საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა სახელმწიფო უწყებების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წარუდგინა.
იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ პენიტეციური და პრობაციის სისტემების განვითარების ინიციატივები გააცნო; გაიმართა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. აღნიშნული დოკუმენტი ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის პროექტის დახმარებით შემუშავდა. თეა წულუკიანმა ისაუბრა ეფექტიანი და ეფექტური პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების უზრუნველყოფის გზებზე, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს სასჯელის აღსრულების ან სასჯელის ალტერნატიული სახეებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით და ამავდროულად, პატივს სცემს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებს, ღირსებას და ინდივიდუალურობას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პენიტენციური სამსახურის საქმიანობა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას და განმეორებითი დანაშაულის შემცირებას იმისთვის, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს ზოგადი უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი.
„ჩვენი მისიაა, ევროკავშირთან ერთად, განვავითაროთ ისეთი პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემები, რომლებიც უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. სისტემებში ჩვენ განვავითარებთ და შევინარჩუნებთ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს, ხელს შევუწყობთ მათთვის სათანადო და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რათა დავიცვათ მათი ღირსება და ადამიანის უფლებები. ჩვენ ასევე დავნერგავთ თანამედროვე და პროფესიონალური მართვის პრაქტიკას, ვითანამშრომლებთ სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ დაწესებული სანქციების სამართლებრივი, უსაფრთხო და პროფესიონალურად აღსრულება იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ მათ უფრო ნაყოფიერად და კანონმორჩილად განაგრძონ ცხოვრება“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, ასევე დაისახა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. პროექტის მნიშვნელობაზე პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა (EU4Justice), რანდელ ბაროუზმა და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში, კარლო ნატალემაც ისაუბრეს და სამოქმედო გეგმის მიზნების ეფექტურობას გაუსვეს ხაზი. სამოქმედო გეგმაში შედის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ახალი მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა, ხოლო არსებული დაწესებულებების გაუმჯობესება; პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში ეფექტიანი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის განხორციელების გზით განმეორებითი დანაშაულის შემცირება და შედეგად დანაშაულის პრევენცია;პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ბიუროებში ბრალდებულების, მსჯავრდებულების, თანამშრომლების და სტუმრებისათვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნა; პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ბიუროებში ჯანსაღი გარემოს შექმნა გადამდები დაავადებების პრევენციის და შემცირების გზით, ასევე სუიციდის და თვითდაზიანების პრევენციის ზომების და ფსიქიური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესება; სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და ყველა სათანადო კანონთან, რეგულაციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა სასამართლოს და საზოგადოების მოლოდინების გამართლების უზრუნველსაყოფად; სპეციალური პენიტენციური სამსახურის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობის, ორგანიზაციული შესაძლებლობების და საზოგადოებისათვის გახსნილობის გაუმჯობესება და გაძლიერება.