაც რეფერენდუმითაა შესაძლებელი. თუკი ასეთი პოლიტიკური ნება ხალხის მიერ იქნება გამოთქმული, კი ბატონო, მაშინ პარლამენტი იძულებული იქნება, ეს გააკეთოს. თუ პარლამენტი ამას არ გააკეთებს, მაშინ ეს იქნება ანტიკონსტიტუციური ქმედება და შეიძლება მისი გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში.
ფიქრობთ, რომ ამ 20 ოპოზიციური პარტიის შემდგომი ნაბიჯი რეფერენდუმზე ამ საკითხის გატანა იქნება?
- არ ვიცი, მათი მომავალი ნაბიჯი რა იქნება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ისინი ამბობდნენ, რომ ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციაში. ამ 20 პარტიის შიგნით რა ხდება, ვერ გეტყვით. თუკი ნამდვილად პოლიტიკური სურვილი გააჩნიათ, რომ 2020-ში ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნები, უმჯობესი იქნება, რეფერენდუმს მიმართონ.
ცოტა რთული დასანახი იყო ამომრჩევლისთვის, როდესაც გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ისხდნენ ბურჯანაძე, კუკავა, უსუფაშვილი და სხვები, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ „ნაციონალებს“. რამდენად დასწევს ამ ადამიანების წონას ის ფაქტი, რომ ერთ დროს ოპონენტები დღეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ „ნაციონალებთან“ დაზავდნენ?
- თქვენ უკვე უპასუხეთ თქვენს კითხვას, ვინაიდან გაერთიანებული ოპოზიციის ლოზუნგი „ყველა მინუს ერთი“, ეს არის პრაგმატულად შეკრებილთა ერთობა. სიტყვა „პრაგმატი“ საქმეს ნიშნავს. ამდენად, თუ უნდათ, საქმით შეცვალონ არსებული რეჟიმი, ყველა უნდა გაერთიანდეს. რესურსი მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციას გააჩნია, ანუ ეს უნდა იყოს ხელმოწერების დიდი რაოდენობა, ან რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, ან კონსტიტუციის გადახედვის მოთხოვნა უნდა წამოაყენონ. ეს არის დროებითი ალიანსი, რათა არსებული რეჟიმი შეიცვალოს და 2020 წელს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით. აქ მოულოდნელი არაფერია.
„ოცნების“ წარმომადგენლები ოპონენტებს ბონუსის გარეშე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2024 წლისთვის სთავაზობდნენ, მაგრამ ოთხი წლით ადრე, ანუ 2020 წლისთვის რამდენად წინგადადაგმული ნაბიჯი იქნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შემდგომში ძალების ბალანსის თვალსაზრისით?
- თუკი ჩვენ გვსურს პოლიტიკური პლურალიზმის გამყარება სახელმწიფო ინსტიტუტებში, მაშინ პროპორციული სისტემა იმ დათქმით, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს 3%-იანი საარჩევნო ბარიერით, რაც კონსტიტუციაშიცაა უკვე დაფიქსირებული, წინგადადგმული ნაბიჯია. თუ დღევანდელ კონფიგურაციას და დღევანდელ მონაცემებს ავიღებთ, 3%-იანი საარჩევნო ბარიერით პარლამენტში სულ ცოტა 5-6 პარტია მაინც შევა. კოალიციური მთავრობის დამყარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ეს გზა არის შესაძლებელი.
როგორ ფიქრობთ, მაჟორიტარული სისტემა მთლიანად უარსაყოფია, რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არ ამართლებს?
- თავისთავად, მაჟორიტარული სისტემა არ არის ცუდი. მაჟორიტარული სისტემით აირჩევა შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატა, დიდ ბრიტანეთში თემთა პალატა, ასევე, გერმიანიაში, საფრანგეთში მაჟორიტარულ სისტემას იყენებენ. პოსტსაბჭოურ ქვეყნებში კი მაჟორიტარული სისტემა მუშაობს ხელისუფლებაზე. ხელისუფლებას გააჩნია დიდი ადმინისტრაციული რესურსი ადგილებზე. მაჟორიტარულ ოლქებში ხელისუფლებას ყოველთვის უადვილდება მისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანა. გარდა ამისა, ჩვენთან არ დამკვიდრდა მაჟორიტარული სისტემის პოზიტიური შედეგები, ანუ ჩვენი მაჟორიტარებიდან ზოგიერთი თავის საარჩევნო ოლქში არც კი არის ნამყოფი, თავის ამომრჩეველს არ ხვდება, მათ ინტერესებს არ იცავს. ამიტომ მაჟორიტარები არაპოპულარულნი არიან საქართველოში, არც პოლიტიკური საარჩევნო კულტურაა საქართველოში დამკვიდრებული იმისთვის, რომ არ აჰყვნენ ხელისუფლებას, ჩვენი ამომრჩეველი ყოველთვის მხარს უჭერს ხელისუფლების წარმომადგენელს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ჯერჯერობით ასეთი პრაქტიკაა დამკვიდრებული.
რაც არ უნდა გაერთიანდნენ მათი საშველი არ იქნება, რადგან ისინი "0, без палочки"
არიან.
ეს დემეტრა/წა/შვილი ხომ საერთოდ "საიდანაც ქროდა სიო"-ა და მაგრად უქიქინებს.
მაჟორიტარული სისტემა უნდა დარჩეს, რომ ყველა ბოთლზე ჩამოცმულ პარტოკრატებს თავიანთი "პარტიებით'" ყავლი გაქვთ გასული, ხალხი "ჯიქანზე" გცნობთ გამოღეჭილები ხართ, ჯიქანის ავსება პარტიული სიების საძოვარზე კორუფციული გარიგებებით გინდათ შეივსოთ, ივანიშვილსაც ვეღარ წველით, და გადანახულსაც აკლდება...
ქამრების შემოჭერის დრო დაგიდგათ!
მოგიწევთ ჯიხურების ჩადგმა სახლის წინ და პარტიული შელოცვებით ვაჭრობა... ან დამწყები
"პოლიტიკოსებისათვის" სპირიტუალური სეანსების ჩატარება... თუარადა შავ მუშებად, ან ტაქსისტებად გადაკვლიფიცირება!...
სააკაშვილის, გათეთრების მოლოდინში ვარ...