სოზარ სუბარი ჭიათურაში მოსწავლეებს შეხვდა

სოზარ სუბარი ჭიათურაში მოსწავლეებს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი „ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოს“ წევრებს შეხვდა.

საკრებულო  დამამთავრებელი კლასების 50-მდე მოსწავლეს და მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს აერთიანებს.  შეხვედრის დასაწყისში მოზარდებმა მინისტრს  მათ მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ   პრეზენტაცია წარუდგინეს.

ჭიათურელი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა აქციებში,                           როგორებიცაა - ქალაქის დასუფთავება, მოხუცთა თავშესაფრის დახმარება და მრავალი სხვა. ახალგაზრდები ღონისძიებებს მართავენ ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად. ეს არის ერთადერთი სკოლა ჭიათურის რაიონში, სადაც დანერგილია ინკლუზიური სწავლების მეთოდები.  

მოსწავლეთა საკრებულოს წევრების თქმით, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ჭიათურის საკრებულოსთან, ისე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ახალგაზრდებს სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მოსწავლეებთან შეხვედრისას სოზარ სუბარმა ჯანდაცვისა და განათლების წარმატებულ რეფორმებზეც ისაუბრა. 

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაზე. სოზარ სუბარის თქმით, თავდაპირველად, აღნიშნული პროგრამა მისი სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს პენიტენციარულ სისტემაში დაინერგა.

სოზარ სუბარმა სკოლის მოსწავლეებს პროფესიული განათლების რეფორმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

მოზარდები მინისტრის ბიოგრაფიითაც დაინტერესდნენ, თუ რა გზა განვლო სოზარ სუბარმა სკოლის მერხიდან მინისტრობამდე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სოზარ სუბარმა მოსწავლეებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა.