ჯექსონზე გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმის გმირები მას პედოფილიაში ადანაშაულებენ

ჯექსონზე გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმის გმირები მას პედოფილიაში ადანაშაულებენ

მაიკლ ჯექსონმა სექსუალური აქტის სანაცვლოდ ახალგაზრდა ბიჭს საიუველირო ნაკეთობა მისცა. ამის შესახებ მუსიკოსზე გადაღებულ ახალ დოკუმენტურ ფილმში "Leaving Neverland"-შია საუბარი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფილმის ჩვენება უტაში, სანდენსის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ფილმის ფოკუსშია ორი კაცი, რომლებიც ამბობენ, რომ ბავშვობაში ჯექსონი მათზე სექსუალურად ძალადობდა. მუსიკოსის წარმომადგენლების განცხადებით, ეს ბრალდებები "აღმაშფოთებელია და ფულის გამომუშავების უბადრუკი მცდელობაა".

უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაკი ფილმში ჰყვებიან, რომ ისინი 7 და 10 წლის იყვნენ, როდესაც მომღერალი მათ და მათ ოჯახებს დაუმეგობრდა.

თავად ჯექსონი სიცოცხლის განმავლობაში ამ ბრალდებებს უარყოფდა. პოლიციამ ჯერ კიდევ 2003 წელს გამოძიების ფარგლებში ჩაატარა რეიდი ნევერლენდის რანჩოში. მაშინ პოლიცია ჯექსონის მიერ 13 წლის ბიჭზე შესაძლო სექსუალურ ძალადობის ფაქტს იძიებდა.

საქმე სასამართლომდეც მივიდა და უეიდ რობსონი ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. მაშინ მან ნაფიცი მსაჯულების წინაშე თქვა, რომ ჯექსონს მასზე არასდროს უძალადია. შედეგად მომღერალს 2005 წელს ყველა ბრალდება მოეხსნა.