„საქართველოვ, შენ სადა გყავს, შვილი დასაკარგავი?“
ამ ტკივილით სავსე კითხვას, ალბათ, ჯერ კიდევ იმ დროინდელ კითხვას, როდესაც ქართველი ტყვეებით სავსე იყო სტამბოლის, ქაიროს და დამასკოს ტყვეთა ბაზრები, წელს ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა საქართველოს ვარდოვანმა ხელისუფლებამ. ე.წ. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სახელით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა არა სიტყვით, არამედ თავიანთი გადაწყვეტილებებით, ბრძანებებით და ქმედებებით ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს:
- ყველგან!
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომპანიამ წელს მომხიბვლელი ლოზუნგი აირჩია – „ავსახავთ რეალობას!“ იმის სანახავად, როგორია მათემატიკოს ზურაბ ხარატიშვილის მიერ დანახული რეალობა, მოდით კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ის უნამუსო ტყუილი, რასაც მათემატიკოსის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება თურმე „რეალობად (ა)სახავს“:
ცესკო-მ საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც “ინტერპრესნიუსს”ცესკო-დან აცნობეს, საზღვარგარეთ
აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 42 613-ს შეადგენს.
მათ შორის 1 409 ამომრჩეველმა 10 სექტემბრის ჩათვლით საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა.
აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოებში დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ.
დამატებითი საარჩევნო უბნები შეიქმნა – №43 საარჩევნო უბანი – ესპანეთის სამეფო, ქ. ბარსელონა; №44 საარჩევნო უბანი – კანადა, ქ. ოტავა; №45 საარჩევნო უბანი – ირლანდია, ქ. დუბლინი; №48 საარჩევნო უბანი – უნგრეთი, ქ. ბუდაპეშტი; №49 საარჩევნო უბანი – პორტუგალიის რესპუბლიკა, ქ. ლისაბონი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ცესკო-ს დადგენილებით, საზღვარგარეთ 42 საარჩევნო უბანი შეიქმნა.
42,613?!
თურმე საქართველოს საზღვარგარეთ 42,613 აქტიური უფლების მქონე ამომრჩეველი ჰყოლია!
და თურმე 10 სექტემბრისთვის მხოლოდ 1409 ადამიანს გაუვლია რეგისტრაცია 10 სექტემბრისთვის, არჩევნებამდე 21 დღით ადრე… 1409 კაცი ჩემს ბავშვობაში ალბათ ჩემს სოფელში ცხოვრობდა… არაა თერნალი დიდი სოფელი…
მინდა შეგახსენოთ, რომ იმავე ცესკოს და მის დანამატად ქცეულ კაციტაძის „ასდუკ“-ის მონაცემებით, თურმე თავად საქართველოში 3,621,000 ამომრჩეველია, რაც თუ საქართველოში მცხოვრებთა სავარაუდო რაოდენობას შევადარებთ (საქართველოს სტატისტიკის ცენტრალური სააგენტოს მონაცემებით – 4,469,000), გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობის 81% – აქტიური ამომრჩეველია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია! თუმცა ქვეყანაში, სადაც ზოგიერთ სოფელსა და რაიონში უფრო მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, ვიდრე იქ სინამდვილეში ადამიანი ცხოვრობს, ყველაფერი მოსულა!
მაგრამ თუ საზღვარგარეთ დავბრუნდებით, და ვიკითხავთ, რამდენი ქართველი არის წასული ემიგრაციაში, აღმოჩნდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს არც იცის და არც აინტერესებს. ხელისუფლების წევრები ლაპარაკობენ, რომ შეიძლება ეს იყოს 300 ათასიდან 500 ათასამდე კაცი… მაგრამ უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციები ასახელებენ სრულიად განსხვავებულ და გაცილებით მაღალ ციფრებს – მაგალითად ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებით, როგორიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობა 1990 წლიდან მუდმივად იზრდება (მცირედი გამონაკლისი იყო 2005-2006 წლები, როცა ხალხის გადინება შემცირდა), და თუ 2005 წელს ქართველ ემიგრანტთა ოდენობა, სავარაუდოდ, 1,025,000 იყო (აქედან 634,000 – რუსეთში!), რაც ქვეყნის მაშინდელი მოსახლეობის 22%-ს შეადგენდა, დღეს იმავე ორგანიზაციების მონაცემებით სავარაუდო ციფრი უკვე 1,1-1,2 მილიონია, რაც ქვეყნის მოსახლეობის 25,1%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ლიდერთა შორისაა – მე-20 ადგილს იკავებს და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მას მხოლოდ სომხეთი უსწრებს (28,2%).
http://siteresources.worldbank.org/INTPROSPECTS/Resources/334934-1199807908806/Top10.pdf
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ დროს, როცა საქართველოს ხელისუფლება ვალების დაგროვებით და გიგანტომანიური და ფუქსავატური პროექტებში ასეულ მილიონი დოლარის ხარჯვით არის გატაცებული (საიდანაც მერე უდიდესი ნაწილი მათ საკუთარ ჯიბეებში ხვდება) და როცა საქართველოს საგარეო ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 4 მილიარდ დოლარს, ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ს გადააჭარბა, სწორედ ქართველი ემიგრანტები არიან ის ძალა, რომელთა მეოხებით ქვეყნის ეკონომიკა ოდნავ მაინც სულს ითქვამს. ყოფილი პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის აღიარებით, ამ უარყოფითი სავაჭრო სალდოს დაფარვა 25%-ით მაინც სწორედ საზღვარგარეთ წასული საქართველოს მოქალაქეების მიერ საკუთარი ნათესავებისათვის გადმორიცხული წლიურად მილიარდზე მეტი დოლარით ხდება! საქართველოში დარჩენილი ოჯახების ლამის მეხუთედს არაოფიციალური სტატისტიკით, სწორედ უცხოეთში მყოფი ნათესავები არჩენენ. და სწორედ ამ ხალხს, რომელთა უმეტეს ნაწილს არა ძალიან ფუფუნებაში მცხოვრები ლეგალური ემიგრანტები, არამედ გაჭირვებული ქალები, უცხოეთში მომვლელებად გადახვეწილი არალეგალური მიგრანტები წარმოადგენენ, სხვათა შვილებს და დედებს რომ უვლიან და საკუთარი შვილების ნატვრაში ამოსდით სული, სწორედ ამ სამშობლოზე და ახლობლებზე მზრუნავ ადამიანებს საქართველოს კრიმინალური და კორუმპირებული რეჟიმი აუწერელი ცინიზმით უარს ეუბნება მათი უპირველესი მოქალაქეობრივი უფლების ასრულებაზე!..
თუ დავუშვებთ, რომ საზღვარგარეთ, სულ ცოტა 1,1 მილიონი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, ხოლო ცესკო-მ მხოლოდ 42,163 ამომრჩეველი დააფიქსირა, გამოდის, რომ ქვეყანა, რომლის შიდა მოსახლეობის 81%-ია აქტიური ამომრჩეველი, ქვეყნიდან გასულ ემიგრანტთა მხოლოდ 0.04%-ს აძლევს საარჩევნო უფლებას!!
81% და 0.04%!
როგორ მოახერხეს ეს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა?
ჯერ ერთი, ვაშაძის უწყებამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით 2003 წელს შევარდნაძის დროს გაუქმებული მოთხოვნა ამომრჩეველთა წინასწარი საკონსულო რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ ისევ ძალაში შევიდა. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ 2003 წელს ამ ბარიერის გაუქმების ინიციატორი სწორედ ოპოზიციური ძალები და მათ შორის – მიხეილ სააკაშვილი იყო! მაგრამ მაშინ შევარდნაძის საწინააღმდეგოდ დარაზმული საზოგადოებაც და ემიგრაციაც სააკაშვილის მხარდამჭერი იყო, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძველი შეზღუდვა აღადგინა, თან რეგისტრაციის გასავლელად ძალიან მცირე დრო მისცა მოქალაქეებს, და თან სპეციალურად შეეცადა, რომ უცხოეთში მაცხოვრებელთა ფართო ფენებს ეს ინფორმაცია არც გაეგოთ.
მაგრამ გაცილებით უარესი და დრაკონული იყო ვაშაძის შემდეგი ნაბიჯი – მან თავისი ბრძანებით მოსთხოვა საზღვარგარეთ მაცხოვრებელ მიგრანტებს, რომ საკონსულო რეგისტრაციისათვის მათ უნდა წარმოედგინათ უცხოეთში ჩაწერის დამადასტურებელი დოკუმენტი (საბჭოთა კავშირში და რუსეთში აღზრდილი და „გამოწრთობილი“ გრიგოლ ვაშაძე იმდენად დილეტანტი აღოჩნდა, რომ არც კი იცოდა, რომ ჩაწერის ინსტიტუტი დასავლეთის უმრავლეს ქვეყნებში არც არსებობს, მერე ეს შეიცვალა ფრაზით – „საცხოვრებელი ადგილიდან წარმოდგენილი დოკუმენტი“). თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ იგივე მსოფლიო ბანკის და გაეროს მონაცემებით ქართველ ემიგრანტთა დაახლოებით 75% არალეგალურად ცხოვრობს, მათთვის ასეთი დოკუმენტის მოთხოვნის აუცილებლობა მათი დეპორტაციის საფრთხეს უკავშირდება!
ამით ვაშაძემ და სააკაშვილმა ცინიკურად უთხრეს ქართველ ემიგრანტებს:
- სჯობს სახლებში დაეტიოთ და არ მოხვიდეთ არჩევნებზე, თორემ ხომ იცით, რეადმისიაზე ხელი გვაქვს უკვე მოწერილი და დაემშვიდობებით თქვენს სამუშაოს, უცხოეთში სიმწრით მოწყობილ თქვენს ბუდეს და იმის მაგიერ, რომ თქვენ ახლობლებს უგზავნოთ ყოველთვიურად საქართველოში ფული და ისინი გადაარჩინოთ, საქართველოში დეპორტირებულებს, თქვენც მათსავით უმუშევრად ყოფნა და თავის გადარჩენაზე ფიქრი მოგიწევთო!
ეს არის ღია, დაუფარავი, ცინიკურ-გესლიანი სახელმწიფო ტერორი საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის თანამედროვე „ჯოღორიები“ ახორციელებენ!
დაბოლოს, როცა ემიგრანტთა აქტიურმა საპროტესტო მოძრაობამ, რომელიც მთელ ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას მოედო, მიხეილ სააკაშვილს, ვაშაძეს და ხარატიშვილს აფიქრებინათ, რომ ესეც არ იყო საკმარისი, არჩევნები ორშაბათ დღეს სწორედ იმიტომ დანიშნეს, რომ მათ მიერვე შეთხზული სიყალბე, რომ თურმე საზღვარგარეთ 50,000 ზე ნაკლები ქართველი ამომრჩეველი ცხოვრობს – გაამართლონ!
1 ოქტომბერს, ორშაბათ დღეს, მაშინ როცა სულ რაღაც 42 ქალაქშია გახსნილი საარჩევნო უბანი და ქართველ ემიგრანტთა დიდი კონცენტრაციის მქონე ისეთი ცენტრებიც კი, როგორიცაა მიუნხენი, ფრანკფურტი, ატლანტა, სალონიკი, მილანი, და მრავალი სხვა, სადაც რამდენიმე ათასობით და ათეულათასობით ქართველი ცხოვრობს, საარჩევნო უბნის გარეშე დარჩნენ, ძალიან ართულებს იმ ამოცანას, რომ ადამიანმა, მით უფრო, რომელიც მუშაობს და სამუშაოს ვერ გააცდენს, რამდენიმე ასეული კილომეტრი უნდა გაიაროს და ხმა მისცეს მხოლოდ დედაქალაქში.
ყველაფერი კი „დააგვირგვინა“ რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამორიცხვამ “ტექნიკური მიზეზების” გამო, რამაც დაახლოებით 600 ათასიდან - 800 ათასამდე საქართველოს მოქალაქე საერთოდ საარჩევნო უფლების გარეშე დატოვა! საინტერესოა, რა „ტექნიკური მიზეზებია“ ასეთი? ხომ არსებობს რუსეთში შვეიცარიის საელჩო, რომელიც საქართველოს წარმომადგენლობის უფლებებს ითავსებს? ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ შვეიცარიის საელჩოსა და საკონსულოებში არჩევნები 2-3 ქალაქში მაინც დანიშნულიყო? მხოლოდ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში დაახლოებით 300 ათასიდან ნახევარ მილიონამდე საქართველოს მოქალაქეა, რომელთა ხმები უნდა დაიკარგოს!
თუმცა ნაციონალურ მოძრაობა ხომ სწორედ ამ ხმების გაყალბების იმედზეა!
სწორედ ამ წინასწარ სიიდან ამორიცხული ადამიანების ხარჯზე მოახდინა კაციტაძის სამარცხვინო ასდუკ-მა ისედაც გაბერილი საარჩევნო სიის კიდევ უფრო გაბერვა მკვდარი სულებით! სწორედ ეს იყო ამ კომისიის ამოცანა – რეალური ამომრჩევლებისთვის ხმის უფლების წართმევა და მკვდარი სულების ხმების „გაპრავება“!
მე მინდა მოგმართოთ უცხოეთში მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა შორის ათეულობით ჩემი ნათესავი, მეგობარი და ახლო ნაცნობია:
ძვირფასო ადამიანებო! საქართველოს შვილებო! საქართველოს მოქალაქეებო, რომელთაც გართმევენ მოქალაქეობის დამადასტურებელ უპირველეს უფლებას – არჩევნებში მონაწილეობის უფლებას!
ეს ხელისუფლება (ისევე როგორც წინა ხელისუფლება) არის თქვენი უმუშევრად დატოვების, ქვეყნიდან გადახვეწის და უკან ვერდაბრუნების ხშირად უმთავრესი მიზეზი! უკვე 9 წელია, ეს ხელისუფლება ქვეყანაში ნერგავს საყოველთაო ტერორს, უსამართლობას და ძალადობას! სწორედ მათ მიერ ბიზნესის დატერორების და ჩვეულებრივი ადამიანებისათვის და პატიოსანი ბიზნესმენებისათვის მათი კანონიერი საკუთრების ჩამორთმევის და აწყობილი წარმოებისა თუ მეურნეობის დანგრევის შედეგია ის, რომ თქვენ ვერ მონახეთ სამუშაო და სარჩო-საბადებელი საკუთარ სამშობლოში, ჩავარდით კაბალურ ვალებში და იძულებული გახდით, სხვაგან გადახვეწილიყავით! ან, თუ უკვე იყავით წასული საზღვარგარეთ, არაფრის დიდებით არ მოგეცათ შანსი, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყავით, სადაც თქვენი ნათესავები უმუშევრად და ულუკმაპუროდ დარჩენილები გეხვეწებიან, რომ ისევ მანდ დარჩეთ და საკუთარი თავიც უმუშევრებად და უსასოოდ დარჩენილად არ აქციოთ.
სწორედ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიზეზით ხდება ის, რომ საქართველოს სახელმწიფო სულ უფრო მეტ უცხოურ ვალს აგროვებს, რომლის მოცულობა ბოლო 9 წლის განმავლობაში 3-ჯერ გაიზარდა და 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა! ხოლო ამ დროს თქვენ უცხო ქვეყნების ეკონომიკას ემსახურებით, იმის ნაცვლად, რომ სამშობლოში გეცხოვრათ და აქ გქონოდათ დასაქმების უფლება!
სანამ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იქნება, თქვენ საქართველოში ღირსეულად დაბრუნების შანსი აღარ გექნებათ!
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ოცნებაა საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მისი მონა და ხელისმკოცნელი არაა, აიძულოს, გადაიხვეწონ სამშობლოდან და მათ ნაცვლად აქ დაასახლოს ნებისმიერი უცხოელი, რომელიც გარანტირებულად სწორედ მათ დაუჭერს მხარს არჩევნებზე. სწორედ ამას ემსახურება მასწავლებლებად ინგლისურენოვანი უმუშევრების, ხოლო მუშებად და მშენებლებად – ჩინელი და თურქი არაკვალიფიციური მუშების მასობრივი ჩამოყვანა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან. სწორედ ამას ემსახურება ბურებისათვის, ინდოელებისა და ირანელებისათვის მიწების ჩალის ფასად მიყიდვა, იმ მიწების, ტყეებისა, სახნავ-სათესებისა და საძოვრებისა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას წაართვეს და გაუყიდეს!
