თიბისი ბანკისა და თიბისი არტ გალერეის მხარდაჭერით, იტალიაში, პიზის პროვინცია კალჩინაიაში, უპიცინგის კოშკში, საერთაშორისო არტ-პროექტის -Vico Vitri Arte ფარგლებში, მულტიმედია არტპროექტის „ჩემი სახლი“ პრეზენტაცია შედგა.
პროექტი სპეციალურად უპიცინგის კოშკში გამოსაფენად შეიქმნა და აერთიანებს 6 თანამედროვე, ქართველი მხატვრის ნამუშევრებს. ექსპოზიციაზე მამია მალაზონიას, ირაკლი სუთიძის, მარიამ იზორიას, ალექსანდრე მიქაძის, გუგა კოტეტიშვილისა და ლევან დადიანის ნამუშევრებია წარმოდგენილი.
ნამუშევრები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ - თითოეული მათგანი ქართული კულტურის, მენტალიტეტის და „ჩვენი სახლის“ ჩვენების მცდელობაა.
„ჩემი სახლის“ ფარგლებში რამდენიმე უცხოელი ავტორის მიერ ხევსურეთსა და სვანეთში შექმნილი პროექტებიც გამოიფინა. „ჩემი სახლის“ ავტორი ხელოვნებათმცოდნე, თიბისი არტ გალერეის დირექტორი, ქეთევან კორძახიაა.
პროექტის დასახელება - ”ჩემი სახლი” შემთხვევითი არ არის, რადგან მისი კონცეფცია მთლიანად ქვეყნის, მისი იდენტობისა და კულტურის დემონსტრირებაა. გამოფენა საერთაშორისო დამთვალიერებლისათვის იმ ღირებულებათა გაზიარებას გულისხმობს, რითიც საუკუნეების მანძილზე არსებობს და ვითარდება ქართული კულტურა.
იტალიაში საერთაშორისო არტ-პროექტი -Vico Vitri Arte უკვე 14 წელია ტარდება და მასში მთელი წლის განმავლობაში იტალიელ მხატვრებთან ერთად მონაწილეობას უცხოელი არტისტები იღებენ. ყოველწლიური Vico Vitri Arte საშობაოდ, დიდი სადღესასწაულო ღონისძიებით გვირგვინდება, წელს სწორედ ამ საზეიმო დახურვაზეა ქართული პროექტი საგანგებოდ მიწვეული.
„ჩემი სახლი“ იტალიელ დამთვალიერებელს 26 დეკემბრამდე ელოდება.