სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში რაიმუნდ ელეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა FAO-სა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების მთავარი საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.
ოთარ დანელია რაიმუნდ ელეს ევროკავშირის მიერ ქართული თაფლის კონტროლის სისტემის აღიარების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების კონტროლის ნაწილში სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობის დადებითად შეფასება და სისტემის აღიარება.
შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ და კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
ოთარ დანელიამ პროგრამა „ქართული ჩაის“ შესახებაც ისაუბრა და რაიმუნდ ელეს ქვეყნის მასშტაბით ჩაის პლანტაციების მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია ხარისხიანი ჩაის წარმოება და საქართველოში იშვიათი ჯიშების შემოტანა-გავრცელება.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი ესწრებოდნენ.