ზურაბიშვილმა დაიწყო - ახალი გუნდი და ახალი სიმბოლო

ზურაბიშვილმა დაიწყო - ახალი გუნდი და ახალი სიმბოლო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მრჩევლები და საკუთარი გუნდის ჯერ მხოლოდ ნაწილი წარუდგინა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, გუნდი საბოლოოდ მას შემდეგ დაკომპლექტდება, რაც რული რეორგანიზაცია მოხდება და კონკურსი ჩატარდება.

როგორც უკვე წინასწარ იყო გაცხადებული, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს. „ქალთა მოძრაობის" დიდი პროტესტის მიუხედავად ზურაბიშვილმა საპარლამენტო მდივნად კი მაინც დანიშნა ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.

გარდა ამისა, ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას მოადგილე იქნება ქეთევან მახარაშვილი, რომელსაც ეთნიკურ უმცირესობებთან და გენდერულ საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია დაევალება. ის ასევე დროებით შეითავსებს პრესსპიკერის ფუნქციებს;

პრეზიდენტის მრჩევლები კი იქნებიან: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში - სიმონ პეტრიდისი; დიასპორის და მოქალაქეობის საკითხებში - ნათია სულავა; სამხედრო საკითხებში - აკია ბარბაქაძე; ბარბაქაძე მარგველაშვილს დროსაც ადმინისტრაციაში მუშაობდა, ის ბოლოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო, ასევე იყო მარგვლაშვილის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში.

საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი იქნება ირინა შენგელია; კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში - კოტე ნაცვლიშვილი;

ახალი გუნდი სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თავად წარადგინა.

„დღეს წარმოგიდგენთ ჩემი გუნდის ნაწილს, რომელიც დღესდღეობით ინიშნება. როგორც იცით, საკმაოდ შეზღუდული ვართ ამ მომენტში და სანამ არ ჩატარდება სრული რეორგანიზაცია და კონკურსი, რომ დავაკომპლექტოთ ადგილები, რაც შტატით გვეკუთვნის, ჩვენ ვიწყებთ ამ ფორმატში მუშაობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა განაცხადა ისიც, რომ მის ადმინისტრაციაში ემიგრანტების შთამომავალი იმუშავებს, პიერ ალექსანდრე კრევო, რომელიც ქართულ-ფრანგულ ოჯახშია დაბადებული და ამერიკაში ცხოვრობდა.

მისი თქმით, კრევო ჯერ მხოლოდ სტაჟიორად იმუშავებს, ხოლო შემდეგ გუნდის წევრიც გახდება და ემიგრანტის გუნდში შეყვანა მისთვის სიმბოლურია.

„მინდა, ამით განაცხადი გავაკეთო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არის ღია ყველასთვის, ვისაც ექნება სურვილი და კომპეტენცია, რომ შემოგვიერთდეს და დაბრუნდეს ქვეყანაში. მინდა, ეს სიმბოლო ხაზგასმული იყოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ადმინისტრაციის ახალ გუნდს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.

სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე რეზიდენციაში 18 დეკემბერს შევიდა. მაშინ მან განაცხადა, რომ გუნდს შემდეგ კვირაში დაასახელებდა.

18 დეკემბერს ითქვა, რომ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა სოფო ჯაჯანაშვილმა შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაშიც გააგრძელოს მუშაობა.

ჯაჯანაშვილი წლების წინ ზურაბიშვილის პარტიის „საქართველოს გზის" პრესსამსახურის უფროსი იყო. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, მან მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს კობა ედილაშვილს და საფინანსო სამსახურის უფროსს თამარ გოდერძიაშვილს მუშაობა ახალ ადმინისტრაციაში შესთავაზა.ჯერჯერობით მხოლოდ აკია ბარბაქაძეა წინა ადმინისტრაციიდან ახალი პრეზიდენტის გუნდში და უცნობია, კიდევ ვინ დარჩება ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში.