"საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის“ დასკვნითი ტური სტარტს, 6 აპრილს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში აიღებს. წარმოდგენილი იქნება კახეთისა და ქვემო ქართლის გამარჯვებული გუნდები.
ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეეძლოს საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსსა და ეთნიკურ ჯგუფს. ფოლკლორულმა მარათონმა გეზი შარშან მაისში თელავიდან აიღო და მთელი ქვეყნის რეგიონები მოიცვა - ყველაფერი კახეთიდან დაიწყო და ოქტომბერში თბილისში დასრულდა. წელს კი, ფოკლორის მოყვარულებს ფესტივალის ფინალი ელის - ლაურეატების დაჯილდოება და გალა კონცერტი ივნისში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ და შედგება რეგიონული (2015 წელი) და დასკვნითი ტურებისაგან (2016 წელი). 6 აპრილის შემდეგ, დასკვნითი მეორე ტურები გაიმართება 12 აპრილს (ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულითეატრი - შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის გუნდების მონაწილეობით), 20-21 მაისს (ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი - იმერეთის, რაჭა-ლეჭხუმ-ქვემო სვანეთისა, აჭარა - ბათუმისა, ქობულეთი ხელვაჩაურის გუნდების მონაწილეობით), 24 მაისსა (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - თბილისის ანსამბლების მონაწილეობით) და 30-31 მაისს. (ქ. ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სამეგრელო-ზემოსვანეთის, გურიას, აჭარა - ხულოს, შუახევის, ქედას გუნდების მონაწილეობით)
ფინალური ტურები, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი - ზეპირსიტყვიერების და 27-28 ივნისი - ფესტივალის ფინალი.
ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ I, II და III ხარისხის დიპლომები, სახელობითი პრიზები და ფულადი პრემია.
როგორც საქართველოს ფოლკლორის სასახელმწიფო ცენტრში აღნიშნავენ, ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში დღესდღეობით არსებულ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას, საზოგადოებისათვის გაცნობას. გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016 წწ”. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში აქტიურად ჩაერთვნენ: ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, ქორეოგრაფ-ქორეოლოგები, ეთნოგრაფ-ეთნოლოგები, მკვლევრები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, მოცეკვავეები, ავტორ-მთქმელები, მთქმელები, ხალხური რეწვის ოსტატები.
„საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ფესტივალთა ჩატარების 80 წლიანი გამოცდილება აქვს. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნებისათვის, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად. აქვე კი დავამატებთ, რომ ფესტივალი მხოლოდ ქართულ ფოლკლორს არ მოიცავს - საკუთარი ეროვნული შემოქმედების წარმოჩენა საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს შეეძლება. ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი პროექტია და, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მასშტაბით პირველად ტარდება. ღონისძიება მოიცავს ტრადიციული ხელოვნების პრაქტიკულად ყველა მიმართულებას: სიმღერა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ინსტრუმენტული მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და სხვა” - აღნიშნავს ფოკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.