ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება და ქართულ-ინგლისური ალბომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საფრანაგეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი, სათვისტომოს დელეგაცია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „საქართველოს ესტუმრა მეორე და მესამე თაობის ემიგრაცია, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტთა შთამომავლებს მასპინძლობს. ემიგრანტთა შთამომავლები დაესწრნენ ალბომის „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაციას. კიდევ 3 წიგნის გამოცემა იგეგმება. ძალიან ინტენსიური მთარგმნელობითი და საგამომცემლო საქმიანობა გასწია ჩვენმა უნივერსიტეტმა, ჩვენმა ბიბლიოთეკამ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ინსტიტუტმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა.“
ალბომი მოიცავს 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 18 მარტამდე - საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე პერიოდს. მასალები 1918-1921 წწ. არსებული პერიოდულ გამოცემებიდანაა მოძიებული. ალბომში წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრების ისტორია, მოვლენები და ფაქტები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ამ მოვლენების ამსახველი ფოტოები.
„ბედნიერი ვარ, როცა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეპოქით დაინტერესებულ ამდენ ახალგაზრდას ვხედავ. ამ დღეებში, ერთ ახალგაზრდა გოგოს ვკითხე - რატომ იყო შეყვარებული იმ ეპოქაზე. ასე მიპასუხა: ეს ეპოქა წარმოადგენს თავისუფლებას. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური თავისუფლება, ეს იყო მენტალური, სულიერი თავისუფლება. საბჭოთა კავშირმა დათრგუნა ეს თავისუფლება. ამისგან გათავისუფლებას დრო სჭირდება. სწორედ, დღევანდელი ახალგაზრდები ატარებენ საკუთარ თავში ქართულ თავისუფლებას,“- აღნიშნა ნოე ჟორდანიას შვილმა რეჯებ ჟორდანიამ.
საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის თქმით, „ღონისძიება ბუნებრივია, ღონისძიება იმართება იმ ციკლის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.
სიმბოლურია, რომ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუსრულდა 100 წელი და ეს თარიღები ერთმანეთს ემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ემიგრანტების შთამომავლები არ წყვეტენ კონტაქტს თავიანთ სამშობლოსთან, საქართველოც ინარჩუნებს ძალიან მჭიდრო კავშირს თავის ისტორიულ დიასპორასთან, რომელსაც, დიდი წვლილი მიუძღვის იმ მნიშვნელოვანი ფუნდამენტის ჩამოყალიბებაში, რასაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება ჰქვია.“