სულ უფრო და უფრო ახლოვდება 1 ოქტომბერი, ყველანაირი ლოგიკით მომსწრე უნდა გავხდეთ ნაციონალური რეჟიმის აღსასრულისა და ახალი ეპოქის დასაწყისისა. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად არაორდინალურ ხელისუფლებასთან და დიპლომატიური ენის გარეშე თუ ვიტყვით სათქმელს, მაშინ ეს სახელმწიფო სისტემა შეიძლება შეფასდეს, როგორც შენიღბული ტირანია, უფრო სწორად, შენიღბვის სურვილის მქონე ტირანია, თორემ აზროვნებისა და ინფორმაციის მქონე ადამიანებისათვის უკვე ყველაფერი ცხადია.
რა ზუსტად ეხმიანება პლატონის სიტყვები სააკაშვილის ტირანულ პერსონას: “ტირანი თავდაპირველად ყველას თავს მოაწონებს და დაპირდება კარგ ცხოვრებას, შემდეგ კი, როცა მის კეთილდღეობას არაფერი დაემუქრება, მისი პირველი საზრუნავი ომში ხალხის ჩათრევა იქნება, იმისათვის რომ ხალხი გააღატაკოს ისე, დღიდან დღემდე თავი ძლივს გაჰქონდეთ და შეთქმულებებზე ფიქრიც აღარ შეეძლოთ. ეცდება შეუქმნას მტრის ხატი, რათა ხალხს მუდმივად ბელადის საჭიროება შთააგონოს. თუ შენიშნავს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ მის მორჩილებაში ყოფნა, ბრალად ღალატს დასდებს და სიკვდილით დასჯის. ტირანი ყოველთვის იძულებულია დააფრთხოს ხალხი, რომ მისი შიში ჰქონდეთ. მაგრამ ასეთი საქციელით სულ უფრო აზიზღებს მოქალაქეებს თავს. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ის ყველას მუსრს გაავლებს მეგობრების ჩათვლით. რაც უფრო საძულველია მოქალაქეთათვის, მით უფრო ერთგული მცველი სჭირდება და მათ ფულით მოისყიდის ან კიდევ მონებს გაათავისუფლებს და მცველებად დაიყენებს. ბოლოს ტირანს თაყვანისმცემლებად თანამზრახველები ეყოლება, მეგობრებად კი მცველად დაყენებული მონები, პატიოსანი ხალხისთვის კი ის საძულველისა და ზიზღის მომგვრელი იქნება”.
ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: „რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?“
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკვე შეთანხმებულია, რომ საქართველოში ვერ იპოვი სამართალს. ამის საფუძველზე, ლოგიკურად, ის იმაზეც შეთანხმებულია, რომ მას ჰყავს ხელისუფლებად ავაზაკთა ბანდა. ავაზაკი კი ავისმზრახველის, ბოროტმოქმედის, დამნაშავის სინონიმია. ეს ხელისუფლება რომ მრავალი წლის განმავლობაში მრავალჯერადად ბოროტმოქმედებას, დანაშაულს სჩადის, არც ეს უნდა იყოს სადავო. მრავალი დანაშაულის ჩამდენს მართლმსაჯულება რეციდივისტს უწოდებს. რეციდივისტი კი განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელზეც სასჯელის შემამსუბუქებელი ნორმებიც კი არ ვრცელდება. მაშასადამე, ჩვენ გვყავს განსაკუთრებით საშიში დამნაშავე, რეციდივისტი ხელისუფლება. იმის იმედი, რომ რეციდივისტების ბანდა მხოლოდ არჩევნების გზით დათმობს ხელისუფლებას, რაც მათი თავისუფლების გარანტიაა, მაგონებს იმ ვითარებას, რომ მშვიდობიანი მოწოდებით მოვთხოვოთ დანაშაულზე წასწრებული რეციდივისტების ბანდას, დამორჩილდეს კანონს და საკუთარი ნებით ჩაჯდეს ციხეში. ვფიქრობ, აბსურდულია ამის წარმოდგენა და მოლოდინი.
აბა, არჩევნებს აზრი არა აქვსო? იკითხავს ამ სტრიქონების თვალის გადამვლები ამომრჩეველი. მინდა ვუპასუხო ამ კითხვას, რომ არჩევნებს სწორედაც აქვს აზრი, მაგრამ არა მხოლოდ იმ მოლოდინისთვის, რომ ეს ავაზაკთა ბანდა ამ არჩევნების შედეგებს დაემორჩილება, არ გააყალბებს და ასე მარტივად და რბილად დათმობს ძალაუფლებას, რამაც მისი დანაშაულებრივი წარსულიდან გამომდინარე მისი მომავლისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქცია შეიძინა.
