დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ერიკ ჰიოგს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ერიკ ჰიოგს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სტატისტიკური მონაცემები გააცნო. შოთა რეხვიაშვილმა ასევე ისაუბრა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მომავლის გეგმებზე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო პრიორიტეტს ნგრევადი და სიცოცხლისათვის საშიში ობიექტებიდან დევნილი ოჯახების განსახლებას ანიჭებს. დღევანდელი მონაცემებით, სამინისტრომ უკვე 38 ასეთი შენობა დახურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ კორპუსებში გადასცა.
შოთა რეხვიაშვილი ასევე შეეხო „სოფლად სახლის“, „მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა“ და „იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტებს. მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სამინისტრომ დაიწყო ახალი კორპუსების მშენებლობა ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში.
შეხვედრის დასასრულს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ერიკ ჰიოგმა მინისტრის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.