"საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი კიდევ ერთი ფეხბურთელი გააგრძელებს კარიერას ევროპაში. ამჯერად, ეს პატივი თემურ ვაზაგაშვილს ერგო, რომელიც წლების განმავლობაში თბილისურ კლუბში თამაშობდა.
ვაზაგაშვილი ინგლისის "უოტფორდის" 16-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა. 2003 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა ბრიტანულ აკადემიასთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
"საბურთალოს" ვებ-გვერდი მას ინგლისში დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა, ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:
თემურ, გილოცავთ "უოტფორდის" აკადემიის ასაკობრივ გუნდში ჩარიცხვას. მოგვიყევით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
- ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. ჩავირიცხე "უოტფორდის" აკადემიის 16 წლამდელთა გუნდში. გავაფორმე 2 წლიანი ხელშეკრულება და ვარ ამ გუნდის წევრი.
"უოტფორდის" აკადემიაში რამდენიმე თვის წინ სინჯები ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან ერთად, მეც მივიღე მონაწილეობა. ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც კლუბის ბაზაზე გაიმართა, მე და კიდევ ერთი ფეხბურთელი შეგვარჩიეს. ამის შემდეგ, უკვე მოლაპარაკება შედგა და ყველაფერი კარგად დასრულდა.
საბუთების მოწესრიგება როგორ მოახერხეთ? მით უფრო ბრიტანეთში, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქის შეშვება მარტივად არ ხდება…
- ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ვარ, როგორც საქართველოს, ასევე საბერძნეთის მოქალაქე. რადგან საბერძნეთი არის ევროკავშირის ქვეყანა, ეს ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა.
ახლა სად ცხოვრობთ, ბაზაზე?
- ბაზაზეც შემეძლო ცხოვრება, მაგრამ ინგლისში მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვარ წამოსული. მათი გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. თუმცა, როდესაც ოფიციალური თამაში ახლოვდება, გუნდი ორი დღით ადრე შეკრებაზე გადადის და ბაზაზე მიწევს ცხოვრება.
ლონდონში ვცხოვრობთ. ჩვენი სახლიდან უოტფორდამდე 45 წუთის სავალია. ყოველდღიურად მივდივარ და ისევ უკან ვბრუნდები-ხოლმე.
თემურ, თქვენ 2003 წელს ხართ დაბადებული. თუმცა, როგორც "საბურთალოში", "უოტფორდშიც" ერთი წლით უფროს ასაკში თამაშობთ. არ გიჭირთ?
- ინგლისში უფროსებთან თამაში გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევი. ვთამაშობ, როგორც ერთი წლით უფროსებში, ასევე თანატოლებთანაც. როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებზე ძალიან მაღალი ტემპია. ბოლომდე ბრძოლობენ, არც უხეშობას ერიდებიან, ძალიან ბევრს დარბიან. ხანდახან ისე ხდება, რომ მიუხედავად იმისა ჩემპიონატი მიმდინარეობს, ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს.
ოფიციალური მატჩები რომელ გუნდებთან ითამაშეთ?
- უკვე მომიწია "ტოტენჰემის", "ვესტ ჰემის", "ასტონ ვილას", "კრისტალ პალასისა" და "მიდლსბროს" წინააღმდეგ თამაში.
შესაძლებლობების ფარგლებში ალბათ პირველი გუნდის თამაშებსაც ესწრებით…
- დიახ. საშინაო მატჩებზე თითქმის ყოველთვის მივდივარ სტადიონზე. ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევს. მინდა, რომ მეც ვითამაშო მაღალ დონეზე.
თქვენს ყოფილ გუნდელებთან და მეგობრებთან კონტაქტობთ?
- საბურთალოელებს ხშირად ვესაუბრები ინტერნეტის საშუალებით. არასდროს არ ვივიწყებ მათ და არც ისინი მივიწყებენ. ზოგადად, "საბურთალო" მეგობრული და შეკრული გუნდია.
როგორ გაიხსენებთ "საბურთალოში" გატარებულ რამდენიმე წელიწადს?
- თუ რამეს წარმოვადგენ მხოლოდ "საბურთალოს" დამსახურებით. მე, ამ აკადემიის გაზრდილი ვარ და მეამაყება წლების განმავლობაში "საბურთალოში" რომ ვთამაშობდი. ეს გუნდი რომ არ ყოფილიყო, დიდი ალბათობით ინგლისში ვერც მოვხვდებოდი. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მწვრთნელს, ვალერი გაგუას მინდა ვუთხრა.
"საბურთალოს" ჩემპიონობას როგორ შეხვდით?
- იცით, როგორ მინდოდა მაგ დროს თბილისში ყოფნა და საბურთალოელებთან ერთად ზეიმი? ძალიან დიდი სიხარული იყო, რთულია ამ ყველაფრის გადმოცემა. სეზონი რომ დაიწყო, დარწმუნებული ვიყავი "საბურთალოს" ჩემპიონობაში. ყველაფერი მაქეთკენ მიდიოდა. კლუბმა და აკადემიამ დაიმსახურა ეს ტიტული. მომავალში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს ვუსურვებ.
ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას, დამდეგ შობა-ახალ წელს მივულოცავ. წარმატებული და იღბლიანი წელი ყოფილიყოს.