თბილისში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია 10 000-მდე დევნილმა ოჯახმა შეავსო. ბენეფიციარებთან ყოველდღიური კომუნიკაციისას გამოიკვეთა, რომ თბილისში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების მნიშვნელოვან რაოდენობას სააპლიკაციო ფორმა ჯერ კიდევ არ აქვს შევსებული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ბრიფინგი გამართა.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2016 წელს დევნილი ოჯახებისთვის გადასაცემ 400 ბინაზე დამატებითი განაცხადები მიიღება.
თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების აპლიკაციების მიღება 6 აპრილს დაიწყო და 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
400 ბინიდან - 200 თბილისის ზღვაზე, ე.წ „ოლიმპიურ სოფელში“ მდებარეობს, 200 ბინა კი სამინისტრომ ახალაშენებულ კორპუსში „მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის“ პროექტის ფარგლებში შეიძინა.
საცხოვრებელი ფართები 2 ეტაპად განაწილდება. თბილისის ზღვაზე არსებულ ბინებს დევნილი ოჯახები 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში მიიღებენ. მენაშენეებისგან გამოსყიდული საცხოვრებელი ფართები კი დევნილებს 2016 წლის სექტემბრის ბოლოს გადაეცემათ.
განაცხადები მიიღება ქალაქ თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქ. N16-ში.
სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტი, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარ ქულას მიანიჭებს. აღნიშნული ქულები გამოქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე.
სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა მიეცემათ წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათთვის წინასწარ მინიჭებულ ქულებზე. სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტში არსებული წინასწარი შეფასების განყოფილება, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელებს დევნილი ოჯახებისთვის წინასწარ მინიჭებული ქულების კორექტირებას. კორექტირებული სია გამოქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე.
ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს მონიტორინგის განყოფილებამ. აღნიშნული განყოფილება გადაამოწმებს მინიჭებულ ქულებს. ამასთან, უზრუნველყოფს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას.
მონიტორინგის განყოფილების მიერ გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას.
კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, რომლებიც ცხოვრობენ, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მიხედვით ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება.