2016 წელს კვენტინ ტარანტინომ განაცხადა, რომ ის დატოვებდა კინოს ბიზნესს კიდევ ორი ფილმის გადაღების შემდეგ. თუმცაღა როგორც აღმოჩნდა ის კიდევ 3 ფილმს გადაიღებს. შესაბამისად ახლა მთელი მსოფლიო, კინოსამყარო და ყველა ტარანტინოს გულშემატკივარი სულმოუთქმელად ელის მის ახალ ფილმს - „ერთხელ ჰოლივუდში“, რომლის შესახებაც დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.
ფილმის გამოშვების სავარაუდო თარიღი 26 ივლისია. მასში მონაწილეობას არაერთი ცნობილი მსახიობი იღებს, მათ შორის არიან ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო, ალ პაჩინო და სხვები.
ტარანტინოს ახალი ფილმის სიუჟეტი 1969 წელს, ლოს-ანჯელესში ვითარდება. ისტორია ამერიკელი კრიმინალის, ჩარლზ მენსონის მკვლელობებზეა დაფუძნებული. ჩარლზის ერთ-ერთი მსხვერპლი ამერიკელი მსახიობი - შერონ ტეიტი იყო, რომლის როლსაც ფილმში მარგო რობი ასრულებს. ლეონარდო დიკაპრიო ტელევარსკვლავის როლს თამაშობს, მისი პარტნიორი კი ბრედ პიტია.
ბოლო დღეების მანძილზე სოციალურ ქსელებში მსახიობებმა გადასაღებ მოედანზე აღბეჭდილი კადრები ატვირთეს.
სამწუხაროდ, ფილმის ოფიციალური ტრეილერი ჯერ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არაა, თუმცა Youtube-ზე მოკლე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც გადაღებების კადრს მიღმა სცენებია აღბეჭდილი.