5-ის მესამე ნიშანი: დევნა
ავაზაკთა „ნულოვანი ტოლერანტობა“ არა კრიმინალისადმი შეუწყნარებლობას, არამედ, სინამდვილეში, ტოტალურ და დაუნდობელ დევნას ნიშნავს.
გაბატონებულ საზოგადოებრივ მდგომარეობას ავაზაკნი კონკურენტების გადმობირებით ან მოსპობით აღწევენ. როცა ძალაუფლება სრულად გიპყრია, არ გაკისრია ვალდებულება ამ ძალაუფლების ვინმესათვის გაყოფისა და არც მისი კანონის ფარგლებში მოქცევისა, კონკურენტების მასობრივი დათრგუნვა მათ სათითაოდ მოსყიდვასა თუ გადმობირებაზე უფრო ეფექტურია და უფრო იაფიც ჯდება.
მათი პირველი გაბედული და ენერგიული ნაბიჯები ძალის მონოპოლიზებისაკენ იყო მიმართული. თავიდან ეს მართლაც ტოვებდა სახელმწიფო ძალაუფლების განმტკიცების შთაბეჭდილებასა და მხარდაჭერილიც იყო საზოგადოების მხრიდან. მართლაც, განა სახელმწიფო სხვა რა არის, თუ არა მონოპოლიზებული ძალა? მხოლოდ სახელმწიფოსა აქვს უფლება კანონის აღსასრულებლად ლეგიტიმურ ძალადობასაც მიმართოს. ძალის გამოყენება სახელმწიფოს შეუვალი მონოპოლიაა, მაგრამ სახელმწიფო, ამათგან განსხვავებით, ძალას მხოლოდ კანონიერი მიზნების მისაღწევად და კანონის ფარგლებში იყენებს.
მალე გაირკვა, რომ ძალის მონოპოლიზება მათ მართლაც შეძლეს, მაგრამ ამ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობა, კანონიერება სულაც არ ადარდებდათ. თავიდან უკანონობაზეც თვალს ხუჭავდა და ამართლებდა კიდეც საზოგადოება, რადგან დასუსტებულ სახელმწიფოსა და სამართლიანობის აღდგენას ენერგიული და გადამჭრელი მოქმედება სჭირდებოდა, ხოლო როცა გავაცნობიერეთ, რომ მიზანი არ ამართლებს საშუალებას და უარესიც - უკანონობა არა მხოლოდ საშუალება, არამედ მათი მოქმედების უცვლელი წესი და მიზანიც კი გახდა, უკვე გვიან იყო.
გასაკვირი არ არის, რომ მათ თავიდან უშუალო კონკურენტებს – კანონიერ ქურდებს შეუტიეს. ისინი არავისთან და, მით უმეტეს, არც კანონიერ ქურდებთან არ აპირებდნენ ძალაუფლების გაყოფას. სწრაფი, დაუნდობელი და გადამწყვეტი ზომები მიიღეს კრიმინალური ავტორიტეტის ძირფესვიანად მოსასპობად.
კრიმინალური, „შავი“ სამყარო უნდა დაინგრეს, მისი მართვა და ქურდების ინსტიტუტი მათთვის საჭირო აღარ არის – მიიჩნევენ, რომ მათი ბატონობა აბსოლუტური და ყოვლისმომცველია; არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი ურთიერთობების ლეგალური თუ არალეგალური სფერო, სადაც ისინი არ პარპაშებენ; ამიტომ, თვითონვე არიან ქურდებიცა და პროკურორებიც.
