საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და აჭარის ა/რ მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე ბათუმში გამართულ ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალის საზეიმო დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.
ფესტივალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აჭარის რეგიონში ყოველწლიურად იმართება. ოჯახში დამზადებული ღვინის მე-9 ფესტივალის დახურვის საზეიმო ნაწილი ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები, აჭარის მთავრობის და სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციას ემსახურება. ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს, ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონკურსზე, მთელი საქართველოდან 200-მდე ღვინის ნიმუში იყო წარდგენილი. მონაწილეთა შორის იყო 4 უცხოელი მეღვინე - 2 მეღვინე ლაზეთიდან და 2 საინგილოდან.
საკონკურსო ღვინის ნიმუშების დეგუსტაცია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალურად შექმნილმა 10 კაციანმა სადეგუსტაციო კომისიამ 22 ნომინაციაში, მათ შორის აღმოსავლური და დასავლური თეთრი და წითელი ღვინის კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები გამოვალინეს.
გამარჯვებული მეღვინეები ფესტივალის მხარდამჭერმა კომპანიებმა ფულადი პრიზებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს. საზეიმო ცერემონია საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დასრულდა.