არადა, ყოფილა...

არადა, ყოფილა...

2006 წლის მუნდიალის ფინალი მახსენდება, იტალია-საფრანგეთი. იტალიას ვქომაგობდი, თუმცა - ზიდანსაც. კარიერას ასრულებდა ღირსეული კაცი და მინდოდა, ჩემპიონად წასულიყო. ალბათ, ყველას გახსოვთ, როგორი იყო, ფინალის ფინალი, თუმცა, მაინც შეგახსენებთ - ბოლო წუთებზე ფრანგების ლიდერი უეცრად მოტრიალდა და იტალიელ მცველს, მარკო მატერაცის მკერდზე თავი ქალაქურად დრუზა. მატერაცი დაეცა, ზიდანი გააძევეს, საფრანგეთი დამარცხდა...

და მას შემდეგ არ წყდება კამათი - უნდა გაეკეთებინა თუ არა ზიდანს ის, რაც გააკეთა?

უნდა გაეკეთებინა!

ჯერ ღირსებაა და შემდეგ - ტიტულები. ზინდინ ზიდანი ფეხბურთიდან წითელი ბარათით წავიდა, მაგრამ საყვედური არავის დაცდენია.

ჯერ ღირსებაა და შემდეგ ყველაფერი სხვა.

ჩვენც გვყავდა კაპიტანი. ფეხბურთიდან თავაწეული წავიდა, ფედერაციის პრეზიდენტად იყარა კენჭი, გაიმარჯვა, სუფრა გაშალა და გადადგა - თანამდებობისთვის შეუფერებელი ვარო. ჯერ დაახლოებით მივხვდით, რაშიც იქნებოდა საქმე, შემდეგ დეტალებიც გაირკვა. თუ ნაკრების კაპიტანი ფედერაციის პრეზიდენტი გახდებოდა, მისი მეგობრები დაკარგავდნენ ბიზნესს და დაკარგავდნენ თავისუფლებას.

დღეს ის კაპიტანი პოლიტიკაშია და სწორედ იმ ადამიანებს წარმოადგენს, რომლებმაც დააბნიეს და დაამცირეს. ჩვენ მას არც ვაქებთ და არც ვაძაგებთ. ის, უბრალოდ, აღარ არსებობს, ნულია. დაბნეული ნული.

ეს, ციფრებში და რიცხვებშია, ერთი და ნული ათს რომ ქმნიან, თორემ ცხოვრებაში კაცები და არაკაცები ერთ მდელოზე ვერ ძოვენ.

ერთიანია მთავარი, ღირსეული ერთიანი, პიროვნება...

საქართველოს ყავს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი ქართველების მთავარსარდალია. გვყავდნენ ბაგრატი, დავითი, თამარი, გიორგი, ერეკლე... გვყავდნენ თორნიკე, ზაქარია, ცოტნე, გიორგი... ახლა სააკაშვილი გვყავს. გადაუფრინა თვითმფრინავმა და გაგორდა - ისეთნაირი კურდღელივითო, რომ იტყვიან. გვერდით ფრანგების საგარეო საქმეთა მინისტრი ედგა. კუშნერი არც კი განძრეულა და შემდეგ, როდესაც კითხეს - არ შეგეშინდათო? - უპასუხა, მე საფრანგეთს წარმოვადგენდიო.

ის თუ წარმოადგენდა ვინმეს, ის - ისეთნაირი კურდღელი?

ის წარმოადგენდა დედას, რომელიც თურქ ბიზნესმენებს წარმოადგენს და წარმოადგენდა ბიძას, რომელიც რუსეთის უშიშროების წარმომადგენელია. კიდევ ვიღაცეებს წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს, მაგრამ ის ვიღაცეები არავის წარმოადგენენ და არც თვითონ წარმოადგენენ რამეს.

წარმოუდგენელია, რომ ნული ვინმეს წარმოადგენდეს. შეუძლებელია, რომ ნული წარმოადგენდეს რამეს.

ახლა ვხვდები, რომ ის კაპიტანი არც მაშინ წარმოადგენდა ვინმეს, როდესაც კაპიტანი იყო, თუმცა, რატომაც არა? წარმოადგენდა საკუთარ თავს, მაგრამ ნულის წარმომადგენელი ხომ ისედაც ნულია!