მთავარი დარტყმა ქურდების „ლეგიტიმურობას“ მიაყენეს – ნათლად დაანახეს საზოგადოებას, რომ ქურდული „კანონი“ გაკოტრებულია, ხოლო „ქურდების“ უკან არავითარი რეალური ძალა არ არის, რომ იოლად შეუძლიათ ამ საცოდავი ქურდების „გაფარჩაკება“ და „მიჩმორება;“ ამით საზოგადოებისათვისაც უდავოდ კარგი საქმე გააკეთეს და თავიდან ნდობაც მოიპოვეს; მაგრამ ძალიან მალე გამოჩნდა, რომ ქურდების სახით ისინი კრიმინალს კი არ ებრძვიან, არამედ მხოლოდ შესაძლო კონკურენტებს იცილებენ თავიდან; საქმის გარჩევა, წილში ჩაჯდომა, რეკეტი და ფულის, ან ქონების „ახევა“ მათი ექსკლუზიური უფლებაა, რომელსაც არავის დაუთმობენ და ამ საქმეში მოზიარეები არ სჭირდებათ.
არც ის არის გასაკვირი, რომ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს სამოხელეო კორუფციას. ამით ორი კურდღელი დაიჭირეს: საზოგადოებას აჩვენეს, რომ ვითომ კანონს აღასრულებენ და პატიოსნებაზე დაფუძნებულ საჯარო სამსახურსა ქმნიან; მთავარი კი მაინც ის იყო, რომ თითოეულ მოხელემდე დაიყვანეს, კარგად გააგებინეს – ვისაც ემსახურებიან და ისიც, რომ არავის არაფერს მოაპარინებენ, არავის არაფერს შეარჩენენ. სწორედ აქ არის ძაღლის თავიც დამარხული: სავალალოა, რომ მათ მთლიანად ჩაიგდეს ხელში საჯარო სამსახური, პრაქტიკულად მისი პრივატიზება მოახდინეს; მოხელე არა სახელმწიფოსა და კანონს, არამედ ამ ავაზაკთა ხროვას ემსახურება; ის ვეღარ იპარავს, რადგან დაშინებულია, იცის, რომ სასტიკად დასჯის პატრონი და არა კანონი: ვეღარ იპარავს, რადგან მისი პატრონი თავად ყაჩაღია და სწორედ მისი მეშვეობით ძარცვავს ყველას; ვეღარ იპარავს, რადგან პატრონის მონაა, თვითონაც დაზაფრულია და სხვაც უნდა დააშინოს – სწორედ ამაში უხდიან ხელფასს;
თუ მოხელეს ხელი მაინც წასცდება, ამათ ნაყაჩაღარში ხელს გაისვრის და საკუთრივ რამეს მიითვისებს, უფრო ერთგული მსახური იმწამს „ჩაუშვებს“ და მწარე სინანული გვიანღა იქნება; მათ ისიც შეძლეს, რომ ძაღლური სამსახური და ყეფა – პატრონთან „ჩაშვება“ კარგად ფასდება; არა მარტო დასჯის შიში, არამედ პატრონისაგან ჯილდოს მიღებაც „ჩამშვებ“ მოხელეს მოტივაციას უჩენს, რომ პატრონს ერთგულად, ძაღლივით ემსახუროს.
საბოლოო ჯამში ავაზაკური წესრიგის დამყარება და შენარჩუნება ჩოყლაყის სამსახურში არა ღირსებას, არამედ მოხელეთა დათრგუნვას, არა კანონისა და სამართლიანობის მსახურებას, არამედ „ჩამშვები“ სულის აღზევებას ემყარება.
სამოხელეო კორუფცია ნამდვილად აღმოფხვრეს, მაგრამ მთელი სამოხელეო კორპუსი ავაზაკებს აქვთ ხელში ჩაგდებული და კარგადაც იყენებენ ყველა თავიანთ ავკაცობაში. საცოდავი „გაიშნიკის“ უბადრუკი, ორ ლარიანი ქრთამის აღკვეთა რა მოსატანია, როცა მილიონებსა და მილიარდებს შოულობენ ე.წ. საჯარო, ხოლო სინამდვილეში, მტაცებელი კორპორაციის, ჩოყლაყის სამსახურის ავაზაკი პატრონნი?
