პეკინის გამზირზე მდებარე სასტუმრო „ია“-ს მეპატრონეს, ინდმეწარმე „იაკობ ბარამიძე“-ს ერთი თვის მანძილზე წყლის უკანონო მოხმარებისთვის, დამატებით 3 079 ლარი დაერიცხა, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „კერიის“ მეპატრონეს - 4 619 ლარი, ხოლო სანაპიროს ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაო, რომელიც შპს „გუდ თაირს“-ს ეკუთვნის, ერთი თვის განმავლობაში 1 454 ლარის ღირებულების წყალს აღურიცხავად მოიხმარდა. სამივე ობიეტი წყლის დატაცებას უკანონო ხაზების მეშვეობით ახერხებდა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტი იმ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროვებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარდნენ. მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის მობილურმა ჯგუფებმა, მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის შედეგად, წყლის დატაცების 100-მდე შემთხვევა გამოავლინეს. უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური 142 000 ლარს შეადგენს. ყველა დარღვევასთან დაკავშირებით, სემეკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, შედგა სათანადო ინდივიდუალური აქტი და მოხდა დატაცებული წყლის ოდენობის დაანგარიშება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად, ისევ განაგრძობს აქტიურ ქმედებებს, რადგან წყლის უკანონო მოხმარება სერიოზულ მატერიალურ ზარალს აყენებს კომპანიას და ზრდის მის კომერციულ დანაკარგებს. ამავდროულად, კომპანია თანამშრომლობას სთავაზობს ყველა იმ ობიექტის მეპატრონეს, რომელიც სასმელ წყალს აქამდე უკანონოდ მოიხმარს. აღიარების შემთხვევაში, ისინი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, კომერციული ობიექტების მეპატრონეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ GWP-ის ცხელ ხაზს - 293 11 11 ან მიმართონ კომპანიის სათავო ოფისს (მისამართი: მ. კოსტავას I შესახვევი, 33, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ). „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.