მაიკლ ჯექსონის ოჯახის წევრები ლეგენდარულ მუსიკოსზე გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა აღაშფოთა. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC News-ი იტყობინება.
ფილმი, სახელწოდებით Leaving Neverland უეიდ რობსონისა და ჯეიმს სეიფჩაკის ჩვენებებზეა დაფუძნებული, რომლებიც აცხადებენ, რომ ბავშვობაში მაიკლ ჯეკსონის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებას განიცდიდნენ.
მომღერლის ოჯახი მათ სიცრუესა და ცილისწამებაში ადანაშაულებს და მწვავედ აკრიტიკებს მედიასაშუალებებს, რომლებმაც ცილისმწამებლებს დაუჯერეს.
თავად ჯექსონი სიცოცხლის განმავლობაში ამ ბრალდებებს უარყოფდა. პოლიციამ ჯერ კიდევ 2003 წელს გამოძიების ფარგლებში ჩაატარა რეიდი ნევერლენდის რანჩოში. მაშინ პოლიცია ჯექსონის მიერ 13 წლის ბიჭზე შესაძლო სექსუალურ ძალადობის ფაქტს იძიებდა.
საქმე სასამართლომდეც მივიდა და უეიდ რობსონი ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. მაშინ მან ნაფიცი მსაჯულების წინაშე თქვა, რომ ჯექსონს მასზე არასდროს უძალადია. შედეგად მომღერალს 2005 წელს ყველა ბრალდება მოეხსნა.