რა იქნება აგონიის დასრულების შემდგომ?

რა იქნება აგონიის დასრულების შემდგომ?

 

ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა 21-ე საუკუნეში იმას, რომ სადმე მსოფლიოში  რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლების სათავეში უმწიფარი და უტვინო გოგო-ბიჭები მოვიდოდნენ. დემოკრატიასა (ხალხის მმართველობა) და ოქლოკრატიას (ბრბოს მმართველობა) ხომ უძველესი დროიდან იცნობს კაცობრიობა. ბრეჟნევისეულმა საბჭოთა კავშირმაც ”გერონტოკრატიით” (მოხუცებულთა მმართველობა) მოასწრო გაეოცებინ მსოფლიო, მაგრამ ყველას ნამდვილად დღევანდელმა ქართულმა ”იუვენტოკრატიამ” (ახალგაზრდობის მმართველობა) “გადაუჯოკრა“.

ახალგაზრდობა ყველგანაა კაცობრიობის საუკეთესო ნაწილი და 2003 წლის შემოდგომაზე შევარდნაძის სიძულვილით დაბრმავებულმა უგუნურმა და უპრინციპო ქართულმა საზოგადოებამ  გამოუცდელ ღლაპებს თუ ჩაუგდო ხელში ხელისუფლება, ამაში ჩვენი შვილები ნამდვილად არ არიან დამნაშავენი.

განა ახალგაზრდის ბრალია, ცხოვრებესული გამოცდილება რომ აკლია?

რა თქმა უნდა არა!  მაჭარიც ღვინდება და ადამიანიც, მაგრამ  ორივენი მხოლოდ თავის დროზე...

გონიერი და წესიერი კაცი ცხრა წლის წინაც ხვდებოდა ყველაფერს. თუმცა, ”ვარდების რევოლუციის” ტაშ-ფანდურითა და ცეკვა-თამაშით გონებადაბინდულ უამრავ ჩვენ თანამემამულეთა მგზნებარე მხარდაჭერის ფონზე,  პროტესტის კანტი-კუნტი გამოვლინება დარჩა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

სამაგიეროდ კარგად ისმოდა ყმაწვილ რევოლუციონერთა გამარჯვების ხმამაღალი ყიჟინა.

”ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში!”

”ჩვენ დავამარცხებთ კორუფციას!”

”ჩვენ გავაჯანსაღებთ ჩამყაყებულ საზოგადოებრივ ცხოვრებას!”

”ჩვენ გავამთლიანებთ საქართველოს, რომელიც უფროსი თაობის დოყლაპიობის გამო დაანაწევრეს!”

”ჩვენ შევალთ ნატოში, რომლის კარებს თქვენ, ჩვენი მამები, გაუბედავათ უკაკუნებდით მხოლოდ!”

”ჩვენ ყველაფერი ვიცით, ვინაიდან თქვენგან განსხვავებით, ამერიკასა და ევროპაში მივიღეთ განათლება!” 

გაუთავებელი “ჩვენ, ჩვენ და ჩვენ“, უფროსი თაობის სიძულვილითა და ქედმაღლობით გაჯერებულ “თქვენ“-თან ერთად.

”თქვენ ყველანი კორუმპირებულები ხართ!”

”თქვენ მონობაში ხართ გაზრდილნი!”

”თქვენ ჩარეცხვის ღირსები ხართ და ჩაგრეცხავთ კიდეც!”

გვიწიოდნენ ყურებში და გვიქნევდნენ მუშტებს ჩვენივე შვილები და მათი თანატოლები.

ასეთი იყო  ”იუვენტოკრატიის” ტრიუმფი საქართველოში.

ამ დროს კი ავიწყდებოდათ ჩვენ ახალგაზრდებს ის, რომ ყოველი მათგანი ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში გაიზარდა და მშობლებიც იმ თაობისა ჰყავდა, თავადვე რომ  ”ჩარეცხა” დაუნდობლად რევოლუციონერ მეგობრებთან ერთად.

ავიწყდებოდათ, რომ უფროსი ასაკის  კორუმპირებულ პიროვნებებთან ერთად,  უამრავი ხნოვანი, მაგრამ პატიოსანი ადამიანები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ყოველთვის საქართველოში.  

ავიწყდებოდათ ისიც, რომ ქართველი გოგო-ბიჭების კარგა მოზრდილი ნაწილის მიერ ევროპა-ამერიკაში 6-7 თვიან კურსებზე მიღებული ე.წ. ელიტარული განათლება მნიშვნელოვანწილად მდაბიურ ინგლისურ ენაზე გაუმართავი მეტყველების უნარის შეძენა იყო მხოლოდ და მეტი არაფერი.

მათ მიერ ნაქები საზოგადოებრივი ცხოვრების გაჯანსაღება კი: ”ვარდების” ხელისუფლების მიერ სამარცხვინოდ წაგებული 2008 წლის აგვისტოს  ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის იურიდიული გაფორმებით; ქვეყანაში სიმართლისა და სამართლის თითქმის სრული გაქრობით; საქართველოს მოსახლეობისათვის თავისუფალი ტელე-სივრცის პრაქტიკულად სრული დახშობით;  ოთხივე “სიმართლედახშულ” ნაციონალურ ტელეარხზე უტვინო ხელისუფალთა აღვირახსნილი აგრესიით; სატელიტური თეფშების ”დაპატიმრებით”; მოქალაქეთა ყველა ფენის წინააღმდეგ მიმართული ტოტალური ძალადობითა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უმწეო პატიმართა ცოცხით გაუპატიურებით შემოიფარგლა.  

ყველაფერ ამასთან ერთად მთელმა მსოფლიომ ისიც კარგად დაინახა  თუ  ”იუვენტოკრატების” წყალობით როგორ  დაშორდა რეალურად საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

სულ ცხრა წელი დასჭირდა ჩვენ ქვეყანაში  ”იუვენტოკრატიის” სვლას ტრიუმფიდან ტრაგედიამდე. ვინაიდან, ”იუვენტოკრატიის” აგონია, უფლისა და საქართველოს მოქალაქეთა ნებით, შეწყდება 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

კარგია ცხრაწლიანი ”ვარდისფერი” ჯოჯოხეთი ბოლოს და ბოლოს რომ დასრულდება, მაგრამ შეშფოთებულები ნამდვილად უნდა ვიყოთ ყველანი. თუნდაც იმის გამო, თუ რამდენად დიდია “იუვენტოკრატიის“ “იუვენტოფობიით“ ჩანაცვლების საფრთხე ”ვარდების” გოგო-ბიჭების 1 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემდეგ. ამ დროს სულ არ აქვს მნიშვნელობა აგონიაში მყოფი ჩვენი რეგვენი ხელისუფლება აღიარებს დამარცხებას თუ შეეცდება ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას. ორივე შემთხვევაში მოძალადე ”იუვენტოკრატია” განწირულია პოილიტიკური კრახისათვის.

რა შეიძლება ამას მოჰყვეს თუ ემოციებს აყოლილი ჩვენი ხალხი სამართლიან ანგარიშსწორებას შეეცდება?

“ვარდების ხელისუფლების“ მიერ ”ჩარეცხილ“ ქართველთა (სხვა სიტყვებით კი 40-50 წელს გადაცილებულ ჩვენ თანამემამულეთა) გიგანტური  “არმია“ უამრავი ”იუვენტოკრატით” შეივსება. სიძულვილით გადავსებული ასეთი საქართველოდან კი ერთი ნაბიჯია საქართველომდე ქართველების გარეშე!  

ეს დაუშვებელია და  “ჯოხი“ მარტო ქართველ ახალგაზრდებზე არ უნდა გადატყდეს!

ჩვენ ყველანი ვართ თანამონაწილენი იმ გაუგონარი დანაშაულისა, რომელსაც საქართველოზე საეჭვო ხასიათის პოლიტიკური ექსპერიმენტების ჩატარება ჰქვია.