სულ უფრო მეტად აკონტროლებს რა საბანკო გადარიცხვებს, საქართველოს კრიმინალურმა ხელისუფლებამ უკვე შეიმუშავა გეგმა, როგორ მოახდინოს თქვენს მიერ ნათესავებისათვის გადმორიცხული თანხების დაყადაღება და ექსპროპრიაცია! ამ გზით ისინი მალე გაიძულებენ თქვენც, რომ მეტი ხარკი უხადოთ დამნაშავე რეჟიმს და ქვეყანაში დარჩენილ თქვენს ნათესავებს, და რომ საბოლოო ჯამში ისინიც ემიგრანტებად იქცნენ! თუ სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩა, ისინი მასიურად დაიწყებენ თბილისსა და სხვა ქალაქების ცენტრალურ უბნებში კერძო საკუთრების ჩამორთმევას, სახლების დანგრევას და მოსახლეობის გასახლებას ქალაქების გარეუბნებში და ფოცხოეწერის მსგავს, საცხოვრებლად აუტანელ რეზერვაციებში!
თქვენთვის აქტიური საარჩევნო უფლების წართმევის პარალელურად სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლებამ მიიღო მსოფლიოში უპრეცედენტო კანონი, რომლითაც უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც იმავდროულად არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მიენიჭათ ის უფლებაც, რომ აირჩიონ საქართველოს ხელისუფლება და ის უფლებაც, რომ თავად იქნან არჩეულნი საქართველო ხელისუფლების ნებისმიერ უმაღლეს პოსტზე. საინტერესო ისაა, რომ ისინი ამ უფლებას კარგავენ, თუ ერთდროულად საქართველოს მოქალაქეობაც ექნებათ. მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყველაზე დიდი ქველმოქმედი და მოამაგე ბოლო 15 წლის განმავლობაში, ამ ხელისუფლებამ მოქალაქეობის გარეშე დატოვა და შესთავაზა, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს ისე ეყარა კენჭი არჩევნებში. მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა მიეღო არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქის სტატუსის გარეშე – სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ მოგონილი უსამართლო და გაუგონარი „კანონის“ საფუძველზე.
ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიცია „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომლის გამარჯვების პირობებში თქვენი დანაშაულებრივად შელახული კანონიერი უფლებები სრულად აღდგება და თქვენ გექნებათ საქართველოში დაბრუნების და დასაქმების უფლებაც და რეალური შესაძლებლობაც.
ძვირფასო თანამოქალაქეებო!
თუ თქვენ არ მოგცეს უფლება, 1 ოქტომბერს მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე, გამოდით, მიდით საქართველოს საკონსულოებთან და საელჩოებთან და ერთად გააპროტესტეთ ეს სახელმწიფო ტერორი!
დაანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ უცხოეთში არა 42,613 ქართველია, არამედ ამაზე ათჯერ და ოცჯერ მეტი ადამიანი, რომელსაც საქართველოში მოპარპაშე კრიმინალური რეჟიმი უმოწყალოდ ჩაგრავს და არჩევნებში მონაწილეობის ელემენტარულ უფლებას ართმევს!
მხოლოდ ამ გზით შევძლებთ დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ ვარდისფერი „სამოთხე“, რომელსაც სააკაშვილი ქართველი ხალხის გატყავების და დამცირების, ვალებში ჩაძირვის და ლტოლვილად ქცევის ხარჯზე აშენებს, სინამდვილეში ჩვეულებრივი მარაზმია, ნეობოლშევიკი კრიმინალების კორუმპირებული ელიტის მიერ ვარდისფრად გაფერადებული პლასტმასის სიცრუე…
1 ოქტომბერს - ერთად დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო!
ერთად გავანთავისუფლოთ მედროვე ავაზაკების უკანონო პარპაშისაგან საქართველო, რომელიც თითოეულ თქვენგანსაც და თქვენს შვილებსაც ეკუთვნის!
http://www.youtube.com/watch?v=25R6Yz0fgOY