საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, ანკარაში თურქეთის სასჯელაღსრულებისა და საპატიმროების გენერალურ დირექტორს ენის იავუზ ილდირიმს შეხვდა. შეხვედრაზე თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთათვის პირობების გაუმჯობესების ტექნიკურ დეტალებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე იმ პრობლემების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს ექმნებათ და მათი აღმოფხვრის გზები განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი თურქეთის ციხეებში მყოფი ქართველი მსჯავრდებულების შეძლებისდაგვარად ერთ დაწესებულებაში განთავსება და რელიგიურ თუ სხვა დღესასწაულებზე მათი შესაბამისი კერძებით უზრუნველყოფა იყო. გადაწყდა, რომ უშუალოდ მსჯავრდებულთა თანხმობის შემთხვევაში, მათ ერთ დაწესებულებაში განათავსებენ. ამასთან, ქართულ მხარეს საშუალება მიეცემა დღესასწაულებზე საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთათვის დაწესებულებაში ქართული კერძები შეგზავნოს, ასევე, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკას ქართული ლიტერატურა მიაწოდოს.
შეხვედრაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთათვის საჩივრების მომზადების და განხილვის პროცესში ენობრივი ბარიერის აღმოფხვრის პრობლემაზეც ისაუბრა და განხილულ იქნა ყველა ის ხარვეზი, რომელიც ამ მიმართულებით გამოიკვეთა.
თურქეთის 36 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს 274 მოქალაქე იმყოფება. მათთვის პირობების გაუმჯობესების საკითხი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თურქეთის იუსტიციის მინისტრთან ბექირ ბოზდაღთან შეხვედრაზე დააყენა, რომელმაც ამ საკითხების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა დელეგაციასთან ერთად, თურქეთის სასჯელაღსრულებისა და საპატიმროების გენერალურ დირექტორთან შეხვედრის ფარგლებში მონიტორინგის ცენტრიც დაათვალიერა. კახა კახიშვილი დღეს სტამბოლში N3 L ტიპის დახურულ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვევა, იქ მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს პირადად შეხვდება და მათი საჭიროებების შესახებ მოისმენს ინფორმაციას.