საქართველოში მიმდინარე პროცესები გარკვეული დეჟავიუს გრძნობას მიტოვებს. ვინც მონაწილე და მხილველი ვართ ეროვნული მოძრაობის დაწყებისა და მომძლავრებისა, ვფიქრობ, დამეთანხმება, რომ ამჟამინდელ და მაშინდელ მოვლენებს შორის მსგავსება ნამდვილად შეიცნობა. იმ დროებაში კომუნისტური რეჟიმის ათეულწლოვანი რეპრესიული აპარატის წნეხის ქვეშ ადამიანთა ჰიპოთალმუსის ის ცენტრები, რომლებიც თავისუფალ ინტელექტუალურ აზროვნებას განაგებენ, დათრგუნული და დისტროფირებული იყო, ამიტომაც ეროვნულ-საზოგადოებრივი ცხოვრება ძირითადად უიმპულსო, აპათიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
საბჭოთა სახელმწიფოს მმართველობის მოდელში დემოკრატიული ელემენტების დაშვებამ ეროვნული მოძრაობის გამოღვიძება და გაძლიერება გამოიწვია, ხოლო 9 აპრილის ტრაგედიამ საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება მორალური დისკომფორტის, სრული დეგრადირებისა და მარგინალიზაციის წინაშე დააყენა, რის შედეგადაც პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციაში ეროვნული მოძრაობის უპირატესობა აშკარა გახდა. ამ უპირატესობის გამო ეროვნული მოძრაობა ხელისუფლების არ ქონის პირობებშიც პოლიტიკური პროცესების წარმმართველ ძირითად ძალად იქცა, რაც შემდგომ რეალიზებული იქნა ისეთი სამართლიანი საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობის შექმნაში, რამაც იგი ხელისუფლებაში სრული ტრიუმფით მოიყვანა.
დღეს დღეობით მოვლენების ანალოგიურად დინამიური განვითარების მოწმენი ვართ. ნაცხელისუფლება საკუთარი ავტოკრატული, ლამის ცეზაროპაპისტური მმართველობის მოდელით, რომელიც სააკაშვილის ეგოცენტრისტული საპრეზიდენტო ინსტიტუტის ხელში იყო მოქცეული, ინკვიზიციური მეთოდებითა და უზურპირებულ მედია სივრცეში უწყვეტი პროპაგანდით მართავდა ქვეყანას. ამგვარი სისტემით უკვე ისეთი ფსიქოლოგიური გარემო შეიქმნა ქვეყანაში, რომ ოპოზიციური აზროვნება ლამის დისიდენტური წრის პრივილეგია გახდა ან რეჟიმის მიერ მართული ოპოზიციისათვის ნებადართული დოზირებული ორთქლის გამოშვების როლს ასრულებდა.
ივანიშვილის საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლამ კარდინალურად შეცვალა არსებული მდგომარეობა. ნაცრეჟიმის მიერ რეპრესიული აპარატის დამაშინებელი ფაქტორის მძლავრად ამუშავების მიუხედავად, რაც გამოიხატებოდა აქტივისტთა დაპატიმრებებში, ცემაში, სამსახურებიდან განთავისუფლებასა და ქონების დაყადაღება-ჩამორთმევებში, აღნიშნული ლიდერის დიდმა პოლიტიკურმა კაპიტალმა და მასზე დამყარებულმა ნდობამ და იმედმა მაინც გარდატეხა შეიტანა საზოგადოების დიდი ნაწილის ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციაში, რის შედეგადაც მისი პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნება” სახელისუფლო პარტიის ნაცმოძის საპირწონე რეალურ ძალად იქცა.
“ქართული ოცნების” მხარეს ხალხი ხედავდა ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და სიღატაკის ალტერნატივას - სამართლისა და კეთილდღეობის დამკვიდრების შანსს, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლებულიყო პროპაგანდით თავსმოხვეული ნაციონალური ორთოდოქსალური, ვითომ პატრიოტული იდეოლოგიის გავლენისაგან და პატივს მიაგებდა პოსტსაბჭოთა საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ძალაუფლების მქონე რეჟიმის მიმართ მენტალიტეტად ქცეულ მორიდებისა და შიშის ფაქტორს, რაც მის მიმართ მორჩილებისაკენ უბიძგებდა. ეს ადამიანები კი ნაცრეჟიმის საკმაოდ მყარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ და მიუხედავად ოპოზიციურ ძალებთან მიმართებაში მათი შედარებითი სიმცირისა, ნაცმოძს პოლიტიკურ ასპარეზზე სოლიდური გავლენის შენარჩუნების შანსი მაინც გააჩნდა პარლამენტში საკმაო სიმრავლის დეპუტაციის შეყვანით.
