უგემრიელესი ნაზუქი ბებიის რეცეპტით

უგემრიელესი ნაზუქი ბებიის რეცეპტით

ყველაზე გემრიელი თონეში გამომცხვარი ნაზუქია, მაგრამ მისი გამოცხობა ღუმელშიც შეიძლება.  გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ რეცეპტით საოცრად გემრიელი ნაზუქი ცხვება და არაფერი აქვს საერთო სურამში გზის პირას გასაყიდად გამოტანილ სუროგატებთან.

ინგრედიენტები მოცემულია დიდი რაოდენობით, რადგან განკუთვნილია თონეში ცხობისთვის. ღუმელში გამოცხობის დროს გაანახევრეთ ან სულაც ოთხად გაყავით. ამ რაოდენობის ინგრედიენტებით თონეში 20 დიდი ნაზუქი ცხვება.

ინგრედიენტები

კვერცხი - 4 ცომში, 7 ზემოდან გადასასმელად

მაწონი - 800 გ

ვანილი - 2-3 პაკეტი

დარიჩინი - 2 ჩ.კ. დაფქული

მიხაკი - 2 ჩ.კ. დაფქული

რძე - 3 ლ

შაქარი - 3 კგ

ფქვილი - დაახლოებით 4 კგ

საფუარი - 2-3 ს.კ

ზეთი - 400 გ

ქიშმიში

მომზადების წესები

საფუარი თბილ რძეში გახსენით და აფუება აცალეთ. შაქარიც თბილ რძეში უნდა გაიხსნას.

ფქვილს შუაში გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით საფუარიანი მასა, შაქრიანი რძე, მაწონი, ზეთის ნახევარი,  კვერცხები და სანელებლები (სანელებლების რაოდენობა გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ გაზარდოთ). დაიწყეთ ცომის მოზელვა.ზელვა საჭიროა დიდხანს, სანამ ცომი არ გახდება ელასტიური, მკვრივი და ბუშტუკებიანი, ხელები ისველეთ დარჩენილ ზეთში. დიდხანს ზელით ცომი ჟანგბადით მდიდრდება. უნდა იყოს დაახლოებით როგორც პურის ცომი, რადგან უფრო რბილი თუა თონეში ჩავარდება, არ მიეკრობა. თუ თონეში არ აცხობთ, შეგიზლიათ უფრო რბილი ცომი მოზილოთ. ბოლოს შეურიეთ ქიშმიშიც. შემდეგ დადგით ასაფუებლად.

ამის შემდეგ წესით თონე უნდა გაახუროთ. გათქვეფილი კვერცხი ესმევა უკვე ჩაკრულ ნაზუქს, სასურველია ორჯერ წასმა, უფრო მკვეთრი ფერისთვის. ამას გაზქურაში ვერ გააკეთებთ, უბრალოდ გამოცხობის წინ წაუსვამთ კვერცხს( ამ შემთხვევაში ნაკლები რაოდენობის კვერცხი დაგჭირდებათ, რადგან თონისგან განსხვავებით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ცხვება) და პირდაპირ გამოაცხობთ,  ზემოდან გრილით დაბრაწეთ.

ბოლოს თონეში ჩაყარეთ 1-2 მუჭა შაქარი და სწრაფად დააფარეთ (როგორც წესი ფიცრებს აფარებენ ხოლმე) ზემოდან კი რაიმე სქელი ქსოვილი, თუნდაც ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამთ. შაქრის ჩაყრისას ამოდის საშინელი ბოლი, რომელიც თვალებს დაგწვავთ თუ დროზე არ დააფარებთ.  ამ დამწვარი შაქრის ბოლში ცხვება ნაზუქი.