წლების წინ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი გაახარა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია "ბარსელონას" აკადემიაში ჩაირიცხა.
იგი შესაბამის ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობდა, თამაშობდა და პირველი სეზონში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო. გიორგიმ "ბარსელონაში" ერთი წელი დაჰყო და ჰოლანდიურ "ვიტესში" გადაბარგდა, რომლის პრეზიდენტიც მაშინ მერაბ ჟორდანია იყო, შემდეგ იყო ვლადიკავკაზის "ალანია", რუმინული "კლუჟი", გერმანული "დუისბურგი", ერთი პერიოდი სერია A-ს "ვერონაშიც ირიცხებოდა, დღესდღეობით კი ეკატერინბურგის "ურალის" ფეხბურთელია.
გადავწყვიტეთ გავიხსენოთ, ვინ იყვნენ "ბარსელონას" 18-წლამდელთა გუნდში გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელები და სად არიან ისინი დღეს.
"ხუვენილ ბ"-ს გიორგი ჭანტურიასთან ერთად 5 ფეხბურთელი შეუერთდა, ქართველი ერთადერთი იყო, ვინც უცხოური კლუბიდან დაიმატეს, დანარჩენები "ბარსელონას" აკადემიის 17-წლამდელთა გუნდიდან დააწინაურეს.
ესპანელი მარჯვენა მცველი პატრიკი, "ბარსელონას" აკადემიას "ვილიარეალიდან" შეუერთდა, მან ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და 2015 წელს "ბარსა" B-დან რომის "ლაციოში" 500 ათასი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, რომლის რიგებშიც დღესაც ირიცხება, მიმდინარე სეზონში მან სერია A-ში 7 მატჩი ჩაატარა.
ცენტრალური მცველი სერხიო აიალამაც პატრიკის მსგავსად ყველა ასაკობრივი გუნდი გამოიარა და "ალავესში" გადავიდა, სადაც საკუთარი თავი კარგად ვერ წარმოაჩინა, იყო "ვალენსიას" დუბლშემადგენლობაში, ერთი პერიოდი კი ბელგიურ "სინ-ტრუდენში" გამოდიოდა, დღეს ის ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ "კართაგენას" ფეხბურთელია.
სენეგალელი ბაქარი მენდესი "ბარსელონას" 18-წლამდელთა გუნდიდან 2011 წლის 1 ივლისს წავიდა და მას შემდეგ სამი წელი არსად უთამაშია, შემდეგ სერია ჩ-ს "არეზოში" რამდენიმე თვის განმავლობაში ირიცხებოდა, საიდანაც სლოვაკურ "გაბციკოვოში" აღმოჩნდა, 2015 წლის შემდეგ მას არცერთი კლუბის ღირსება აღარ დაუცვია.
კამერუნი შემტევი არმანდ მელა "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში სამუელ ეტო'ოს რეკომენდაციით, მისი აკადემიიდან მოხვდა, 19-წლამდელთა გუნდიდან ლვოვის "კარპატის" მიაშურა, მას შემდეგ რამდენიმე პოლონური, უნგრული და სამხრეთ აფრიკული კლუბი გამოიცვალა და დღეს უკრაინის რანგით მეორე ლიგის "ინჰულეტსში" თამაშობს.
კოტ დივუარელი მეკარე იანიკ ადამუც ეტო'ოს აკადემიის წყალობით მოხვდა "ბარსელონაში", მან კლუბი 2011 წელს დატოვა და მას შემდეგ აღარსად უთამაშია.
გარდა ჩამოთვლილი ფეხბურთელებისა გიორგი ჭანტურიას გუნდში ისეთებიც დახვდნენ, რომლებიც დღეს წარმატებული ფეხბურთელები არიან, ზოგიერთი მათგანი კი "ბარსელონას" პირველი გუნდის წევრიცაა.
