მსოფლიოს ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
თავის ექსკლუზიურ კვლევაში, Global Finance-მა გამარჯვებული ბანკები მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე გამოავლინა. საქართველოში საუკეთესო ბანკის კატეგორიაში თიბისი ზედიზედ უკვე მეხუთე წელია იმარჯვებს. ჯამში ამ კატეგორიაში გამარჯვებულად თიბისი ბანკი 8-ჯერ არის დასახელებული Global Finance-ის მიერ.
“თიბისი ბანკს 2015 წელსაც ბრწყინვალე შედეგები აქვს, მოგება 38%-ით გაიზარდა, გაუმჯობესდა დანახარჯების ფარდობა შემოსავალთან, ასევე, 25%-ზე მეტით გაიზარდა სესხები და მომხმარებელთა ავანსები. თიბისი ბანკმა დაამტკიცა, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საქართველოს ბაზარს და ყველა აქციონერს“. - განაცხადა ჯოზეფ გარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და სარედაქციო საბჭოს დირექტორმა.
„ჩვენთვის ძალიან საამაყოა ზედიზედ მეხუთედ, საქართველოში საუკეთესო ბანკის ტიტულის მოპოვება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თიბისი ბანკს გამორჩეული ფინანსური შედეგები აქვს და ინარჩუნებს ლიდერობას ინოვაციებისა და მომხმარებელთა მომსახურების კუთხით. მინდა, მადლობა გადავუხადო თიბისი ბანკის მთელ გუნდს ჩვენი ბანკის ზრდასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის" - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
Global Finance გამარჯვებულ ბანკებს არჩევს საბანკო ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენს: აქტივების ზრდა, სტრატეგიული ურთიერთობები, მომხმარებელთა მომსახურება, კონკურენტული ფასები და ინოვაციური პროდუქტები.
Global Finance მსოფლიოს წამყვანი ფინანსური გამოცემაა, რომელიც 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 180 ქვეყანაში კითხულობენ. Global Finance-ის აუდიტორია მოიცავს უმაღლესი რგოლის მენეჯერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე.
Global Finance -ის ვებგვერდზე —GFmag.com — მოცემულია ანალიტიკური მასალა და სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის 27 წლიან გამოცდილებას ეყრდნობა. Global Finance-ის სათავო ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს, ხოლო წარმომადგენლობები მთელს მსოფლიოში აქვს.
Global Finance რეგულარულად არჩევს სუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მომწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის ეს ჯილდოები შედეგების შეფასების სანდო სტანდარტია.