ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის „პლანეტა რიდმორის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ ერთობლივი პროექტის პირველი ადგილის მფლობელი ბექა გოგინავა გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი, შესაბამისად, მედეა ფანცულაიამ და ვასილ ქარსელაძემ დაიკავეს. გამარჯვებულებს პარტნიორმა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ სპეციალური პრიზები გადასცა: პირველი ადგილის მფლობელი ევროპაში სასწავლო ტრენინგის საგზურით დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა სტუდენტებმა კი 1000 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები მიიღეს. პროექტის ათივე ფინალისტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ სამახსოვრო პრიზები გადასცეს.
დაჯილდოების ცერემონიალს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, გამომცემლობის დამფუძნებლები ირაკლი ბაკურიძე და მარი კორინთელი ესწრებოდნენ. დაჯილდოებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო საკონკურსო წიგნებში შემავალი ერთ-ერთი წიგნის „გლდანი - შეუძლებელი რომანის“ ავტორი გურამ მაცხონაშვილი.
როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, „პლანეტა რიდმორი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სტუდენტების მაღალ ინტერესს იწვევს. „პლანეტა რიდმორი“ საინტერესო კონკურსია, რომელსაც, ტრადიციულად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ატარებს. წელს პროექტის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო. პირველ ეტაპზე 400-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, დარჩა 10 ფინალისტი. 10 ფინალისტიდან კი დღეს 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც ძალიან საინტერესო პრიზები გადაეცათ,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.
გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მარი კორინთელის თქმით, „პლანეტა რიდმორი“ უნიკალური პროექტია, რომელსაც დამარცხებული არ ჰყავს. „კონკურსიდან ყველა მონაწილე რაღაც სარგებელს იღებს, სულ ცოტა ერთ საინტერესო წიგნს მაინც კითხულობს. დღეს სტუდენტები ძალიან დაკავებულები არიან და შესაძლოა, მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად საკმარისი დრო აღარ ჰქონდეთ. ეს პროექტი კი ძალიან კარგი წახალისებაა, რათა სტუდენტები მთელ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს არ ჩამორჩნენ.“ - აღნიშნა გამომცემლობის დამფუძნებელმა.
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულმა ბექა გოგინავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობას „წიგნები ბათუმში“ საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტისთვის მადლობა გადაუხადა. „პროექტში მონაწილეობით ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, რადგან ძალიან მაღალი კონკურენცია იყო. მე ვფიქრობ, ასეთი პროექტები ხშირად უნდა ტარდებოდეს და უფრო მეტმა სტუდენტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა“ - აღნიშნა გამარჯვებულმა.
შემეცნებითი პროექტი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის აპრილში დაიწყო და სამი თვის განმავლობაში ტარდებოდა. კონკურსანტები ყოველ კვირას პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტესტებს წერდნენ. საერთო რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალში შეხვდა.
პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა ტურის ლიდერი, რომლებიც სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. კონკურსის ფარგლებში ასევე ჩატარდა 8 ონლაინ ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც საერთო რეიტინგში დამატებით 2 ქულას იღებდნენ. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად მესამე წელია ახორციელებს. პროექტის მიზანია ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.
ახალგაზრდების წიგნიერების