სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერა, რომლითაც პრობაციის ეროვნული სააგენტო არასაპატიმრო სასჯელის ახალ სახეს - შინაპატიმრობას აღასრულებს.
კახა კახიშვილმა დიპლომატებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და არასაპატიმრო სასჯელების შემოღების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სასჯელი ჯერჯერობით მხოლოდ არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენება, მაგრამ საპატიმრო სასჯელის ალტერნატიული ფორმის გამოყენება სრულწლოვანთა მიმართაც არის დაგეგმილი. სამინისტროს უკვე შესყიდული აქვს სერვევი, რომლის მეშვეობითაც შინაპატიმრობის განხორციელება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით 1000 პირის მიმართ იქნება შესაძლებელი.
კახა კახიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეძლებისდაგვარად ნაკლები ადამიანი უნდა იხდიდეს სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა ეს არ უნდა აისახებოდეს ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებაზე და მთავრობა ამ მხრივ აქტიურად მუშაობს. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მიიჩნევს, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უმჯობესია თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით ჩანაცვლდეს. კახა კახიშვილის თქმით, აღნიშნული მიდგომა ძალიან წარმატებით გამოიყენება როგორც ევროპულ ქვეყნებში, ასევე, ამერიკაში.
„პატიმრობის ნაცვლად ალტერნატიული სასჯელის არსებობა, მით უფრო კონტროლირებადი საშუალებებით, ვფიქრობ, ძალიან კარგია, რადგან ერთის მხრივ პატიმრების რაოდენობის შემცირება მოხდება და მეორეს მხრივ, საზოგადოებას არ შეექმნება საფრთხე. სამინისტროს მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების თანამხმად, შინაპატიმრობის გამოყენება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით უკვე ზრდასრულ მსჯავრდებულებზეც იქნება შესაძლებელი,“- განაცხადა კახა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა დღეს დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებთან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზეც ისაუბრა, რომლის ინიცირებაც ახლო მომავალში მთავრობის ხდომაზე მოხდება. მათ შორის პირობით მსჯავრდებულების მიმართ სპეციალური მოწყობილობის გამოყენებაზე, რომელიც ალკოჰოლურ თრობას ზომავს.