N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში Voice-ის კონცერტი გაიმართა

N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში Voice-ის კონცერტი გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ტელეკომპანია „იმედის“ ორგანიზებით, N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში პროექტ Voice-საქართველოს  (ახალი ხმა) კონცერტი გაიმართა.

პროექტის მწვრთნელები ანრი ჯოხაძე და ნოდიკო ტატიშვილი მაყურებლის წინაშე „ახალი ხმის“ ლაივ-შოუს 24 მონაწილესთან ერთად წარსდგნენ. მომღერლებს შორის მსჯავრდებული თეონა ყოლბაიაც იყო, რომელიც პროექტში წარმატებით მონაწილეობს. ღონისძიებას „ახალი ხმის“ წამყვანები დუტა სხირტლაძე და ეკა ამირეჯიბი უძღვებოდნენ.  კონცერტის დასასრულს კი, არტთერაპიის ფარგლებში შესწავლილი მუსიკალური ნომრები მსჯავრდებულებმაც შეასრულეს.

კონცერტს მსჯავრდებულებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი და მოლდოვის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია დაესწრო. 

ღონისძიებაზე შეკრებილებს თამარ ხულორდავა და მოლდოვის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ედუარდ სერბენკო მიესალმნენ და პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმიტომ,  რომ მსჯავრდებულებს დაენახათ რამხელა მხარდაჭერა აქვთ საზოგადოების მხრიდან, არამედ იმის გამოც, რომ საშუალება მიეცათ თავიანთი შემოქმედება და ნიჭი წარმოაჩინონ.  რესოციალიზაციის კუთხით მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რესოციალიზაცია ერთი კონკრეტული ქმედება ან აქტივობა არ არის, ეს არის პროცესი. ამ ადამიანებს უნდა აჩვენო, რომ მათში არის დადებითი პოტენციალი და დღევანდელი დღე ამის კარგი მაგალითი იყო“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად მიხანაშვილმა კონცერტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და მსჯავრდებულ თეონა ყოლბაიას წარმატება და პროექტში გამარჯვება უსურვა.

მოლდოვის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, კონცერტი ნათელი გამოხატულებაა იმისა, თუ რამდენად შედეგიანად მუშაობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

„მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს ხელმძღვანელობას, დაწესებულების დირექტორს, რომ ამ საოცრად კარგ კონცერტზე დასწრების საშუალება მოგვცეს. ამ ყველაფრით კარგად ჩანს, თუ როგორ მუშაობს უწყება, რამდენად აქტიურად არის ჩართული დაწესებულებების ყოველდღიურობაში და შედეგიც სახეზეა“, - განაცხადა ედუარდ სერბენკომ.

მოლდოვის დელეგაციამ, რომელიც საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება, N5 პენიტენციური დაწესებულებაც დაათვალიერა.