პატიმართა წამების შესახებ ვიდეოკადრების ტელევიზიებით გავრცელებამ შოკში ჩააგდო სრულიად საქართველო. დემოკრატიის შუქურად წოდებულ ქვეყანას, თურმე ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკებისა და საბჭოური გულაგების მსგავსი სახელმწიფო დაწესებულებები ჰქონია, რასაც თავად ხელისუფლების უმაღლესი პირი აღიარებს, როცა სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემურ დარღვევებზე ლაპარაკობს.
მთავრობის ძალისნიერი სტრუქტურების ხელმძღვანელთა საგანგებო შეკრების დროს, რომელზეც შსს-ს მინისტრის ბაჩო ახალაიას დასწრებასაც კი მიზანშეუწონლად თვლიან, რადგან მთელი მოსახლეობის თვალში იგი აღიქმება აღნიშნული დაწყევლილი სისტემის შემოქმედად, სააკაშვილი გვესაუბრება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და მათი დაცვისთვის გასატარებელ რეფორმებს გვპირდება. მაგრამ სააკაშვილს არ სურს გაიხსენოს 2003 წელს ხელისუფლებისათვის ბრძოლის ქარცეცხლში ნათქვამი საკუთარი სიტყვების პათოსი, რომელიც მასვე ამჟამად თავში მძიმე კომბალივით ხვდება: “როცა რიგითი პოლიციელი რაიმე უკანონობას სჩადის, ეს მთელი ქვეყნისთვისაა ცნობილი, და როცა მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ეს მინისტრი ისეთივე ნაძირალაა, როგორც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და სააკაშვილი ამის გამო მას არ ათავისუფლებს პოსტიდან - მაშინ სააკაშვილიც ნაძირალაა!"
ამ სიტყვებით რა გამოდის, პრეზიდენტო?! მაშინ, როცა ომბუდსმენებიდან დაწყებული, დეპუტატები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები და უბრალო მოქალაქეები მრავალი წლის განმავლობაში კვალიფიციური დასკვნებით, ჟურნალისტური გამოძიებებით, სტატიებით, პრესითა და ტელევიზიით საჯარო მოწოდებებით ახალაიასა და კალმახელიძის მიერ დანერგილი ფაშისტური მეთოდებით ადამიანთა წამების უამრავი ფაქტის მიმართ თქვენგან სათანადო ზომების მიღებას მოითხოვდნენ, თქვენ ამ აშკარა ფაქტებზე ყურსაც კი არ იბერტყავდით და მხოლოდ ახლა აღშფოთდით, როცა ამ უკანონობით გამწარებული მთელი საქართველო ქუჩაშია, გამოდის ის, რომ თქვენ ამ დანაშაულებრივმა სისტემამ კი არ აღგაშფოთათ, რისი გაკეთების საფუძველიც და შესაძლებლობაც მანამდე მრავალჯერ გქონდათ, არამედ – ხელისუფლების დაკარგვის შიშმა, რომლის რეალურობის წინაშე დადექით და რა ჰქვია ამას თუ არა ნაძირლობა, ხოლო ამ ნაძირლობის ჩამდენს, თქვენივე შეფასებით რომ ვთქვათ, რა ჰქვია, თუ არა ნაძირალა?!
ყველანაირი ლოგიკით საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა აღნიშნულ შეფასებაში უდავოდ საერთო აზრზე უნდა იყოს და აქედან გამომდინარე, განა ნაძირალას შეუძლია რაიმე სიკეთე მოუტანოს ქვეყანას? არც წარსულში მოუტანია და ვერც მომავალში მოუტანს, მითუმეტეს, ამის თქმის უფლებას თქვენი 9-წლიანი მმართველობის საშინელი შედეგები გვაძლევს, რაც უკვე ალილუიასავით იცის საქართველომ, ამიტომ სრულიად ზედმეტად მიმაჩნია მათი თავიდან გამეორება.
ამ ნაძირლობას კი დასრულება სჭირდება და აგერ სულ რაღაც 10 დღეში მისი დასრულების იარაღი პირველი ოქტომბრის არჩევნების სახით ქართველი ხალხის ხელშია. ახლა საბრძოლო არენაზე არის ერთის მხრივ თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი ქართველი ხალხი და მეორეს მხრივ ბოროტების ბუდე ნაცრეჟიმის სახით. ბოროტება კი ეშმაკისეული საწყისის მატარებელია და ყველანაირი ბოროტმოქმედებისა და ვერაგობის ჩამდენი, რათა თავისი ბოგინის უფლება არ დაკარგოს.
ქართველი ერის ცხოვრების მეგზური “ვეფხისტყაოსანი” გვასწავლის: “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია” - ო, მაგრამ კარგად ჩავუკვირდეთ, რას გვეუბნება რუსთაველი - სძლიაო, ანუ ბრძოლაში აჯობაო და არა ნება-ნებით დამკვიდრდა ამ სოფელშიო. ესე იგი ბოროტება მხოლოდ ბრძოლით დაიძლევა და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მასთან მებრძოლ სიკეთეს ზურგს უმაგრებს ძალა.
ავადმოსაგონარი გამოცდილებით ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნაცრეჟიმი არჩევნების გაყალბების, საარჩევნო უბნებზე ტერორისა და უკანონობის უბადლო სპეციალისტია. ამ მიზნით მან უკრაინაში არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით 3000 კაციანი დესანტის გადასხმაც კი იკადრა იმ ზონდერების სახით, რომლის იმედი, მითუმეტეს, საქართველოში არ დაუკარგავს. ისიც კარგად ვიცით, რომ ზონდერების რაოდენობას ხელისუფლება უკანასკნელ თვეებში ვითომ ნებაყოფლობითი რეზერვის ხარჯზე მნიშვნელოვნად ზრდიდა, ამ მიზნით არ მორიდებია პრობაციონერების არმიის გამოყენებასაც. ამას ემატება ადმინისტარციული და ძალისმიერი სტრუქტურების შემადგენლობის ნაწილი და უხეში გათვლებით ხელისუფლებას ოპოზიციონერ აქტივისტთა და დამკვირვებელთა მიმართ უკანონო ძალადობრივი ზეწოლისათვის დაახლოებით 30 ათას კაციანი ლაშქარი მაინც ჰყავს, რომლის რიგებში მყოფი ადამიანები იმდენად არიან ხელისუფლებასთან გადაჯაჭვულნი ფინანსური და თავად მათზე დატერორების მიზეზითაც, რომ სანამ ბოლომდე არ დარწმუნდებიან სახელისუფლო ვერტიკალის ჩამოშლაში, მანამდე ხელისუფლების უკანონო დავალებათა შემსრულებლებად დარჩებიან.
ერთი შეხედვით, ეს თითქოს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ძალაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნებზე 3500 საარჩევნო უბანი იხსნება, რომლებზეც უნდა გადანაწილდნენ ეს ზონდერული დავალებების მქონე ჯგუფები, მაშინ როგორც ამბობენ - ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. გამოდის რომ საშუალოდ 10 კაცის გამოყვანა შეუძლია ნაცხელისუფლებას თითოეულ უბანზე ოპოზიციის დასაშინებლად. ვფიქრობ, ოპოზიციის არნახული მხარდაჭერის ამჟამინდელ პირობებში ანალოგიური რაოდენობის ადამიანების გამოყვანა საარჩევნო უბნებზე საკუთარი ინტერესების დასაცავად “ქართულ ოცნებასაც” შეუძლია, მაგრამ ასეთ ატმოსფეროში, როცა არჩევნებზე წარმატების ბედს მარტო საარჩევნო ყუთებში ჩაყრილი ბიულეტენები არ წყვეტს, სასწარაფოდ საჭიროა ამ ზონდერჯგუფების გასანეიტრალებლად სხვა ღონისძიებების განხორცილებაც.
გამომდინარე იქიდან, რომ კოალიცია “ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” ამ არჩევნებზე არის მთავარი ოპოზიციური ძალა, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ ის სასწრაფოდ დაიწყებს თავის შტაბებში ხმების დაცვის კომიტეტების შექმნას საარჩევნო უბნების მიხედვით და ეს საკითხი მხოლოდ არაორგანიზებულ მოხალისეთა იმედად არ უნდა დატოვოს. ცნობილია რომ თითოეული საარჩევნო უბანი საშუალოდ 1000 ამომრჩევლისგან შედგება და, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ამ კომიტეტში 100 ამომრჩეველი მაინც გაერთიანდება უბანზე სამორიგეოდ, რაც გამოიწვევს უბანზე ზონდერთა ძალადობის პრევენციასაც და ამავე დროს, ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციას ეყოლება აქტივისტთა დაახლოებით ნახევარმილიონიანი ლაშქარი, რაც საჭიროების შემთხვევაში უდიდეს როლს შეასრულებს ხმების დაცვის აქცია-ღონისძიებებში.
ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევას ჰოქნდეს. მხოლოდ მას შეუძლია იმ ასი ათასობით ქართველის ერთ მუშტად შეკვრა, რომლებიც მხოლოდ და მხოლო ქვეყნის სიყვარულის მოტივით მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ, ოღონდ გამარჯვების იმედი ჰქონდეთ.
ღმერთმა ქნას, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები მედგრად დადგნენ და არჩევნების გაყალბების საშუალება არ მისცენ რეჟიმს, მაგრამ აქსიომაა, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს, ამ საქმეს კი ხალხის მასობრივი ორგანიზება სჭირდება.
უკვე ცხადია, რომ ივანიშვილის მისიის არსი მდგომარეობს არა მარტო ქვეყნისა და თანამემამულეების მიმართ უსაზღვრო სიყვარულის გამოხატვაში სიტყვიერად და ქველმოქმედებით, არამედ მისი თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში გადამწყვეტი როლის შესრულებაში. ამ ამოცანის რეალიზებისათვის ივანიშვილს დიდი ფინანსური ბაზისიც გააჩნია, რასაც პოლიტიკაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკისრება. ეს ჭეშმარიტება ვირგლა სააკაშვილმაც კარგად იცის და ამიტომაც ყველანაირად უზღუდავს ივანიშვილს მისი გამოყენების საშუალებას. საოცარია, და საქართველოს ისტორია საქვეყნო საქმეში მატერიალური შესაძლებლობის როლის შესახებ სანიმუშო მაგალითს შეიცავს. ეს არის ფარნავაზ მეფის ისტორია, რომელმაც დიდი განძი იპოვა, მისი საშუალებით შექმნა ძლიერი ლაშქარი და დაამარცხა ტირანი აზონი. სწორედ ფარნავაზს უკავშირებენ საქართველოს გაერთიანებას, მის 7 ისტორიულ სამთავროდ დაყოფას და ქართული დამწერლობის გავრცელებას. ისტორია ქართველთათვის საკრალური ფენომენია და მისი გახსენება და პარალელების გავლება ერის ბედის განმსაზღვრელ პროცესებში სრულიად მიზანშეწონილად მიმაჩნია.
თუ სააკაშვილი ამ არჩევნების გაყალბების შემდეგ უკვე რეალურად გაფორმდება ძალაუფლების უზურპატორად ანუ, თუ უსამართლო ძალა კვლავ გაბედავს ქვეყნის მმართველობაში ყოფნას ამავე ქვეყნის საბოლოოდ მოსათხრელად, ასეთ შემთხვევაში ფარ-ხმალი კი არ უნდა დავყაროთ, პირიქით, მაშინ უნდა მოხერხდეს მთელი ეროვნული პოტენციალის ფეხზე დაყენება და სრული სახალხო მობილიზება ტირანიის წინააღმდეგ საბრძოოლველად და მის დასამარცხებლად. ეს უნდა იცოდეს სააკაშვილმა და მის მიერ შექმნილმა ბოროტების ბუდემ.
P.S. ახლა შენიღბვისა და ნეიტრალიტეტის დრო აღარ არის, ახლა ბრძოლის წინა ხაზზე დგომის დროა.
P.P.S. ეს სტრიქონები უკვე დაწერილი მქონდა, როცა გავრცელდა ინფორმაცია ბაჩო ახალაიას გადადგომის შესახებ. მაგრამ ეს ამ ხელისუფლების ჩამოშლას ჯერ კიდევ არ ნიშნავს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ამათი ფიქტიური გადაგომების შესახებ გვაქვს გამოცდილება საკაშვილისა და დათა ახალაიას მაგალითით. მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის ჩოყლაყის რეჟიმის საბოლოოდ მოსასპობად.