ცოტა ხანში ისიც ნათელი გახდა, რომ დევნა–შევიწროვება არა მარტო კრიმინალებს და კორუფციონერებს, არამედ ნებისმიერ კონკურენტულ სოციალურ ჯგუფს შეეხებოდა. ამისათვის მათ უნდა ეჩვენებინათ, რომ უკან არაფერზე დაიხევდნენ და ყველას, ვინც წინააღმდეგობას გასწევდა, სამაგალითოდ გაუსწორდებოდნენ. საჭირო იყო საკუთარი ძლევამოსილების ეფექტურად დემონსტრირება, რაც მათ თავიანთი საპროპაგანდო მანქანით ჩინებულად მოახერხეს.
ძლევამოსილების დემონსტრირება „სატელევიზიო დაჭერებით“ და განსაკუთრებულად დაუნდობელი, სისხლიანი ოპერაციების „გაპიარებით“ ხორციელდებოდა. ასეთი სადამსჯელო ოპერაციები საზოგადოებისათვის პირდაპირ ეთერში იდგმებოდა. მათი მიზანი არა სამართლის, არამედ ძალის კულტის და მათი ძალმოსილების პროპაგანდა იყო: ყველას უნდა სცოდნოდა, ვის ხელშია ნამდვილი ძალა. ამ ძალის და მისი უყოყმანოდ გამოყენების, გადამწყვეტი და დაუნდობელი, სასტიკი მოქმედების უნარის დემონსტრირებას შიში უნდა დაეთესა; მაყურებელი საზოგადოებისათვის აღარ უნდა დაეტოვებინა სურვილიც კი კითხვისათვის: „კი მაგრამ, ჰქონდათ კი უფლება ძალის გამოყენებისა?“
ძალის გამოყენების კანონიერებაზე საზოგადოება სერიოზულად მხოლოდ მაშინ დაფიქრდა, როცა „იმედის“ ეთერით იხილა გირგვლიანის მკვლელობის ბინძური და ამაზრზენი საქმე. საზოგადოება დაფიქრდა, მაგრამ უკვე გვიან იყო: მთელი სამართალდამცავი სისტემა უკვე დაცლილი იყო სამართლისაგან; აღმოჩნდა, რომ სამართალი ავაზაკებმა საერთოდ განდევნეს; სამაგიეროდ ძალიან მოკლე დროში შექმნეს ეფექტურად მომუშავე, კარგად აღჭურვილი და იერარქიულად მკაცრად მოწესრიგებული, შიშსა და „ჩამშვებთა“ წახალისებაზე დაფუძნებული, თავადაც შიშისა და „ჩაშვების“ მთესველი რეპრესიული მანქანა: პოლიცია და უშიშროების სამსახური გააერთიანეს; პატრულის უცოდველი ღიმილით შენიღბეს სადამსჯელო სოდ–ის, კუდ–ის, ზონდერ–ბრიგადების სისხლიანი ეშვები; პროკურატურა აქციეს ტოტალური დევნის პოლიტიკის ცენტრალურ ორგანოდ: სასამართლოს კი პროკურატურის მონობის მძიმე უღელი დაადგეს;
შექმნეს და „წარმატებით“ ახორციელებენ სისხლის სამართლის პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია არა დანაშაულთან ბრძოლა, არამედ მოქალაქეთა დათრგუნვა და მათი ტოტალური დევნა: ნებისმიერი პირი, რომელიც დამოუკიდებელია, რეჟიმთან არ თანამშრომლობს, რეჟიმისათვის სასარგებლო არ არის და, ღმერთმა ნუ ქნას, წინააღმდეგობას სწევს, იმთავითვე ბოროტმოქმედია და უმოწყალოდ იდევნება;
არც ლოიალობა და რეჟიმთან თანამშრომლობა წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტიას – დაჭერის საფრთხე საყოველთაოა და ყველას ემუქრება. უდანაშაულობის პრეზუმფციის საპირისპიროდ მათ „დამნაშავეობის პრეზუმფცია“ დანერგეს: ყველა დამნაშავეა, ყველა დასაჭერია, რადგან გაბედა და ქვეყნიერებას მოევლინა; გაბედა და რაიმე უფლებას ითხოვს; გაბედა და თავის სარჩენად ხელი გამოიღო; ისიც კი დამნაშავეა, ვინც გაბედა და მათ მოწყალების გაღებას ეხვეწება.
რეპრესიული მანქანის წინაშე სრულ კაპიტულაციას ისინი ე.წ. „საპროცესო გარიგებების“ მასობრივად შემოღებით აღწევენ. საქმე მხოლოდ ფორმალურად, დასადასტურებლად მიდის სასამართლოში და დაჭერილს სხვა გზა არა აქვს, ბოროტებასთან უნდა გარიგდეს, თორემ განადგურდება. უნდა აღიაროს არჩადენილი დანაშაული ავაზაკთა წინაშე და თუ რამე აბადია, მათ უნდა გადაუხადოს, რათა თავი იხსნას, როგორმე თავი დააღწიოს ამათ ე.წ. პენიტენციალურ სისტემას, სინამდვილეში კი – ნამდვილ ჯოჯოხეთს.
„დამნაშავეობის პრეზუმპციით“, „საპროცსო გარიგებით“ და სამართლისაგან დაცლილი „სამართალდამცავი სისტემით“, – ეფექტური რეპრესიული მანქანით აღჭურვილი ავაზაკნი მართალთ უმოწყალოდ დევნიან. ავაზაკთა მსახვრალი ხელი ყველას სწვდება: ძნელად მოიძებნება საქართველოში ოჯახი, რომელსაც პატიმარი ან პრობაციონერი არა ჰყავს: ამათი ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში 300 ათასამდე პრობაციონერი და 25 ათასამდე პატიმარია. სინამდვილეში, ალბათ – გაცილებით მეტიც.
ითრგუნება და იდევნება ნებისმიერი სოციალური ჯგუფი, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევის მცირედი პოტენციალი მაინც აქვს. პოსტსაბჭოთა საზოგადოება უამათოდაც, ისედაც დეპრივირებულია, დათრგუნულია და თვითორგანიზების უნარი დაქვეითებული აქვს; სადაც ეს უნარი ოდნავ მაინც ფეთქავს, დაუყოვნებლივ ხდება რეპრესიული, ქირურგიული ჩარევა; ღმერთმა არ ქნას, რომელიმე სოციალურ ჯგუფს საკუთარი ინტერესები გაუჩნდეს და მზის ქვეშ დამოუკიდებელი ადგილის მოიპოვებაზე იფიქროს: ეს სურვილი ჩანასახშივე ისპობა; ამით აიხსნება მეტ–ნაკლებად ორგანიზებული, სოციალური თვითშეგნების მქონე პროფესიული ჯგუფების განსაკუთრებული შევიწროვება. მაგალითად – მეცნიერების, პედაგოგების, ექიმებისა და სხვათა მუდმივი რეპრესიული წნეხის ქვეშ მოქცევა: დამოუკიდებელი სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების მიზანმიმართული ნგრევა, მანდატურების აგენტურის დანერგვა სკოლებში და ა.შ. ეს სწორედ ტოტალური დევნა–შევიწროვების პოლიტიკის თვალსაჩინო გამოხატულებაა.
ბუნებრივია, დევნა–შევიწროვება განსაკუთრებული ინტენსივობითა და „გულმოდგინებით“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დასათრგუნად ხორციელდება. პოლიტიკურ და არა მარტო პოლიტიკურ, არენაზე ისინი თავიდანვე ამ პრინციპით მოქმედებენ: „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“.
ამას წინათ, ვანო მერაბიშვილმა, ამ გაპრემიერებულმა ხერხემალმა, პირდაპირ განაცხადა: „უნდა მოსიპოს ის კლასი, ვისაც წარსულში დაბრუნება სურს“. მართალია, „წარსულში“ მან შევარდნაძის კორუფციული სისტემა იგულისხმა, თუმცა იმ ავადმოსაგონ წარსულს, აწმყოსაგან განსხვავებით პოლიტიკური პლურალიზმისთვის ომი არ გამოუცხადებია; იმ წარსულში კლასების მოსპობით საზოგადოებას არავინ დამუქრებია.
თუ იმ წარსულში ეს ავაზაკნი უბრალოდ იპარავდნენ, ახლა პირდაპირ ძალადობასა და ყაჩაღობაზე არიან გადასულნი; ვინც ამ ყაჩაღობაში არ მონაწილეობს, ან ვინც თავისთვის არ არის და წინააღმდეგობას სწევს, სახელმწიფოს მტრად, რუსეთის აგენტად, მოსასპობ კლასადაც კი ცხადდება. ოპოზიციონერობა, სხვა პარტიის წევრობა, თუ ეს პარტია ამათთან შეკრული არ არის, სასტიკად დასჯადია.
ივანიშვილის გამოჩენამდე უკიდურესად შევიწროვდა სივრცე, სადაც ოპოზიციურ პარტიას მოქმედება შეეძლო. ყველაფერი კეთდებოდა ასეთი პარტიების დევნა–შევიწროვებისათვის. მათთვის ყველა საარსებო წყარო დაიხშო, მხოლოდ ორი გზა იყო დატოვებული: ან ავაზაკებთან შეკვრა, მათგან ნაწყალობევით უბადრუკი არსებობის გახანგრძლივება, ანაც ქუჩაში გასვლა გავეშებული ზონდერების პირისპირ, უთანასწორო შეტაკება და ავაზაკთა ძლევამოსილების სადემონსტრაციოდ უაზრო მსხვერპლშეწირვა.
ივანიშვილის გამოჩენის შემდგომ პოლიტიკური დევნა აღარც ინიღბება. დრაკონულ კანონში ფაქტიურად პირდაპირ ჩაწერეს, რომ არცერთ პარტიას საარსებო სახსრების მოპოვება კანონიერად არ შეუძლია; ამ ე.წ. კანონმა, სინამდვილეში – თავხედურმა უკანონობამ, პოლიტიკური დევნისა და ფინანსური ტერორის უპრეცენდენტო ტალღა გამოიწვია; მსოფლიო პრაქტიკას არ ახსოვს ამ მასშტაბის ჯარიმები, რაც ცხადია, პოლიტიკაში ფინანსების გამჭვირვალობის მიზნით კი არა, არამედ ოპონენტის გასაჩანაგებლად, მისთვის ხელ–ფეხის შესაკრავად და საბოლოოდ, მათ მოსასპობად კეთდება.
ასეთი აშკარა, თავხედური უსამართლობაც, დაუფარავი ფინანსური ტერორი, პირწავარდნილი ყაჩაღობაც გაუვიდათ და, ჯერჯერობით, გასდით კიდეც, რადგან დევნილი ქართველობა არა მხოლოდ დათრგუნულია, არამედ გაბრუებულიც არის ყოვლისმომცველი სიყალბისაგან.
ცხადი ავაზაკობა სიცრუით, ყალბისქმნით, საზოგადოების ტოტალური მოტყუებით ინიღბება და მართლდება.
5–ის მეოთხე ნიშანი: ყალბისქმნა
სიცრუე და ყალბისქმნა ავაზაკთა მთელ საქმიანობას წითელ ზოლად გასდევს. ყალბია მათი გაცხადებული მიზნები და დაპირებები, ყალბისქმნით პარპაშებენ და მძლავრობენ, ჩადენილი ავკაცობის კვალსაც სიცრუით შლიან, მეტიც – აშკარა სიავეს სიკეთედ ასაღებენ.