ახლა არის შემდეგი პოლიტიკური მომენტი - ხელისუფლება იძულებულია არჩევნები ჩაატაროს, რათა დასავლეთის თვალში, რომლის კეთილგანწყობაზე მისი არსებობა ძლიერ არის დამოკიდებული, ამ არჩევნების მოჩვენებითი დემოკრატიულობითა და შენიღბული გაყალბებით როგორმე შეინარჩუნოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია, ხოლო ოპოზიციის ამოცანაა არჩევნების გზით დაამტკიცოს ის რეალობა, რომ ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა არა აქვს და დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე მან უნდა დათმოს სახელისუფლო ბერკეტები - უმრავლესობა პარლამენტში და მისგან წარმოშობილი აღმასრულებელი ხელისუფლება.
აღნიშნული შეურიგებელი პოლიტიკური ძალების ინტერესთა ისეთ მძლავრ შეტაკებასთან გვაქვს საქმე, როგორც ცივი და თბილი ჰაერის დიდი მასების შეჯახებაა, რომლის დროსაც მასშტაბური სიძლიერის ქარიშხლები წარმოიშობა. ანალოგიური პოლიტიკური სტიქიის ყველანაირი საფუძველია შექმნილი საქართველოში და შესაბამისად მთავარი პოლიტიკური საკითხი ასე დგას; ვინ ვის, ოპოზიცია ხელისუფლებას, თუ ხელისუფლება ოპოზიციას სძლევს და გამოვა გამარჯვებული ამ სტიქიურ დაპირისპირებაში.
ამ ჯახის მონაწილეთა ძალთა თანაფარდობას თუ გადავხედავთ, სამართალი ოპოზიციის მხარეს არის, რადგან ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი მას უჭერს მხარს, ანუ აღიარებული დემოკრატიული წესებით რომ ჩატარდეს არჩევნები, ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ხელისუფლების უკან დგას გაყალბების კარგად ორგანიზებული მთელი ადმინისტრაციული აპარატი და მიზანმიმართული საერთო მოტივაციის მქონე შიშველი ძალა ოფიციალური და არაფორმალური ძალისმიერი სტრუქტურების სახით: პოლიციისა და ჯარის ხელმძღვანელი ეშელონები, ჯერ-ჯერობით მათზე დამორჩილებული შემადგენლობა და ე.წ. ზონდერბრიგადები, რომელთა დაუნდობლობის რეციდივები ახლაც ვლინდება, ხოლო მათ მიერ ჩადენილი 7 ნოემბრის, 15 ივნისისა და 26 მაისის მასობრივი სისასტიკის კადრები ყველასთვის ცნობილია.
ოპოზიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, გაცნობიერებულად ვუწოდებ მას ოპოზიციის ლიდერს, რადგან ამ ვითარებაში ის მარტო “ქართული ოცნების” ლიდერი აღარ არის და ეს უკვე აღიარა კიდეც ნამდვილმა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა, დარწმუნებულია არჩევნების დამაჯერებლად მოგებაში და ეს ასეც უნდა იყოს, საკუთარი ამომრჩევლის გასამხნევებლად ლიდერი ყოველთვის რწმენით სავსე უნდა გამოდიოდეს, მაგრამ ჩვენი ვალია უფრო ღრმა ანალიზი გავაკეთოთ არსებული მდგომარეობის შესახებ, რომ თვალი გავუსწოროთ ყველაფერ იმას, რაც ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესებს შეიძლება მოჰყვეს, რათა მზად ვიყოთ შემდგომი ნაბიჯებისათვის.
იმაზე უკვე ვიმსჯელეთ, თუ რა პოტენციალი გააჩნია სააკაშვილის რეჟიმს. ახლა ორიოდე სიტყვა ვთქვათ ივანიშვილის საბრძოლო პოზიციების შესახებაც. ერთი, რომ მას დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს, ეს უკვე განხილვას არ ექვემდებარება. მეორე იარაღი, რაზეც ივანიშვილი ხშირად აპელირებს, ეს არის საზღვარგარეთის დამკვირვებელთა დიდი არმია, რომლებიც ობიექტურად შეაფასებენ არჩევნების პროცესს და დადებენ ისეთ დასკვნებს, რომ ხელისუფლებას გაყალბების საშუალებას არ მისცემენ. და, აი, აქ არის დიდი კითხვის ნიშანი. აქ ერთმანეთს ეხლართება, როგორც სააკაშვილის მოსყიდული გავლენიანი ლობისტების პირადი ინტრესები, მარტო NDI-ის და IRI--ის გახსენებაც საკმარისია, ისე ჰეგემონი ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესები. თუ გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილი საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე რეალური ქმედებებით ახერხებდა ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში როგორც აშშ-ის, ისე რუსეთის მოთხოვნათა დაბალანსებას მხოლოდ ერთად ერთი მიზნით, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა, მაშინ, ლოგიკის კატეგორიებით, არცერთი ამ ქვეყნიდან არ უნდა ველოდოთ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მკვეთრ მოძრაობებს, რაც მისი ძალაუფლების დაკარგვის საფუძველი გახდება. მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთების განცხადებებზე კი სააკაშვილს უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული და ისინი მის სქელ შუბლზე ისე აისხლიტება, როგორც პინგ-პონგის ბურთი.
რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო დღეებში გავრცელებულმა ხელისუფლების მაკომპრომენტირებელმა ვიდეოკადრებმა რეჟიმის მთელ იერარქიულ სისტემას ფუნდამენტი გამოაცალა და ამ იერაქიის საყრდენი ძალების უმრავლესობამ ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლაზე უარი განაცხადა, მაშინ სალაპარაკო არც არაფერი იქნება, გარდა ქართული ოცნებისთვის მისალოცი ტექსტის დაწერისა, მაგრამ აქ ისეთ ვითარებას განვიხილავთ, როცა რეჟიმი ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი არსებობისათვის, რაც, სხვათა შორის, სჩვევია ამგვარ ოდიოზურ რეჟიმებს, რადგან იციან, რომ უკანდასახევი არ გააჩნიათ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაზე საინტერესოა დავუშვათ ის ვერსია, როცა ცსკ გაყალბებულ ციფრებს აცხადებს, რაც ყოვლად მიუღებელია ოპოზიციისა და ქართველი ხალხისთვის და ამ დროს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციები და მათზე დაყრდნობით ჰეგემონი ქვეყნების მთავრობები, რომელთაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენებში არბიტრის როლი აქვთ მიკუთვნებული, არ აკეთებენ შესაბამის რეაგირებას, უფრო სწორად რეჟიმის დანაშაულებრივ პოლიტიკაზე შემგუებლურ პოზიციას გამოხატავენ.
როგორც ივანიშვილმა გურია-ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, იგი მხოლოდ მშვიდობიანი აქციების მომხრეა და ხალხს დაპირისპირებისაკენ ვერ მოუწოდებს. რაღაცით ეს 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის პოზიციას და განცხადებებს მაგონებს, რომელმაც დაპირისპირების გამწვავების შიშით უარი თქვა არჩევნების მეორე ტურის კანონიერ მოთხოვნაზე, რამაც ნაცების დანაშაულებრივი ხელისუფლების რეანიმაცია მინიმუმი კიდევ 5 წლით გააგრძელა.
აქ არ შემიძლია არ გავიხსენო ამერიკელი ხალხის თავისუფლებისათვის მებრძოლი ლიდერის ბენჯამინ ფრანკლინის სიტყვები: "ის ვინც მზადაა საფრთხისაგან ხანმოკლე დაცვის მიზნით მსხვერპლად გაიღოს საკუთარი თავისუფლება, არ იმსახურებს არც თავისუფლებასა და არც უსაფრთხოებას".
აღნიშნულ გამონათქვამებთან აზრობრივ სინქრონშია თომას ჯეფერსონის ლოგიკაც: „როცა უსამართლობა კანონად იქცევა, დაუმორჩილებლობა მოვალეობა ხდება!“
ანალოგიურად მსჯელობს დიდი ამერიკელი პრეზიდენტი ჯონ კენედი: "როცა ხელისუფლება ხალხს რეალურ ცვლილებებზე და დემოკრატიაზე უარს ეუბნება, იძულებულს ხდის ადამიანებს, რევოლუციის გზით წავიდნენ".
ამიტომ პაციფისტური მოსაზრებებით ქართველი ხალხის ბრძოლის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანაზე უარის თქმა იქნება შეგუება საქართველოს განადგურების მიმართ, რაც ამ მოღალატე ე.წ. ნაციონალური ხელისუფლების ხელით ხორციელდება. ეს ყველაზე უკეთ აქვს გასიგრძეგანებული თვით ივანიშვილს, როცა პოლიტიკაში ჩართვის საფუძვლად თვლიდა იმ ლოგიკურ მოსაზრებას, რომ თუ საქართველოდან წავიდოდი, 20 წლის შემდეგ სამშობლო შესაძლოა ვეღარ მენახაო. ეს კი მართლაც ასეა, რომლის შესახებაც უამრავი არგუმენტირებული წერილი იბეჭდება, თუ როგორ სურს მონობისა და გადაშენების წინაშე მიზანმიმართულად დააყენოს საქართველო ამ ფსევდოლიბერალურ რეჟიმს უსასტიკესი მეთოდებითა და ანტიეროვნული ე.წ. სინგაპურიზაცის პოლიტიკით.
