უორენ ჰეინსი – ბლიუზი ძველი მეგობრებისა და თითო კათხა ლუდის თანხლებით...

უორენ ჰეინსი – ბლიუზი ძველი მეგობრებისა და თითო კათხა ლუდის თანხლებით...

მე-20 საუკუნის 80-იანი წლები ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აღმოჩნდა პოპ მუსიკის ორიენტაციის შეცვლის თვალსაზრისით. როდესაც დღესდღეობით თვალყურს ვადევნებთ თუნდაც 2000 წლიდან მოყოლებულ ცვლილებებს, ერთის მხრივ,  მას შემდეგ 12 წელიწადი გავიდა, მაგრამ თითქოს ბევრი არც არაფერი შეცვლილა კომერციული მუსიკის მეინსტრიმის თვალსაზრისით.

აი ძველად კი... წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში ერთდროულად მოღვაწე თუნდაც Jefferson Airplane და The Allman Brothers Band, ჩარტების სათავეებში ჩამდგომი უკვე სხვადასხვა თაობის ჯგუფები იყვნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ სულ ცოტა ხანში დაარსებულ Eagles-სა თუ Kansas-ზე, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ ზემოთქმული კოლექტივებისაგან, როგორც სოციალური, ასევე იდეური თვალსაზრისით.

1976 წლიდან  მოყოლებული კი უკვე  თვით Chicago-ს   ყაიდის ბუმბერაზი ჯგუფების ცნობიერებაში ხდება გარღვევა, როდესაც In The Country, If You Leave Me Now-თი იცვლება, რომ აღარაფერი ვთქვათ დისკო ჰანგების შემოჭრაზე, რაც სულ მალე მაიკლ ჯექსონის 80-ების ბუმში გადაიზარდა.

იმ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო როკ მუსიკისათვის ერთგული ადამიანების გამოჩენა, ვინც შეინარჩუნებდა იმ თითქმის ორი ათწლეულის ნაღვაწს, რაც აგრერიგად ღირებული იყო მე-20 საუკუნის მსმენელისათვის. თანაც უმჯობესი იქნებოდა, თუკი ეს ღრმა ინტელექტუალურ დონეზე გაკეთდებოდა წარსულზე ურყევი მინიშნებებით.  

ამ მხრივ „ბებრებმაც“ იმარჯვეს, ვისთვისაც მიუღებელი იყო ახლებური მუსიკალური ტენდენციები. ისინი არჩევდნენ მათ კონცერტებზე დაზრდილ ხალხს, მაგრამ ესეც  არ იყო საკმარისი. დიუან ალმანის შეცვლა, ადვილი საქმე ხომ ნამდვილად ვერ იქნებოდა?

ერთხელაც, საკმაოდ მოუხეშავი აღნაგობის მსუქანი გიტარისტი უორენ ჰეინსი The Grateful Dead-ის ბობ უეირმა და ფილ ლეშმა შენიშნეს. უცნაურია, მაგრამ ამ დროისათვის 20 წლის მუსიკოსს უკვე დაწერილი ჰქონდა ქანთრი სტილში სიმღერა, რომელმაც ამერიკის ჩარტების სათავეში 20 კვირა დაჰყო...

ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში უორენ ჰეინსი ძალიან მარტივად იხსენებს საკუთარი გემოვნების ჩამოყალიბების პერიოდს: „ბავშვობაში გამიტაცა ჯიმი ჰენდრიქსმა, ერიკ კლაპტონმა და ჯონი ვინტერმა. მერე გავარკვიე, რომ მათ თავის მხრივ რობერტ ჯონსონი, ბი ბი კინგი, ელმორ ჯეიმსი და ჯიმი რიდი მოსწონდათ. იმათაც მოვუსმინე და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ გიტარისტი გავხდებოდი“.

უორენ ჰეინსი გიტარას 12 წლის ასაკში დაეწაფა და საბოლოოდ გიტარისტებს შორის შედარებით ნაკლებად გავრცელებულ დიუან ალმან ხელ გამოვლილ მოდელ გიბსონ ლეს პოლ 58-ის ოსტატად იქცა.

The Grateful Dead-ის წევრებთან მუშაობის წლებში, უორენ ჰეინსის მუსიკალურ კარიერაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა. მან The Allman Brothers Band-ის გიტარისტ დიკი ბეტსის ჯგუფში დაიწყო დაკვრა, ხოლო 1989 წელს  კი შესანიშნავმა  გიტარულმა ტანდემმა უკვე გრეგ ალმანის მიერ აღდგენილ  ლეგენდარულ კოლექტივში გადაინაცვლა. წარმოიდგენდა ოდესმე ჰეინსი, რომ თავისი კუმირის - დიუან ალმანის ადგილს დაიკავებდა ჯგუფში?

The Allman Brothers Band-ის სცენაზე დაბრუნება მეტად ეფექტური გამოდგა. უორენ ჰეინსი ჯგუფის სრულყოფილ წევრად იქცა და არამარტო როგორც გიტარისტმა და მომღერალმა, არამედ როგორც კომპოზიტორმა უდიდესი წვლილი შეიტანა 90–ების სამი სტუდიური ალბომის გაფორმებაში. გამორჩეული 1994 წლის Where It All Begins აღმოჩნდა. დიკი ბეტსის ქანთრი ლაღ მისწრაფებებს, მხარს შესანიშნავად უბამდა უორენ ჰეინსის ჟღერადობის დამძიმებისაკენ მიმართული ხელწერა მაგალითად სიმღერაში Sailin' 'Cross the Devil's Sea. მაგრამ ჰეინსის წვლილის განსახიერება, მის მიერ ცალკე შექმნილი Soulshine აღმოჩნდა. სიმღერა საკონცერტო ჰიტადაც კი იქცა. კონცერტებზე ვოკალის პარტიას, აქ გრეგ ალმანი და უორენ ჰეინსი შენაცვლებით ასრულებდნენ. სტუდიურ ალბომებს The Allman Brothers Band-თვის უმნიშვნელოვანესი საკონცერტო ალბომი An Evening with the Allman Brothers Band მოჰყვა. ორი დისკისაგან შემდგარი ალბომი გიგანტის პირველი ნაწილი 1992-ში, ხოლო მეორე კი 1995-ში გამოვიდა. ბეტსი-ჰეინსის ტანდემმა იმდენად ეფექტურად, შეხმატკბილებულად და გააზრებულად განავრცო 1971 წლის ცნობილ ლაივ At Fillmore East-ის დიუან ალმან - დიკი ბეტსის ტანდემი, რომ ახალი Allman Brothers Band, უკვე აღარაფრით ჩამორჩებოდა ძველ, ჰიპურ პერიოდში გამობრძმედილ, ორი დრამერისაგან შემდგარ ჯგუფს.

მაგრამ The Allman Brothers Band განხეთქილებებისაგან დაზღვეული არასოდეს ყოფილა. ცოტა ხანში ჯგუფის დატოვება დიკი ბეტსს მოუწია, ხოლო უორენ ჰეინსმა კი ბასისტ ალენ ვუდისთან ერთად, Government Mule დააარსა.

აქ მუსიკოსის ხელწერა უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. უცნაურია, მაგრამ აშკარად ამერიკული ყაიდის მუსიკოსი, გულის სიღრმეში ინგლისური ჰარდ როკის დიდი თაყვანისმცემელი აღმოჩნდა. ამის ნათელი დასტურია 1999 წლის ოთხ (!) კომპაქტ დისკიანი ალბომი Live ... With A Little Help From Our Friends. აქ წარმოდგენილი არაერთი ცნობილი სიმღერის ქავერ ვერსიით, უორენ ჰეინსმა ქედი მოიხარა თავისი იდეური მამების წინაშე. ალბომში უორენ ჰეინსის მიერ დრამერ მატ ებსტთან ტანდემში შექმნილ სიმღერებთან ერთად, Black Sabbath-ის War Pigs, სტივ მარიოტის 30 Days in the Hole, Free-ს Mr. Big, ჯიმი ჰენდრიქსის Third Stone from the Sun შევიდა.

ბუნებრივია, რომ  The Allman Brothers Band-ის მსგავსად, Government Mule-იც უფრო ეფექტურად კონცერტებზე ჟღერდა. მაგრამ მალე ჯგუფის ბასისტი ალენ ვუდი გარდაიცვალა და 2002 წლის The Deepest End - Live In Concert, კოლექტივმა უკვე მოწვეულ ბას გიტარისტებთან ერთად ჩაწერა, რომელთა შორისაც აღსანიშნავია Yes-ის ქრის სქუაირი, Jefferson Airplane-ს ჯეკ ქესიდი, Primus-ის ლეს კლეიპული, Metallica-ს ჯეისონ ნიუსტედი, Deep Purple-ს როჯერ გლოვერი... აღსანიშნავია, რომ იმავე პერიოდში, ჰეინსმაც დაუკრა ამ უკანასკნელის სოლო ალბომში Snapshot.

საკონცერტო ალბომის ბაზისად მხოლოდ საკუთარი სიმღერები  იქცა. ამას მუხტი 2000 წლის შესანიშნავმა ალბომმა  Life Before Insanity მიანიჭა,  რომელშიც შემავალი Bad Little Doggie საკონცერტო ალბომს ხსნის, Wondering Man საფირმო სლაიდ გიტარით Led Zeppelin-ის In My Time Of Dying-ს მოგვაგონებს, World Gone Wild სამკაციან Grand Funk Railroad-ს, ხოლო Fallen Down კი უბრალოდ ულამაზესი სიმღერაა ბოლოსკენ ჩაქსოვილი იუველირული სოლოთი...

Gov't Mule-ის მომდევნო პერიოდის ალბომები მაინცდამაინც დიდი იდეური სიახლეებით აღარ გამოირჩევიან, მაგრამ სტაბილურ იერსახეს ყოველთვის ინარჩუნებენ. უორენ ჰეინსი The Allman Brothers Band-თან ერთადაც არ წყვეტს თანამშრომლობას და არც თუ ისე ხშირ კონცერტებზე, სცენაზე მას უკვე „ახალ“ გიტარისტ დერეკ ტრექსთან ერთად ვხედავთ.

ამ გიტარული ტანდემის საოცრად შეთანხმებული დაკვრის ხილვისა და მოსმენის  საშუალება, მსმენელს  2003 წლის DVD Live at the Beacon Theatre -ში ეძლევა. ბლიუზ როკ  გიტარული მუხტი, კონცერტის ბოლოსკენ პიკს აღწევს და დამაბოლოვებელი Whipping Post-ის მოსმენის შემდეგ, მსმენელი შეიძლება იმაშიც დარწმუნდეს, რომ ჯგუფს აღარ ესაჭიროება დიკი ბეტსისეული ქანთრი წიაღსვლები...

მაგრამ მოდით ამაზე ბევრს ნუღარ ვიფიქრებთ. უმჯობესია DVD -ს ბონუს ტრეკ და  The Allman Brothers Band-ის 2003 წლის სტუდიურ ალბომ Hittin' the Note-ის დამაბოლოვებელ შედევრს მოვუსმინოთ, სადაც უორენ ჰეინსმა მოპასუხე გიტარები ძველ მეგობრებად წარმოგვისახა და ჩვენც თითო კათხა ლუდზე მიგვანიშნა...