რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ საკუთარ ქსელში მედიკამენტებზე ფასების კლება დაადასტურა და ამის მიზეზად ლარის კურსის დასტაბილურება დაასახელა. ფანასკერტელის ინდექსის მონაცემებითაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ფასების კლების ტენდენცია აღინიშნება.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი მაკალათია გვესაუბრა იმ ფაქტორებზე, რასაც შესაძლოა, მედიკამენტებზე ფასების კლება გამოეწვია:
როდესაც ფარმაცევტულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯია“ გამოჩნდა, თქვენ თქვით, რომ კონკურენციის ზრდა მედიკამენტებზე ფასების დაწევას გამოიწვევდა. ცოტა ხნის წინ რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ დაადასტურა საკუთარ ქსელში ფასების კლება და ეს ლარის კურსის გამყარებას დაუკავშირა. როგორ ფიქრობთ, უფრო მეტად რომელმა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი?
მედიკამენტებზე ფასების დაწევის მიზეზად ორივე ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ რომელმა ფაქტორმა უფრო მთავარი როლი ითამაშა, ამის თქმა ძნელია. ბაზარზე ერთი ახალი კომპანია შემოვიდა. გასაგებია, რომ ის კონკურენციას უწევს სხვა მოთამაშეებს. ცხადია, თუ ის იქნება თავისუფალი, მისი გამოჩენა ნამდვილად დაწევდა ფასებს. ერთი მხრივ, შესაძლებელია, რომ მისმა შემოსვლამ აიძულა სხვა მოთამაშეები, ფასები დაეწიათ, მაგრამ როგორც ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ასევე, ვერ იმოქმედებს ერთი ახალი კომპანიის შემოსვლა მთლიანი ბაზრის კონიუნქტურაზე. თუ ეს კომპანია დარჩება ბაზარზე სხვა მოთამაშეებთან თავისუფალი კონკურენციის პირობებში,დაბალი ფასები შენარჩუნდება.
ფანასკერტელის ინდექსის მიხედვით ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასების კლება შეინიშნება. ეს პერიოდი დროში ემთხვევა ჩვენი ბაზრის მიმართ „ჰუმანითი ჯორჯიას“ ინტერესის გამოხატვას და შემდეგ უკვე შემოსვლას.
რადგან ახალი კომპანია სერიოზული კონკურენტია, ფარმაცევტულ კომპანიებს, შესაძლოა, თადარიგი დაეჭირათ, თუმცა ეს მაინც ვერ გამოიწვევდა ასეთ ტემპში ფასების კლებას. ამ პროცესს უკვე მიეხმარა დოლარის კურსის ცვლილება. შესაბამისად, უკვე სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ დაბალ ფასად შემოიტანონ პრეპარატები და ამით ახსნან კიდეც თავისი საქციელი. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, რომელმა მოვლენამ უფრო იქონია გავლენა ფასების ცვლილებაზე.თავისთავად, ორივე იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თავიანთი შესაძლებლობებით მაქსიმალურად მოქმედებს ფასების კლებაზე. ახლა უკვე უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერიოდზე. ამ ეტაპზე, ვნახეთ, რომ ორი ფაქტორი გამოიკვეთა. გრძელვადიან პერსპექტივაში,ლარის კურსის დასტაბილურებასთან ერთად, თუ მედიკამენტებზე ფასებმა კვლავ დაიკლო, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებდა ფასების არსებით ცვლილებას. თუ იგივე ფასები შენარჩუნდა და ახალი კომპანიის მიერ შემოტანილ ფასებს გაუტოლდა, ვიტყვით, რომ განმსაზღვრელი კონკურენციის პირობებია და სწორედ ახალი მოთამაშე კარნახობს ბაზარს ფასებს. ასე რომ, რაც მეტი ასეთი კომპანია შემოვა, მით უკეთესი.