ნულოვანი პრეზიდენტი, ნულოვანი მთავარსარდალი, ნულოვანი პარლამენტი, ნულოვანი მთავრობა, ნულოვანი სასამართლო...

ნულოვანი ტოლერანტობაო - იმან, ისეთნაირმა კურდღელმა, ნულმა, ბიძის და დედის წარმომდგენებს რომ წარმოადგენს. სამაგიეროდ, მას წარმოადგენენ: უზრდელები, უვიცები, თავხედები, ლაჩრები, ვიგინდარები, უქნარები, უსამშობლოები და ქვეყნის მასხარები, პირველი არამზადები და უკანასკნელი ნაძირლები, აბსოლუტური ნულები და, რაღა ბევრი გავაგრძელო, როდესაც მათი დახასიათება ერთი სიტყვითაც შეიძლება - უღირსები.

კიდევ ერთი სიტყვა არსებობს - გოიმი, რაც, პრინციპში, გამოუსვლელს ნიშნავს და ახლა, კიდევ ერთი სიტყვა გამახსენდა, რაც ადრე ოდენ უწყინარი ყალთაბანდი მეგონა ირონიულად, და ირანულად სხვა რამ კი აღმოჩნდა. ეს სიტყვა არის „თუქსუსი“, რასაც აღარ განვმარტავ, თვითონ გაიკითხეთ.

ძალიან საწყენია, რომ ისინი, რომელთან ერთადაც ლუკმის გატეხვა და ჭიქა ღვინის ჩაყოლება კი არა და, ერთი ჰაერით სუნთქვაც კი შეუძლებელია, მთელი ცხრა წლის განმავლობაში მართავდნენ სახელმწიფოს, რომელიც ქვეყანაა და ეს ქვეყანა ჩვენი სამშობლოა. სანამ დავიბადებოდით უკვე ჩვენი სამშობლო იყო, რადგან აქ უნდა დავბადებულიყავით და როდესაც აღარ ვიქნებით, მერეც ჩვენი სამშობლო იქნება, რადგან აქ მოგვიგონებენ.

მგონი, ყინული დაიძრა. ხომ უნდა დაძრულიყო როდესმე? როდესმე ხომ უნდა ამოგვეღო ხმა ჯერ ყველას ცალ-ცალკე და შემდეგ ყველას ერთად! ცალ-ცალკე მაშინ, როდესაც ცალ-ცალკე ვფიქრობდით და ერთად – როდესაც ერთად მივხვდით და გავიაზრეთ, რომ თუ ყველამ ერთად არ აღვიდგინეთ ღირსება, მაშინ ამის გაკეთება ცალ-ცალკე მოგვიწევს, მაგრამ არა აქ, სამშობლოში, არამედ იქ, სადაც სამშობლო ძალიან გენატრება.

მძიმე სურათია, ძნელი ამბავია... როგორია, ოჯახში უწმინდური შემოუშვა, შემდეგ კი წახვიდე და კარი გაიკეტო! არადა, შემოვუშვით და დავივიწყეთ. თავი წამოყვეს და გვერდით გავიხედეთ. ხმა ამოიღეს და წავუყრუეთ. სახლი ციხედ აქციეს, ადამიანები - ტუსაღებად და ამ დროს გამოჩნდნენ (ასეთ დროს გამოჩნდებიან ხოლმე) ვიღაც-ვიღაცეები, რომლებმაც გვითხრეს, რომ: უნდა დავიცვათ პოლიტკორექტულობა; არ უნდა გამოვიყენოთ სიძულვილის ენა; უნდა დავიცვათ ბალანსი; არ უნდა ავყვეთ ემოციებს; უნდა გავასწოროთ სახე, უნდა შევარჩიოთ ტონი და უნდა შევარჩიოთ სიტყვები, რომლებიც მართალია მხოლოდ ცარიელ სიტყვებად დარჩებიან, სამაგიეროდ დაცული იქნება ბალანსი და პოლიტკორექტულობა, მაგრამ არ იქნება დაცული არც სახელმწიფო, არც მოქალაქე და არც ღირსება.

„ბოდიშს გიხდით, რომ აქამდე არ ვყვიროდით“ – შემოგვითვალეს ემიგრანტებმა ავსტრიიდან და, იყვირეს.

იმას კი არ ვამბობ, მაინცდამაინც უნდა ვიყვიროთ და შევიგინოთ–მეთქი, მაგრამ... თუ გული და შუბლის ძარღვი გვთხოვს, უნდა შევიგინოთ კიდეც, როგორც, მაგალითად, იმ დღეს დათო ტურაშვილმა: „შე დედამ...ლო, ჩემი ფულით რომ ცხოვრობ ამდენი წელი და რეაქციას არ აძლევ, სახლში რომ მიხვალ და გადაბრუნდები და დაიძინებ, რომ იცი, რომ ოცი წლის ბიჭს წამებით კლავენ ციხეში...“

ეგრე, რა... და, გოგლიკოს ცნობილი გაკვირვება მახსენდება აკა მორჩილაძის ერთ–ერთი ნაწარმოებიდან: „სად იყავი, შეჩემა?!“

ტურიკა – ტურიკაა, სხვანაირად ვერც მოიქცეოდა და უკვე აღარც არის საინტერესო, სად იყო აქამდე – სანტა–მარია–დე–ლა–ალმუდენას ტაძარში თუ „რუსთავი–2“–ის სტუდიაში. მთავარია, რომ თქვა ის, რაც უნდა ეთქვა, უთხრა მათ, ვისთვისაც უნდა ეთქვა და იგულისხმა ის, ვინც „ნტ, ნტ გაბრაზდა“, მაშინ როდესაც მთელი საქართველო თავს გაუპატიურებულად გრძნობდა.

ვაჰ, და – პოლიტკორექტულობა? რას იტყვიან მედია–ექსპერტები, მედია–მკვლევარები და მედია–კრიტიკოსები? ისინი გამოვლენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით, დასხდებიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საქათმეში და ჩამოთვლიან, სად რა უარყოფითი ითქვა, რა ტონალობაში ითქვა, რამდენჯერ ითქვა და იქვე შეიმუშავებენ რეკომენდაციასაც, რომ თუ მართლა გვსურს უმუშევრობის დამარცხება, ინფლაციის შემცირება და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, უნდა დავიცვათ პოლიტკორექტულობა; არ უნდა გამოვიყენოთ სიძულვილის ენა; უნდა დავიცვათ ბალანსი; არ უნდა ავყვეთ ემოციებს; უნდა გავასწოროთ სახე, უნდა შევარჩიოთ ტონი და უნდა შევარჩიოთ სიტყვები. იქვე აგვიხსნიან, რა არის კორექტულობა და კეთილმოსურნეობა, როგორია სწორი მიმიკა და დაბალანსებული ტონი. შეგვირჩევენ სიტყვებსაც: ეპატაჟური, რელევანტური, პერმანენტული, ავთენტური, სენსიტიური, სტაბილური, რენტაბელური...

ბოლოს და ბოლოს, ნეხვი როგორ არის ფრანგულად?!

და როცა სოფლის ცხოვრებაზე რეპორტაჟის დასაწერად სოფლის ორღობეში მიმავალი გზაზე ნეხვს დავინახავ, დავწერო, რომ ნეხვი დავინახე, თუ რომელიმე პოლიტკორექტულ მედია–ექსპერტს დავეკითხო, როგორ მოვიხსენიო საკუთარი თვალით ნანახი – დედალი ვირის განავლად თუ მამალი ძროხის ექსკრიმენტად?

საერთოდ, ყოველთვის ჯობს თეთრს თეთრი უწოდო და შავს – შავი. შეგიძლია, ერთსაც და მეორესაც უწოდო ნაცრისფერი და შემდეგ, ვითარების მიხედვით, თქვა, რომ უფრო თეთრში გადადის ან უფრო შავში და დაიმსახურო, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ნოდარ ლადარიასთან ერთად იჯდე, უმცირესობების სიყვარულის ამბავში ფიგაროს ჯიგაროზე აქორწინებდე, არავინ გისმენდეს, არავინ გიცქერდეს, საზოგადოებისთვის აწაპნილი ფული კი ხელფასის სახით მიჩხრიალებდეს ჯიბეში.

დრო და სივრცე უსასრულოა. მედროვეები სხვებზე უკეთ გრძნობენ სივრცეს, სივრცეში კი ეჰ, რა პატარაა შენი ისედაც პატარა და კიდევ უფრო დაპატარავებული სამშობლო.

მერე რა? მთავარი ხომ ღირსებაა! ღირსება, რომელსაც გვართმევდნენ, ფეხქვეშ თელავდნენ, აკნინებდნენ, აუფასურებდნენ, არაფრად აგდებდნენ, მაგრამ ღირსება ისეთი მეგობარია, რომელსაც შენ თუ ხელი არ კარი, ვერც ვერავინ წაგართმევს და არც თვითონ მიგატოვებს. აი, ომი საკუთარ თავთანო და რამე. ეს ომი უნდა მოიგო, ამ ომში უნდა გაიმარჯვო და მაშინ გაქვს ღირსება და მაშინ ხარ სამშობლოს ღირსი. ომს ხასიათი იგებს, მტერს თვალი არ მოაშორო და უკანაც იყურე – სადმე უკან დასახევი ხიდი და გზა ხომ არ დაგრჩა? თუ დაგრჩა – დაწვი, ჩახერგე. სიტყვით, საქმით.

ხომ ყავდათ ჩვენს პაპებს ექვთიმე თაყაიშვილი? ხომ ყავდათ ჩვენს მამებს მერაბ კოსტავა და ხომ გვყავდა ჩვენ, ეჰ, რა ბიჭები...

დედა–საქართველოს ლოცვა,

დაგიფარავთ ეს მანდილი

და გახსოვდეთ, რაინდები ხართ.

მიფრინავენ ისევ წლები, ისევ დგება ჩვენი ჯერი

მამულისთვის ისევ ვიღებთ ხმალს

გახსოვთ ეს სიმღერა? დავიწყება შეუძლებელია.

მზე ამოვა სისხლისფერი და პატარა ათინათი

გადმოგვხედავს სევდიანად ჩვენ,

ისევ ისე ბრძოლა გველის, ისევ ჩვენთან არის ღმერთი,

ისევ დგება გადამწყვეტი დღე...

ხომ იყო? ხომ მართლა იყო და ხომ მართლა ძაან მაგარი იყო, ერთდროულად ძნელი და ლამაზი, და ერთდროულად ძნელი და ლამაზი ყოველთვის ყველაფერზე ტკბილი რომაა, რად უნდა ამას დიდი სჯა–ბაასი? და ისევ იმ ძნელის, ტკბილის და ლამაზის მოგონებებში, ოდნავ ხომ მაინც დავრჩით სტუდენტებად, ჯარისკაცებად და ეროვნულ მოძრაობად? და ხომ ძალიან გვწყდებოდა გული, როდესაც საპროტესტო აქციებზე მხოლოდ ჭაღარა და ჭაღარისპირას მდგარი ხალხი ვიდექით და გვეგონა, რომ არ გვქონდა მომავალი, რადგან აღარ იყო ღირსება.

არადა, ყოფილა...

თურმე, სად ვიდექით და სად ვბანაობდით... თურმე, ესენი ვინ ყოფილან...

სხვისი არ ვიცი და, ღირსების დასაცავად ქუჩაში გამოსულ სტუდენტობას რომ ვუცქერ, ლამისაა მეცხრე ცაზე ავფრინდე.

რამდენიმე დღეა ისევ სტუდენტები ვართ, ისევ ეროვნული მოძრაობაა და, ჰოი საოცრებავ – ეროვნული მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ!!!

წლები გავა, „ნაციონალურის“ ხსენებაზე კი ყოველთვის გაგვახსენდებიან უზრდელები, უვიცები, თავხედები, ლაჩრები, ვიგინდარები, უქნარები, უსამშობლოები და ქვეყნის მასხარები, პირველი არამზადები და უკანასკნელი ნაძირლები, აბსოლუტური ნულები და, რაღა ბევრი გავაგრძელო, როდესაც მათი დახასიათება ერთი სიტყვითაც შეიძლება - უღირსები.

ისინი აღარ იქნებიან, მაგრამ მეხსიერებაში მათი ადგილი ყოველთვის მოიძებნება.

ხომ გვახსოვს ფილიპე მახარაძე?