პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის განვითარების 2014-2017 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას ევროპის საბჭოს კონსულტანტთა ჯგუფი აფასებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აღნიშნულ ჯგუფთან, რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი იორგ პონტი ხელმძღვანელობს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტები და დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებმა დეტალურად უპასუხეს ევროპის საბჭოს კონსულტანტთა შეკითხვებს.
თამარ ხულორდავამ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს ვიზიტი და ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოს მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დაგვეხმარება, რომ მყარი ნაბიჯებით წავიდეთ წინ და კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მივაღწიოთ“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ციხის ჯანდაცვის სფეროში ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ვენის უნივერსიტეტის დოქტორმა იორგ პონტმა პენიტენციურ სისტემაში ბოლო პერიოდში გატარებულ ცვლილებებს კიდევ ერთხელ უწოდა შთამბეჭდავი და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრა ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის დაწესებულებებში“ ფარგლებში ჩატარდა, რომლის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.