საზოგადოების „დაბოლება“ შევარდნამდე დაიწყეს: „რევოლუციის“, სინამდვილეში კი – შეთქმულების, მოსამზადებლად და მოსაწყობად, ამ შევარდნის – ძალაუფლების ავაზაკური მიტაცების გასამართლებლად, ცრუ ლეგიტიმურობის მოსაპოვებლად, შექმნეს პროპაგანდის ეფექტური მანქანა – „რუსთავი–2“; წარმატებული შეთქმულების შემდგომ მას ცინიკურად „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ უწოდეს და მოგვიანებით, მის ყაიდაზე, აგრესიული პროპაგნდის სტილში მოაწყეს მონოპოლიზებული ელექტრონული მას–მედია.
სიყალბის გასაბატონებლად შეუბრალებლად დევნიან თავისუფალ სიტყვას. თავიდანვე დახურეს რამდენიმე დამოუკიდებელი ტელევიზია, ხოლო მოგვიანებით, სასტიკად დაარბიეს და ბოლოს მიიტაცეს მთავარი კონკურენტი – „იმედი“.
„კავკასია“ და „მაესტრო“ არ მოსპეს, შეავიწროვეს და „თავისუფლების კუნძულზე“, ანუ რეზერვაციაში განდევნეს. მასობრივი პროპაგანდის ოკეანეში ეს „თავისუფლების კუნძულებზე“ ობლად შეყუჟული ტელევიზიები, ისევე როგორც თავისუფალი ბეჭდური მედია, ამინდს ვერ ცვლიდნენ. სამაგიეროდ მათი ხმა ყველაფრის წამლეკი სიცრუის ნაკადში კონტრაპუნქტად აღიქმებოდა და მხოლოდ ავსებდა ტვინების გამორეცხვისათვის შექმნილ „დიად ჰარმონიას“.
საბოლოო ჯამში, ივანიშვილის გამოჩენამდე, შექმნეს ისეთი მედია გარემო, სადაც კონკურენცია საერთოდ აღარ არსებობდა; „რუსთავი ყველას“ – სიცრუის პირწავარდნილ პროპაგანდას აბსოლუტურად გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა, მისი პროდუქციით მთლიანად გაჯერებული, უფრო სწორედ – წალეკილი იყო მონოპოლიზებული ბაზარი; ხოლო დევნილ, დათრგუნულ თავისუფალ სიტყვას „რეზერვაციაში შერეკილის“, უკაცრიელ კუნძულზე, თუნდაც იგი „თავისუფლების კუნძული“ ყოფილიყო, გარიყულის, მარგინალის დამამცირებელი სტატუსი ხვდა წილად.
მათ მიაღწიეს, რომ დათრგულ საზოგადოებაში სიმართლის მასიური მოთხოვნილება გაქრა; სიმართლე „მოდიდან გადავიდა“; ამ სიმართლეს მხოლოდ ექსცენტრული ადამიანები –„კავკასიის“, „მაესტროს“ და ღატაკი ბეჭდური მედიის ჟურნალისტები, მათი ექსპერტები, ანდა მარგინალიზებული, დისიდენტობამდე დასული, გაკოტრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აწარმოებდნენ და თავადვე მოიხმარდნენ.
არაკონკურენტულ, მონოპოლიზებულ მედია–ბაზარზე მხოლოდ მიწოდება განსაზღვრავს მოთხოვნასაც და ფასსაც, ამიტომაც მთელი საზოგადოება იოლად აქციეს სიცრუის მომხმარებლებად.
სინამდვილეში ამ სიცრუისა არავის სჯერა, მაგრამ იგი თავის ბოროტ საქმეს მშვენივრად აკეთებს: ტოტალურ ყალბისქმნაში საზოგადოება სწავლობს სიცრუის ენაზე საჯარო მეტყველებას და საჯაროდ ასევე ყალბ ნიშანს იძლევა, რომ სჯერა ამათი სისულელისა. სიმართლის ენა მხოლოდ დახურულ და არა ღია საჯარო სივრცეში – სამზარეულოში, მეგობართა ბაასში და განდობილთა ჩურჩულში გამოიყენება;
როგორც „დალოცვილ“, კომუნისტების ეპოქაში – ვამბობთ ერთს, ვგულისხმობთ მეორეს და ყველანი ხმას ვაძლევთ, რომ მერე სულ სხვა ვაკეთოთ.
მათაც მეტი რა უნდათ – „ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო“ და არხეინადაც არიან ქვევრის თავზე წამოსკუპებულები.
ისინი ჩვენგან სიცრუის დაჯერებას სულაც არ ელიან. ბოლშევიკებისაგან განსხვავებით, არც აინტერესებთ – ვის რა სჯერა, ბოდიში და ეს სულ ფეხებზე ჰკიდიათ. მათ სურთ, რომ მუდმივად იბატონონ ჩვენზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მივიღოთ მათი ცრუ სიტყვა, ცრუ მოქმედება და თავადაც მონაწილენი გავხდეთ მათი ყალბისმქმენელობისა.
მათ ჩვენგან სიცრუის უსიტყვოდ აღიარება სურთ და ეს უარესია, ვიდრე მოტყუება.
უნდათ, რომ ვაღიაროთ ამათგან ჩადენილი ყველა ბოროტება სიკეთედ და გავაფეტიშოთ სიცრუე: უნდათ, ყოველთვის კვერი დაუკრათ და ხმა მივცეთ, რომ:
– მხოლოდ „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ ამბობს სიმართლეს;
– საქართველოს ისტორია „ვარდების რევოლუციით“ იწყება;
– „მიშა მაგარია“;
– რუსეთთან ბოლომდე ვომობთ და ვიმარჯვებთ;
– აღარ იპარავენ და ხალხზე ზრუნავენ;
– „დემოკრატიის შუქურა“ ანთია;
– უნდა ვუთხრათ „მადლობა პატრულს“;
– ავშენდით და დავმშვენდით;
– დენი ნაგავზეა და ნაგავი დენზე;
– ოპოზიცია ბნელი წარსულისაკენ გვექაჩება და ჩვენ ამას არ დაუშვებთ;
– ივანიშვილი პუტინის კაცია და „ოცნება“ რუსული ბოროტებაა;
– უნივერსიტეტს „ეშმაკის ბორბალი“ უხდება, სიონს – კაზინო „შანგრილა“ , მეტეხს – „ბუდა ბარი“;
– უმუშევრობასაც კორუფციასავით დავძლევთ, დავსაქმდებით და მალე გავმდიდრდებით;
– მეტი და მეტი სარგებელი გვექნება;
– მეტი სარგებლისათვის ამათ უნდა მივცეთ და სულ ვაძლიოთ; და ა.შ. დაუსრულებლად...
ყალბისქმნაში ჩვენი თანამონაწილეობა და სიყალბის აღიარება, სიცრუის მონებაა ამათი ძალაუფლების საფუძველთა საფუძველი. ხოლო არჩევნების გაყალბება კი ამათი ძალაუფლების ცრუ გვირგვინი. ეს გვირგვინი სურთ რომ ჩვენვე ვაკურთხოთ და დავადგათ, რადგან შეუძლებელია არჩევნების გაყალბება ჩვენივე მონაწილეობის გარეშე.
სიცრუეზე უარი, ამათი ტყუილის მიუღებლობა ბოლოს მოუღებს მათ ძალაუფლებასაც. თუ მათგან შექმნილი ილუზია გაიფანტება, გაქრება ჩოყლაყიცა და მისი საჩოყლაყოც, როგორც ბოროტი მოჩვენება.
თუ არა, თუ ისევ გაყალბების ტყვეობაში დავრჩით, ბოლომდე ვიწვნევთ, რომ ჭეშმარიტად ნათქვამია: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“ თუ სიცრუე საბოლოოდ გამეფდა, მისგან მოტანილი ვნება: ხორციელი და სულიერი ნგრევა, გავერანება – სრული პარტახი, არ აგვცდება.
სწორედ პარტახი არის ავაზაკთა მიერ მოტანილი ბოროტების მეხუთე, ბოლო ნიშანი.
(დასასრული იქნება)