რაც შეეხება მსხვერპლს, სწორედ სააკაშვილის კაცთმოძულე რეჟიმის მმართველობის შედეგად ეწირება ყოველწლიურად 150 ძირითადად ახალგაზრდა კაცი ციხეებში და პოლიციის შენობებში, შიმშილისა და გაუსაძლისი პირობების გამო ყოველწლიურად 500-მდე ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, სიღატაკის მიზეზით მკვეთრად შემცირებულია ოჯახების შექმნა და ამის გამო 80-იან წლებთან შედარებით განახევრებულია შობადობა, რაც დემოგრაფიულ კატასტროფას აახლოვებს. ამ დამღუპველ პროცესს აძლიერებს ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში მოსახლეობის უკვე 25%-ის იმიგრირება, რაც ვიზების გაცემის დაგეგმილი გაიოლების შემთხვევაში ბევრად გაიზრდება.
ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი ლესინგი ამბობს: ,,ვინც ბოროტებას ხედავს, მისთვის ხელის შეშლა შეუძლია და ამას არ აკეთებს - დამნაშავეა!“ ამიტომ რაღა დროს პაციფისტური შეხედულებებია, როცა საქართველოს გადარჩენისთვის რეალური ბრძოლა შეიძლება გახდეს საჭირო.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ ჟამს რომ არ გააჩნდეს ქვეყნის აღიარებული ლიდერის პოტენციალი, მაშინ არც ჩავთვლიდი საჭიროდ ამგვარი წერილი დამეწერა, მაგრამ დღევანდელი ოცნება და იმედი თუ მიილევა გარკვეული მიზეზებით ბრძოლის გაგრძელებაზე უარის თქმით, მაშინ ამ მდგომარეობიდან საშველს დიდხანს ვერავინ დაინახავს და შეიძლება პატარა იმედის მომცემი ფრაზაც კი - გვეშველება რამე? - ესეც კი დაივიწყოს ხალხმა.
მხოლოდ ქართული ისტორიაც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ისტორიულ პირებს გარდამტეხი როლი აკისრიათ ქვეყნის ბედ-იღბლის განსაზღვრაში. რომ არ ყოფილიყო აღმაშენებელი, შესაძლოა გარდაუვალი გათურქების წინაშე აღმოჩენილიყო საქართველო. სწორედ მას დააკისრა ბედისწერამ ამ საშიშროებისგან ეხსნა საქართველო და იმდენად რთულად იყო საქმე, რომ მეფის სკიპტრა და უფლებამოსილება სჭირდებოდა ამ ურთულეს საქმეს და ესეც მიენიჭა უფლის მიერ, რადგან იმ ეპოქაში უბრალო მოკვდავი და თუნდაც ფეოდალი თავისი სოციალური სტატუსით ქვეყანას ვერ გამოიყვანდა მოძალებული ჭირისგან.
ანალოგიურად, გიორგი სააკაძეს უბოძა ღმერთმა დიდი მთავარსარდლის ნიჭი, რომ საქართველო ეხსნა სპარსულ სახანოებად ქცევისგან მარტყოფის, მარაბდისა და ქსნის ბრძოლებში, მაგრამ ბოლომდე ვერ იყო ბედის ნებიერა, რადგან მას სამეფო რეგალიები არ გააჩნდა, თორემ არ არის გამორიცხული, რომ მასაც თავისი დიდი წინაპრების მსგავსად, მძლავრი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო აეღორძინებინა. სავალალოდ, პატრონყმურმა იერარქიულმა გარემომ იგი სამარცხვინო წვრილმან ინტრიგებში გახვია და დასამარცხებლად გასწირა.
ეკლესიასტე ამბობს: “რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება, არაფერია მზის ქვეშ ახალი”. თავისუფლების მოპოვებას კი, როგორც კაცობრიობის ისტორია ამტკიცებს, თავდაუზოგავი ბრძოლა სჭირდება.
აქვე მინდა გავიხსენო ეს ოქროს სიტყვები: “ყველა ქვეყანას ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს”, მაგრამ ამ სიტყვებს ჩვენი დრო-ჟამის შესაფერისი გაგრძელება აქვს, რომელიც სადღაც ამოვიკითხე და ვფიქრობ, თანამედროვე ხალხური სიბრძნეა: “ამავე დროს, ყველა ქვეყანას, ამერიკის ისეთი საელჩო აქვს, რომელსაც იგი იმსახურებსო”.
იმედი მაქვს, ჭაბუა ამირეჯიბის შეძახილით: “ჭკუით, ქართველებოო” ბოლომდე ვიბრძოლებთ საკუთარი თავისუფლებისათვის.