მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო მთელი ჩემი პოლიტიკური გუნდის სახელით – ჩვენ აუცილებლად დემოკრატიული მეთოდებით შევინარჩუნებთ სიმშვიდეს და მართლწესრიგს, მაგრამ ამავე დროს, საქართველოში ყოველთვის იქნება მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, როდესაც დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკური სარჩული მიაწებონ. მამუკა ბახტაძის თქმით, მოხდა კონკრეტული სამართალდარღვევა და შესაბამისად, მოხდა კანონის ჩარჩოებში მოქცეული რეაგირება.
„რაც მოხდა, მთელმა საზოგადოებამ ნათლად იხილა. ჩემი აზრით, ეს ბოიკოტი და მათი შეფასებები კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალურ სახეს. ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ადამიანი, რომელიც ძალადობდა სამართალდამცველებზე და აყენებდა მათ შეურაცხყოფას. „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგიკა არის ის ამ შემთხვევაში, რომ რახან ვინმე არის პოლიტიკური აქტივისტი და კონკრეტული სახელის და გვარის მატარებელი, მას უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი? ჩვენს სამართალდამცველებს ეს თემა ასე უნდა გაეტარებინათ? ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევას მიაწებონ პოლიტიკური სარჩული. მოხდა კონკრეტული სამართალდარღვევა, მთელმა საზოგადოებამ ეს ნათლად იხილა და შესაბამისად, მოხდა რეაგირება, რომელიც იყო კანონის ჩარჩოებში მოქცეული. ზოგადად, მინდა შევეხო სამართლიანობის განცდის საკითხსაც. სწორედ სამართლიანობის განცდა წარმოადგენს სოციალური სტაბილურობის და მდგრადობის მთავარ გარანტს ნებისმიერ ქვეყანაში. უფრო მეტიც: სამართლიანობის განცდის არსებობა ან არარსებობა განაპირობებს ამავე დროს ნდობის ხარისხს ნებისმიერი ხელისუფლების მიმართაც და ეს არის ძალიან ობიექტური მომენტი. ბოლო ასი წლის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება ცხოვრობდა ისეთ გარემოში, სადაც ხელისუფლება მას ხან ჩაგრავდა, ხან ატყუებდა. 2012 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ეს ძალადობრივი სისტემა, ყველაზე დიდი ღირებულება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ჩვენი სახელმწიფოსთვის, იყო ის, რომ სისტემაში დაბრუნდა ჰუმანურობა და ობიექტურობა და ამას ადასტურებს ნებისმიერი საერთაშორისო რეიტინგი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.