„გლობალური ალიანსის“ ძირითადი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს

„გლობალური ალიანსის“ ძირითადი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს

„ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ხარჯთეფექტური უნდა გავხადოთ“

19-22 ნოემბერს, ჯანდაცვის სამინისტრომ ,,გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბერნარდ კუშნერს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში  საკონსულტაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს წევრებს შორის დახურული შეხვედრაც გაიმართა, სადაც უწყების წევრებმა მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე რეკომენდაციები მოისმინეს.

ბერნარდ კუშნერის ვიზიტისა და საბჭოს შეხვედრის დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია გვესაუბრა:

  • მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანია ,,გლობალურ ალიანსთან“ ხელშეკრულება  რამდენიმე თვის წინ გაფორმდა.  მათ ჰქონდათ გარვეული ვალდებულება, მათ შორის, ოქტომბრის ბოლოს შუალედური დოკუმენტები ჩაებარებინათ იმ მიმართულებით, რომელზეც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობდით. მათ საყოველთაო ჯანდაცვისათვის წარმოადგინეს ორი კანონპროექტი და გადახდების დი არ ჯი სისტემა, რომლებიც   ძირითადად ფარმაციას ეხება. ჩვენ მოგვეცა რვა დღიანი ვადა იმისთვის, რომ გავეცნოთ დოკუმენტაციას და დავამტკიცოთ აღნიშნული  შუალედური დოკუმენტი. რაც შეეხება თავად ბერნარდ კუშნერის ვიზიტს, წარმატებულად ჩაიარა, მოგეხსენებათ ბატონი კუშნერი სერიოზული ფიგურაა არამხოლოდ მსოფლიო პოლიტიკაში, არამედ   მსოფლიო ჯანდაცვის სისტემაში. მას   სხვადასხვა მთავრობის დროს  საფრანგეთში ჯანდაცვის მინისტრის პოსტი სამჯერ ეკავა, რაც ნამდვილად უპრეცენდენტო შემთხვევაა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მან შექმნა ორგანიზაცია ,,ექიმები საზღვრებს გარეთ“, რომლებიც  ყველა ცხელ წერტილში ყველაზე პირველები შედიან. ებოლას ვირუსის გავრცელების დროს, სწორედ ,,ექიმები საზღვრებს გარეთ“ შევიდა პირველი რეგიონში და მათ  შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ყველა დანარჩენი. ჩვენთანაც ძალიან სერიოზულად მუშაობენ, განსაკუთრებით ტუბერკულოზის მიმართულებით. მათ ბევრი დახმარება გაგვიწიეს და მომავალშიც გააგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას.

 

  • ბერნარდ კუშნერმა ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი რჩევა და რეკომენდაცია მისცა. რას გამოყოფდით ყველაზე მნიშვნელოვან მესიჯად?

 

  • ბერნარდ კუშნერმა ძალიან კარგი და მკაფიო მესიჯები დაგვიტოვა, რაც ერთგვარი სამოქმედო გეგმასავით ჩავინიშნეთ. ერთ–ერთი უმთავრესი მესიჯი ის გახლავთ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი დონის კონსულტანტიც კი ვერ გიშველის, თუ თავად არ დავიწყეთ საქმის კეთება ქვეყანაში. რეკომენდაციები, რომლებსაც ექსპერტები გვაძლევენ არ არის ჩვენთვის სავალდებულო შესასრულებელი, რადგან ამ ჯგუფს საკონსულტაციო ჯგუფი ჰქვია და არა დირექტორები, ის რეკომენდაციები და რჩევები არის ჩვენთვის გასათვალისწინებელი.  ძალიან სერიოზული რეკომენდაციები მოგვცეს ფარმაციის კანონთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით ამაზე არაფერს ვიტყვი, რადგან მას დახვეწა და ბევრი შრომა სჭირდება. მას გადავცემთ ფარმაცევტულ ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ჯგუფს. მივიღებთ მათ მოსაზრებებს და შემდეგ ერთ დიდ შეხვედრასაც დავგეგმავთ ამასთან დაკავშირებით. როდესაც დავიწყეთ მუშაობა, მაშინაც გვქონდა შეხვედრა და ყველას ვთხოვეთ, რომ ჩართულიყვნენ პროცესში. მზად ვართ მივიღოთ მოსაზრებები, ჩასწორებები და ა.შ.

 

  • ამჟამად ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე. ამ მიმართულებით რა რეკომენდაციები მიიღეთ ალიანსის წევრებისგან? რამდენად სწორი გზით მიდის ქართული ჯანდაცვის სისტემა?

 

  • ჩვენ სულ ვამბობთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა უნიკალური პროექტია, მაგრამ ვაცნობიერებთ და რეკომენდაციების სახითაც სწორედ ეს მესიჯები მივიღეთ, რომ ის უნდა გავხადოთ ხარჯთეფექტური. ,,გლობალური ალიანსის“ მრჩეველთა ჯგუფის ნამუშევარი ვფიქრობ, მოგვცემს ამის საშუალებას, რომ ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა გავხადოთ ხარჯთეფექტური. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოპონენტებისგან გვესმის  კრიტიკა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ყველა ადამიანს ერთნაირ სერვისებზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს და უნდა არსებობდეს დიფერენცირებული ჯგუფები. მაგრამ რადგან  პროგრამას ჰქვია საყოველთაო, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ის ყველასთვის არის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ვინმეს უკრძალავს კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვევას. მაგალითად, პირადად მე ვიდრე  გავხდებოდი მინისტრის მოადგილე  დაზღვეული ვიყავი კერძო სადაზღვევო კომპანიაში და გავაგრძელე კიდეც. მცირე თანხა დავუზოგე სახელმწიფოს. აქ ძალიან ძნელია ზღვარის გავლება. არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ უმწეოს სტატუსი, მაგრამ მაგალითად, კარდიოქირურგიული ოპერაციის გაკეთება ძალიან გაუჭირდება, რაც 15 ათასი ლარი ღირს. საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანების მხოლოდ 1 პროცენტს გააჩნია მსგავსი ფინანსური შესაძლებლობები, ეს ყველაფერი არის პირდაპირი ინვესტიცია. ექიმებს რომ ვუზრდით ხელფასებს, ისინი იხდიან გადასახადებს, აშენდა ძალიან ბევრი კლინიკა, შევიძინეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები – ეს ყველაფერი არის პირდაპირი ინვესტიცია ეკონომიკაში.

ჩვენ ვხარჯავთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2.1 პროცენტს ჯანდაცვაზე მაშინ, როცა ყველა ცივილიზებული ქვეყანა ხარჯავს 6–დან  7 პროცენტამდე.

 

  • რადგან პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სამინისტროს  ერთ–ერთი მთავარ ნაბიჯად მიიჩნევა, გვითხარით კერძოდ რა სიახლეები  იგეგმება ამ მიმართულებით?

 

  • პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე ვმუშაობთ სერიოზულად. დაახლოებით 15 დღეში უკვე ადგილები გვეცოდინება, თუ სად გვჭირდება პირველადი ჯანდაცვის ობიექტები. პირველადი ჯანდაცვის ამუშავება მოგვცემს საშუალებას, რომ ხარჯები კიდევ უფრო შევამციროთ.  დღეს სისხლის საერთო ანალიზის ასაღებადაც კი ხშირად სტაციონარში მიდის მოქალაქე, სადაც მომსახურების საფასური საკმაოდ მაღალია. პირველადი ჯანდაცვის ობიექტში მომსახურება გაცილებით იაფი იქნება. მაგალითისთვი,  რომ გითხრათ, ინგლისში ჯანდაცვის სისტემა უმეტესად ფოკუსირებულია პირველად ჯანდაცვაზე. ეს შემთხვევით არ ხდება. პირველადი ჯანდაცვა ზოგადად ჯანდაცვის მყარი საძირკველია.

 

  • ვიქნებით ორიენტირებულები პირველად ჯანდაცვაზე. ჩვენი სურვილია, რომ რეგიონებში გვქონდეს მეორე დონის სტაციონარები. ზუგდიდში უკვე ვაშენებთ ამ ტიპის კლინიკას, ასევე აშენდება ქუთაისში. თბილისში სამი დიდი საავადმყოფო– ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური მალე ტენდერის შედეგად გამოვლენილი კომპანიის მიერ რეკონსტრუქტირებული და განახლებული იქნება. თბილისში ძირითადად მძიმე პაციენტები მოხვდებიან, დანარჩენების მკურნალობა კი ადგილზე მოხერხდება. ეს სერიოზულად დაგვიზოგავს თანხებს. ეს გახლავთ ნაწილი იმ ყველაფრისა, რაზეც ვმუშაობთ და, რა თქმა უნდა, ბატონი ბერნარდ კუშნერი ამ ყველაფერში გვეხმარება და გვიწევს აქტიურ კონსულტაციებს. მასთან მუდმივ რეჟიმში გვაქვს მიმოწერა და ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ის მზად არის კომპეტენტური პასუხისათვის.

 

  • პირველი რგოლის გამართულად მუშაობა კვალიფიციური კადრების გარეშე წარმოუდგენელია. იგეგმება თუ არა მედპერსონალის გადამზადება?

 

  • ჩვენ გავხსენით ძალიან კარგი სიმულაციის ცენტრი აღმაშენებლის ხეივანში, სადაც არის იმის საშუალება, რომ კადრები გადავამზადოთ. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ერთ–ერთი ძირითადი ნაწილი არის სწორედ კადრების გადამზადება.