მოლდოვის დელეგაციამ  არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულება დაათვალიერა

მოლდოვის დელეგაციამ არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულება დაათვალიერა

მოლდოვის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას ეწვია. დელეგაციის წევრებმა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად მიხანაშვილთან ერთად დაწესებულების ინფრასრუქტურა დაათვალიერეს, მათ შორის გრძელვადიანი პაემნების ოთახი, სპორტული დარბაზი, საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, მაღაზია და ეკლესია.

პენიტენციური დეპარტამენტის  ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით მოლდოვის დელეგაციას განხორციელებული რეფორმების თაობაზე გამოცდილება გაუზიარეს. „ჩვენმა სტუმრებმა არასრულწლოვანთა  სარეაბილიტაციო დაწესებულება დაათვალიერეს და მოხიბლულები არიან არსებული ინფრასტრუქტურით. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სხვა პენიტენციურ დაწესებულებებსაც დაათვალიერებენ.“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

მოლდოვის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ედუარდ სერბენკოს განცხადებით მას არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პირობები ძალიან მოეწონა. „ვფიქრობ არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის შესანიშნავი პირობებია შექმნილი. მოგვეწონა საკლასო ოთახები, სადაც ახალგაზრდები განათლებას იღებენ. შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს მთელი დღის განმავლობაში ტერიტორიაზე სეირნობის საშუალება აქვთ, ასევე დაკავებულები არიან სპორტით. სასიამოვნოა, რომ მშობლებს გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობის საშუალება აქვთ. ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმაც, რომ 100 გათვისუფლებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულიდან, მხოლოდ 12 შემთხვევაში მოხდა რეციდივი, ეს კარგი მაჩვენებელია. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა ამ დაწესებულებიდან ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, რაც აქაური სასწავლო პროგრამების ეფექტურობაზე მეტყველებს.“-განაცხადა ედუარდ სერბენკომ.