საქართველოს კავშირგაბმულობის სფეროს თანამშრომლებს
ძვირფასო კოლეგებო,
გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, 17 მაისს – საქართველოს კავშირგაბმულობის დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას, დიდ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.
საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა კავშირგაბმულობის სფეროს სახე, თქვენმა მაღალპროფესიულმა შრომამ კი ის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად დარგად აქცია.
მაღალგანვითარებული ელექტრონული კომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და საფოსტო მომსახურებები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში. ეს ყველაფერი დადებით ზეგავლენას ახდენს საქართველოს შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, მის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ღრმა ინტეგრირებაზე. სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ მნიშვნელოვანი სფეროს მდგრადი, ინოვაციური განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტად განსაზღვრა და თქვენთან ერთად არაერთი ფართომასშტაბიანი რეფორმა, მათ შორის მიწისზედა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში განახორციელა. ამასთან, დაიწყო საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს 2000-მდე დასახლებული პუნქტის მოსახლეობის ფართოზოლოვან მომსახურებებთან და მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და სხვა.
დარწმუნებული ვარ, რომ კავშირგაბმულობის სფეროს თანამშრომლები კვლავაც ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოფთ ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და საფოსტო მომსახურებების მაღალი ტემპებით განვითარებას და სრულყოფას. ამით ჩვენ საკუთარ, მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და საქართველოში საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობაში.
ღრმა პატივისცემით
დიმიტრი ქუმსიშვილი
ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი