ქვეყნის ჯანდაცვის სფერო კვლავ ისეთი მწვავე გამოწვევის წინაშე დგას, რასაც პოლიპრაგმაზია ჰქვია. პოლიპრაგმაზია კი თავის მხრივ, ავადმყოფისთვის ერთდროულად, გაუმართლებლად რამდენიმე მედიკამენტისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნის არარეალურ რაოდენობას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ეს არცთუ ისე იშვიათი შემთხვევაა საქართველოში.
აღნიშნულ პრობლემას ეხმაურება ჯანდაცვის პლატფორმის კონსულტანტი ქეთევან დიდებულიძე, რომელიც შექმნილ პრობლემას სამედიცინო წარმომადგენლებისსა და ექიმების კერძო ინტერესებს უკავშირებს: „სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ექიმებს არ უნდა ჰქონდეთ ინტერესი ან მოტივაცია, პაციენტს დაუნიშნონ ზედმეტი მედიკამენტი. ეს როგორც პაციენტის მატერიალურ მდგომარეობაზე, ასევე მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად ისახება. რადგან ექიმებისთვის კლინიკური მართვის პროტოკოლი არ არსებობს, ხშირ შემთხვევაში, ექიმები ხელმძღვანელობენ ფარმაცევტული კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაციით. ამასთანავე, არსებობენ კომპანიები, რომლებიც ერთდროულად ფლობენ ფარმაცევტულ კომპანიებსაც და კლინიკებსაც. ასეთი კლინიკების ექიმები პაციენტებს, ძირითადად, იმავე კომპანიის ფარმაკოლოგიურ ნაწარმს უნიშნავენ სამკურნალოდ“.
ჯანდაცვის პლატფორმის კონსულტანტი პოლიპრაგმაზიის გამომწვევ მიზეზებზეც საუბრობს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად უწყვეტ სამედიცინო განათლების არარსებობას ასახელებს: „კლინიკური ფარმაკოლოგიის მიმართულებით ექიმების გადამზადებასთან ერთად აუცილებელია შეიქმნას სისტემა, რომელსაც მაკონტოროლებელი როლი ექნება. სისტემა, რომელიც თვალს მიადევნებს პოლიპრაგმაზიასთან დაკავშირებულ პროცესებს, გააკონტროლებს ფარმაცევტულ კომპანიებსა და ექიმებს შორის გარიგებებს, რაც საბოლოო ჯამში შეამცირებს ქვეყანაში პოლიპრაგმაზიის გამომწვევ რისკებს“.