სწორედ ამ დროს პენიტენციალური სისტემის ფაშისტურ–კრიმინალური მეთოდებით მართვის მყარი დოკუმენტებით - ვიდეოკადრებით დამტკიცებამ მთელი საქართველო ვარდოსან რევოლუციონერთა ხელისუფლების წინააღმდეგ სიძულვილითა და მრისხანებით განაწყო. სწორედ ეს არის ჩემი დეჟავიუ. ქართული საზოგადოებაში ამ ფაქტის შემდეგ ისევე მოხდა სრული კათარზისი, როგორც 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ. ნაციონალური ხელისუფლება ამ საშინელი კადრებით მთელი თავისი დეგრადირებული და ატროფირებული სახით წარსდგა საკუთარი მოქალაქეების წინაშე და დღეს ამ მოქალაქეთა თვალში ამ ხელისუფლებას და მის მომყვან პოლიტიკურ ძალას არსებობის უფლება არა აქვს. ამ განრისხებული კრიტიკული მასის წინაშე ხელისუფლება უძლურია და ამიტომაც იხევს უკან. სტუდენტური ენერგიის პროცესებში აქტიურმა ჩართვამ კიდევ უფრო დინამიური გახადა სახელისუფლო ვერტიკალის რღვევის პროცესი.
სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ პოლიტიკურ მომენტს სწორი გამოყენება სჭირდება, რომ ერის ცხოვრებაში ამ საეტაპო არჩევნების წინ ოპოზიციის მიერ მეტი დივიდენდები იქნას მიღებული. კერძოდ, საჭიროა სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის პოლიტიკური მოთხოვნის დაყენება, რაც კონკრეტული საკითხების წამოწევით არის შესაძლებელი, კერძოდ, სამართლიანი გარემოს შესაქმნელად მოთხოვნილი უნდა იქნას ქვეყანაში თავისუფალი მედია სივრცის გაფართოებისათვის გლობალტივის დაყადაღებული ასი ათასობით ანტენის სასწრაფო დაყენება მოსახლეობაში, ან უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა მაესტროსა და მე-9 არხისთვის მთელი ქვეყნის დამფარავი ტელევიზიის სიგნალის დათმობა, ქართველი ემიგრანტებისათის შეუზღუდავად არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემა, ყველა საარჩევნო კომისიის პარიტეტულ საფუძველზე დაკომპლექტება და არჩევნებზე საზღვარგარეთიდან ნეიტრალურ დამკვირვებელთა მეტი რაოდენობით მოწვევა საქართველოში. ამ მოთხოვნების შესრულებით ნაცმოძს არჩევნების გაყალბების საშუალება მაქსიმალურად შეეზღუდებოდა, რაც იქნებოდა გარანტია სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა.
რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნების შესრულების შანსი მაშინ გაჩნდება, თუ ოპოზიციურ ძალთა მიერ მასობრივი საპროტესტო აქციები მოეწყობა და ბოლო-ბოლო, თუნდაც პირველ ოქტომბრამდე ვერ მოხერხდეს მთავრობის მხრიდან ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევა, ამ მოტივით საპროტესტო აქციების ჩატარება მაინც მომგებიანი იქნება ოპოზიციისთვის ხალხში საბრძოლო განწყობის შენარჩუნებისა და ნაცმოძრაობის ჯერ კიდევ შემორჩენილი მომხრეების ფსიქოლოგიური ზემოქმედებით გონზე მოსაყვანად, რომ რაც შეიძლება მეტმა ძეშეცდომილმა შემოიხიოს 5 ნომრიანი ეშმაკისეული მაისური სხეულზე, ხოლო სულზე აღბეჭდილი ამავე ნომრიანი დაღი ამოიკვეთოს, რომელიც მათ უზნეობისა და ცოდვის გზაზე აყენებთ.