სერხი რობერტო "ბარსელონას" აკადემიაში ტარაგონას "ხიმნასტიკიდან" მოხვდა, მან ყველა ასაკობრივი გუნდი გამოიარა და ძირითად გუნდში 2013 წელს დაწინაურდა, მას შემდეგ კი დიდი პროგრესი განიცადა, შეიცვალა პოზიციაც და დღეს "ბარსელონას" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.
დღეს უკვე "ჟირონას" მარცხენა მცველი კარლეს პლანასს "ბარსელონას" ყველა ასაკობრივი გუნდი გამოვლილი აქვს, საიდანაც "სელტაში" გადაბარგდა, 2017 წელს კი ლა ლიგაში დაწინაურებულ "ჟირონაში" გადავიდა, მან მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ესპანელი ცენტრალური მცველი სერხი გომესი "ბარსელონას" აკადემიიდან "სელტაში" 2014 წელს გადავიდა, მიმდინარე სეზონის წინ კი "სევილიას" ფეხბურთელი გახდა 4,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, სადაც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი მოთამაშეა.
გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელი იყო ისააკ კუენკა, რომელსაც "ბარსელონას" რიგებში ლა ლიგაში 16 მატჩი აქვს ჩატარებული. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მისი კარიერა უკან წავიდა და დღეს ლა ლიგა 2-ის "რეუს დეპორტივოში" ირიცხება. "ბარსელონას" შემდეგ კი "აიაქსის", "დეპორტივოს", "ბურსასპორის", "გრანადას" და ებრაული "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.
ესპანელი ნახევარმცველი ჯონათან როდრიგესი, იგივე ხონი "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდიდან 2010 წლის ზაფხულში დაბალი დივიზიონის "ოვიედოში" გადაბარგდა, წლების განმავლობაში ასევე დაბალი დივიზიონის გუნდები მოიარა, ბოლოს კი ხიხონის "სპორტინგში" აღმოჩნდა, საიდანაც "მალაგაში" წავიდა. ზაფხულიდან კი "ალავესის" რიგებში ასპარეზობს და აბელარდოს გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, გატანილი 2 გოლით და 6 საგოლე გადაცემით მან დიდი წვლილი შეიტანა, "ალავესის" წარმატებაში, რომელიც ამ წუთისთვის ლა ლიგაში მე-5 პოზიციაზეა.
ყველასათვის კარგად ნაცნობი რაფინია ალკანტარაც გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელი იყო 18-წლამდელთა გუნდში, საიდანაც პრაქტიკის მისაღებად "სელტაში" გაუშვეს, რომელსაც ლუის ენრიკე წვრთნიდა, ასტურიელი სპეციალისტის "ბლაუგრანაში" დანიშვნის შემდეგ, რაფინიაც დაბრუნდა "ბარსელონაში", გასულ სეზონში ის მილანის "ინტერში" იყო განათხოვრებული, 25 ნოემბერს კი ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე თამაშს ვერ მოახერხებს.
დაბოლოს, ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ მაურო იკარდი "ბარსელონას" აღზრდილია, მან 2011 წელს დატოვა აკადემია და "სამპდორიას" შეუერთდა, საიდანაც 2013 წელს 13 მილიონის სანაცვლოდ "ინტერში" გადაბარგდა და დღეს მისი გამოკვეთილი ლიდერი და კაპიტანია. ის სწორედ გიორგი ჭანტურიასთან ერთად აგორებდა ბურთს ერთი სეზონის განმავლობაში.
ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეების გარდა, "ბარსელონას" აკადემიაში კიდევ ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა, რომელთა ნაწილმა ან საერთოდ დაასრულა კარიერა, ან დღესაც სხვადასხვა ქვეყნის დაბალ ლიგებში ასპარეზობენ, ამიტომ მათ შესახებ ინფორმაციით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა ფაქტია, ბევრმა მათგანმა დიდი ფეხბურთის თამაშიც მოახერხა.
რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, მან გასულ სეზონში უმძიმესი ტრავმა მიიღო, წელს კი ეკატერინბურგის "ურალის" რიგებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ისიც რუსეთის თასზე და მოედანზე მხოლოდ 15 წუთით გამოჩნდა.