ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ბაღდათში მე-16 სალოტბარო სკოლას ხსნის

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ბაღდათში მე-16 სალოტბარო სკოლას ხსნის

ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრი სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესს განაგრძობს. 29 მარტს, 15:00 საათზე, ბაღდათის ახალგაზრდული ცენტრის შენობის სააქტო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნება და ფუნქციონირებას დაიწყებს რიგით მე-16 სალოტბარო სკოლა.

ღონისძიებას დაეწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელები და საპატიო სტუმრები,  იმერეთის მხარის გუბერნატორი, მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურულ დაწესებულებათა წარმომადგენლები, იმერეთის მხარის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი და ეპარქიის სხვა წარმომადგენლები.

ცერემონიალის დასასრულს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც განაპირობებს სალოტბარო სკოლის ეფექტურ ფუნქციონირებას  ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

„ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს ახალგაზრდა თაობაში და რევაზ ლაღიძის, ჯანსუღ კახიძის და ვალერიან ქაშაკაშვილის მშობლიური კუთხე თავის სათქმელს იტყვის ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში,“ - აღნიშნავს ბაღდათის სალტბარო სკოლის ხელმძღვანელი კახა ღონღაძე.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის  ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 15 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს კი მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. კერძოდ,  სკოლების გახსნა ბაღდათის გარდა, უკვე დაგეგმილია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის,  ონისა და  ცაგერის რაიონებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.