პრობაციის სისტემაში  დროებითი რეგისტრაციისა და ვიდეოპაემნის  გადასახადები გაუქმდა

პრობაციის სისტემაში დროებითი რეგისტრაციისა და ვიდეოპაემნის გადასახადები გაუქმდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  გადაწყვეტილებით, პრობაციის სისტემაში სხვადასხვა სერვისებზე გადასახადები გაუქმდა.  ამის შესახებ რუსთავში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისის გახსნაზე მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა.   ახალი კონცეფციის   ოფისებში  მოქალაქეებს   სხვადასხვა სერვისის უფასოდ მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

მინისტრის განცხადებით,  გაუქმდა ორი გადასახადი: დროებითი რეგისტრაციისა და  ვიდეოპაემნის სერვისის საფასური.

„თუ მსჯავრდებულთან შესახვედრად  ოჯახის წევრს  დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება არ აქვს,  შესაძლებლობა ექნება ამ ოფისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ დაწესებულებას დაუკავშირდეს და 15 წუთის განმავლობაში  არა მარტო უფასოდ გაესაუბროს  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრს, არამედ მისი  გამოსახულებაც დანახოს, “ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა. 

ახალი კონცეფციის პრობაციის ბიუროები ეტაპობრივად  ყველა რეგიონში გაიხსნება.