კახა კახიშვილმა სტამბოლში ქართველი მსჯავრდებულები მოინახულა

კახა კახიშვილმა სტამბოლში ქართველი მსჯავრდებულები მოინახულა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი  სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, სტამბოლის №3 L ტიპის დახურულ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვია და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს შეხვდა.

მინისტრმა რამდენიმე ქართველი პატიმარი უშუალოდ საკანში მოინახულა და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს ადგილზე გაეცნო. ამასთან, პირადად მათგან მოისმინა ის საჭიროებები და პრობლემები, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების წინაშე დგას.

კახა კახიშვილის განცხადებით, დაწესებულებაში სტუმრობის მიზანი სწორედ საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულების საჭიროებების შესწავლა და მათ მიერ დასმული საკითხების მოგვარებაა. ქართველი პატიმრების თხოვნა ძირითადად მათი პირადი დოკუმენტაციის მოწესრიგებას, რამდენიმე ქართულ სატელევიზიო არხზე ხელმისაწვდომობას, ასევე, ქართული ლიტერატურით უზრუნველყოფას და მათთვის აქტუალურ სხვა საკითხებს ეხებოდა. მინისტრს  ქართველმა მსჯავრდებულებმა მათ მიერ მოწყობილი სპეციალური სალოცავი კუთხეც დაათვალიერებინეს.

როგორც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა აღნიშნა, ჩამოთვლილი საკითხების ნაწილი უკვე მოგვარებულია, დანარჩენის  გადასაჭრელად კი, კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა. მაგალითად, ქართული და თურქული შესაბამისი უწყებების თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულ მხარეს საშუალება მიეცემა თურქეთის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკას ქართული ლიტერატურა,  მათ შორის რელიგიური ხასიათის ლიტერატურა მიაწოდოს. ამასთან, შესაძლებელი იქნება რელიგიურ და სხვა დღესასწაულებზე დაწესებულებებში ქართველი მსჯავრდებულებისთვის შეგზავნილ იქნეს შესაბამისი სადღესასწაულო კერძები.

კახა კახიშვილმა აღნიშნული საკითხების მოგვარების ტექნიკური დეტალები სტამბოლის №3 L ტიპის დახურულ სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელთან და სტამბოლის ოლქის პროკურორთან შეხვედრაზე განიხილა. სტამბოლის აღნიშნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 120-მდე ქართველი მსჯავრდებული/ბრალდებული იმყოფება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია  მინისტრის კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. უკვე შედგა შეხვედრა თურქეთის იუსტიციის მინისტრთან ბექირ ბოზდაღთან და  სასჯელაღსრულებისა და საპატიმროების გენერალურ დირექტორთან  ენის იავუზ ილდირიმთან. სწორედ აღნიშნულ შეხვედრებზე დააყენა  კახა კახიშვილმა თურქეთის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა პირობების გაუმჯობესების საკითხები.