ჩვენ ყველამ, უგუნურობის, უპრინციპობის, ლაჩრობის, ქედმაღლობის, გაუბედაობის, ანგარების, სიძულვილისა თუ ქარაფშუტობის გამო დავუშვით საქართველოში ”იუვენტოკრატიის” გალაღება.

ჩვენ არ გვეყო ძალა და გამბედაობა იმისა, რომ თავის დროზე აღვდგომოდით წინ ბოროტებასა და პოპულიზმს, ძალმომრეობასა და განუკითხაობას, უცოდინარობასა და არაპროფესიონალიზმს.

პირიქით მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, ქართველობამ იტალიელი მწერლის ჯანი როდარის ცნობილი ნაწარმოების - ”ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში” გმირების მსგავსად არხეინად იცხოვრა კაი ხანი ისეთივე ტოტალიტარულ ”ცრუთა ქვეყანაში”, როგორიც გასული საუკუნის ოციან-ოცდაათიან წლებში მუსოლინის ფაშისტური იტალია იყო.

დროა “სამართალმა პური  ჭამოს“ საქართველოში!

საყოველთაო და არა შერჩევითი სამართალი უნდა გახდეს სიკეთესთან ერთად ”საშენი მასალა” თაობათა შორის გადებული იმ ”ხიდის” აღსადგენად, რომელიც ასე უგუნურად ჩაანგრიეს ჩვენმა შვილებმა “იუვენტოკრატიის“ ტრიუმფის წლებში.

”იუვენტოკრატებმა” კი დროა გაიაზრონ ერთი რამ.  მათი ბედი მათსავე ხელშია. გონიერი არჩევანისა და მით უმეტეს სიკეთის გაკეთება კი (თუნდაც ილუზორული კარიერის ფასად) არასოდესაა დაგვიანებული.

ვიმედოვნებ, რომ ”იუვენტოკრატიით” გზააბნეულ ქართველ ახალგაზრდებს შორის სისხლის სამართლის დამნაშავეთა რიცხვი მაინცა და მაინც დიდი არ იქნება.

გაცილებით მეტნი ალბათ ისინი არიან, ვისაც ნამდვილად არ ყოფნის განათლება, გამოცდილება და პროფესიონალიზმი. ეს კი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბედნიერებაა, ვინაიდან საქართველოს უფროს თაობაში ნამდვილად არის საკმარისი ინტელექტუალური პოტენციალი ჩვენი ახალგაზრდობის გადასარჩენად. მათთვის სიბრძნის, გამოცდილების, ცოდნისა და განათლების გასაზიარებლად.

შეუპოვარი და ხანგრძლივი სწავლა  უთუოდ გამოიღებს პოზიტიურ შედეგს და თავის დროზე, დაბრძენებული და სიღრმისეული ცოდნით ”დახუნძლული” ჩვენი შვილები აუცილებლად ჩაერთვებიან აქტიურად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რითაც ღირსეულ წვლილს შეიტანენ არა ვირტუალურად, არამედ რეალურად აყვავებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში.

ჩვენ საზოგადოებასა და გაკოტრებული ”ვარდების ხელისუფლების” პოლიტიკურ მიუსავლეთში წასვლის შემდეგ მოსულ საქართველოს ახალ, დემოკრატიულ ხელისუფლებასთან კი ორი თხოვნა, უფრო სწორედ კი მოთხოვნა მექნება:

- არ დავუშვათ “იუვენტოფობიის“ მცირეოდენი გამოვლინებაც კი საქართველოში (რასაც “იუვენტოკრატიაზე“ არანაკლები დამანგრეველი შედეგი ექნება ჩვენი ქვეყნისათვის);

- გავიჭირვოთ ყველამ (პირველ რიგში კი სახელმწიფომ) და მაქსიმალურად დავეხმაროთ სრულფასოვანი უმაღლესი მიღებაში (ქართულ და არა უცხოეთის უნივერსიტეტებში) “იუვენტოკრატიის“ მსხვერპლად ქცეულ თითოეულ  ჩვენ ახალგაზრდას.

 

დასაკარგავი  შვილები  საქართველოს ნამდვილად არ ჰყავს!